შინაარსზე გადასვლა

ბასილი (ტრაპიზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.
ბასილი დიდი კომნენოსი
Βασίλειος Μέγας Κομνηνός
ტრაპიზონის მე-12 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1332
მმართ. დასასრული: 1340
წინამორბედი: მანუელ II
მემკვიდრე: ირინა
გარდ. თარიღი: 6 აპრილი, 1340
შვილები: ალექსი III
დინასტია: კომნენოსები
მამა: ალექსი II
დედა: ჯიაჯაყ ჯაყელი

ბასილი დიდი კომნენოსი (ბერძ. Βασίλειος Μέγας Κομνηνός; გ. 6 აპრილი, 1340) — ტრაპიზონის იმპერატორი 1332-1340 წლებში. იმპერატორ ალექსი II-ისა და ჯიაჯაყ ჯაყელის უმცროსი შვილი.

1330 წელს, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ ანდრონიკე III-მ დაიკავა ტახტი და მოკლა თავისი ორი ძმა მიხეილი და გიორგი, ბასილი იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში გაქცეულიყო. ანდრონიკეს გარდაცვალების შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის მანუელ II-ის მმართველობისას, ტრაპიზონის პრობიზანტიურმა პარტიამ 1332 წლის აგვისტოში კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია ბასილი და ტახტზე აიყვანა. მანუელ II ბერად აღკვეცეს და მონასტერში გამოკეტეს. თავისი მმართველობა ბასილმა დაიწყო იმ ქართველების რეპრესიით, რომელთაც ტრაპიზონის იმპერიაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. ტახტზე ასვლიდან ექვს თვეში მის წინააღმდეგ მანუელ II-ის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყო. აჯანყება ჩაახშეს და 21 თებერვალს, სავარაუდოდ ბასილის ბრძანებით იოანე ევნუხმა მოკლა მანუელი.

მმართველობის პირველ წელსვე მოუწია შეიხ-ჰასანის შემოტევის მოგერიება. ბრძოლა მინთრიონის გორასთან გაიმართა და თავდასხმა მოგერიებულ იქნა. ბასილის მმართველობა მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა. უკმაყოფილება ისეთი დიდი იყო, რომ 1333 წლის 2 მარტს, მზის დაბნელების დროს მოსახლეობამ ქვები დაუშინა, ბასილი იძულებული გახდა დამალულიყო.

1335 წელს ბასილი დაუმოყვრდა ბიზანტიის საიმპერატორო კარს და ცოლად შეირთო ანდრონიკე III-ის ასული ირინა პალეოლოგოსი. მალევე ურთიერთობა გაუფუჭდა მასთან და 1339 წელს ცოლად მოიყვანა ირინა ტრაპიზონელი. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იოანე XIV-მ ირინა ტრაპიზონელი ეკლესიიდან განკვეთა, ხოლო ტრაპიზონის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბასილისა და ირინა ტრაპიზონელის ქორწინება დაგმო. ირინა ტრაპიზონელისგან ჰყავდა ბაილის შვილები ალექსი და კალო-იოანე.

ბასილი გარდაიცვალა 1340 წლის 6 აპრილს, სავარაუდოდ მოწამლა მისმა კანონიერმა ცოლმა ირინამ, რომელმაც დაიკავა იმპერატორის ტახტი.

  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე გრიგორასი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 147-153.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]