ვახტანგ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგი.
ვახტანგ II
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1289
მმართ. დასასრული: 1292
წინამორბედი: დემეტრე II
მემკვიდრე: დავით VIII
გარდ. თარიღი: 1292[1][2]
მეუღლე: ოლჯათი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით VI ნარინი

ვახტანგ II (გ. 1292) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა.

დავით VI ნარინს ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. არღუნ-ყაენის დავალებით, ხუტლუბუღა (სადუნ მანკაბერდელის ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.[3] მართალია, ეს მონღოლთა ბატონობის დასავლეთ საქართველოში გავრცელებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ამჯერად დავით ნარინმა ქვეყნის ერთიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და ილხანთა ყაენის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. იგი ვახტანგისა და ჯარის თანხლებით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. მამა-შვილი „დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა აქათ“. მეფესთან, რასაკვირველია, მონღოლთა ნოინები მივიდნენ, ისევე, როგორც „ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს“.[4]

დავით ნარინის შვილთან, ვახტანგთან გამოყოლის მიზანი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ დარწმუნებულიყო მონღოლთა ყაენის ამ პოლიტიკურ გეგმას თავად აღმოსავლეთ საქართველოში რამდენად უჭერდნენ მხარს. ამას ის გარემოება ამჟღავნებს, რომ დავით ნარინმა მხოლოდ მას შემდეგ „მოსცა ძე მისი“, როდესაც იქ თავშეყრილმა დიდებულებმა „ყუეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა“. ამით დამშვიდებული დავით მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, უფლისწული ვახტანგი კი არღუნ ყაენთან წარსადგენად და დასამტკიცებლად წაიყვანეს.[5]

ხუტლუბუღამ ვახტანგი არღუნ-ყაენს წარუდგინა, რომელმაც იგი ლიხთიქითა და ლიხთაქეთა (ე. ი. იმიერ და ამიერ) საქართველოს („ყოველი საქართველოს“) მეფედ დაამტკიცა და ცოლად თავისი და — ოლჯათი შერთო.[3]

ირანიდან დაბრუნებული ვახტანგი ქრისტიანული წესით აკურთხეს მეფედ:

ვიკიციტატა
„შემოკრბეს კათალიკოზი, ეფისკოპოზნი და მთავარნი და დაადგეს გვირგვინი მეფობისა და დასვეს ტახტსა სამეფოსა და აღასრულეს წესი კურთხევისა.[5]

ისტორიკოსის მოწმობით, ამ ამბავმა საქართველოში ხალხი გაახარა, რადგან მათ, მთლიანობის განახლებასთან ერთად, თავიანთი უწინდელი ძლიერების თანდათანობითი აღდგენის იმედიც ეძლეოდათ.[5]

ხუტლუბუღამ თავისი საწადელიც აისრულა — მას ათაბაგობა მისცეს. თითქოს ყველაფერი იმის მაუწყებელი იყო, რომ სადუნ მანკაბერდელის ვაჟი მამამისივით ხელში ჩაიგდებდა ქვეყნის მმართველობის სადავეებს, თუმცა ვახტანგი სულაც არ გამოდგა ისეთი პიროვნება, როგორის იმედიც ხუტლუბუღას ჰქონდა. მემატიანე ვახტანგ II-ს ახასიათებს, როგორც ყოველმხრივ დადებითი თვისებებით შემკულ პიროვნებას: თავმდაბალს, მოწყალეს, პირუთვნელს, მართლმსაჯულებაში სამართლიანობის მოყვარესა და რაც მთავარია, საკმაო ნებისყოფის მქონეს, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ ექცეოდა. მეფის აღმზრდელი იმდროინდელი ცნობილი მეცნიერი ფარსმანიშვილი იყო. თავისი თვისებების წყალობით ვახტანგმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა თავად მონღოლთა ყაენის კარზე.[3]

ხუტლუბუღა დარწმუნდა, რომ მისი შერჩეული მეფე მას თავისუფლად პარპაშის საშუალებას არ მისცემდა, ამიტომაც მკვეთრად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ვახტანგისადმი. მან, ამჯერად, საქართველოს მეფედ დემეტრე II-ის უფროსი ვაჟის, დავითის დასმა მოინდომა, რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო და ხუტლუბუღა იმედოვნებდა, რომ ამ ახალგაზრდა ბატონიშვილს ადვილად მოაქცევდა თავისი გავლენის ქვეშ. ამ დროისათვის, არღუნ-ყაენი მძიმედ იყო ავად, მონღოლმა ნოინებმა კი ხუტლუბუღას მხარი არ დაუჭირეს, საქართველოს გავლენიანი მოხელეებიც ვახტანგის მეფობას ემხრობოდნენ, ამიტომ ხუტლუბუღამ თავისი მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. 1291 წლის მარტში არღუნ-ყაენი გარდაიცვალა და ხუტლუბუღას, მომხრე ნოინების დახმარებით, კვლავ გამარჯვების იმედი მიეცა, თუმცა მაინც ვერას გახდა, რადგან „მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს“. იმავე წელს ახალმა ყაენმა ქეღათუმაც მეფე ვახტანგს დაუჭირა მხარი და ამ უკანასკნელის მდგომარეობაც ილხანთა კარზე განმტკიცდა,[6] მაგრამ ვახტანგ II-ს ხანგრძლივად მეფობა არ დასცალდა. იგი 1292 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა.[1] უდროოდ გარდაცვლილი ვახტანგი დასავლეთ საქართველოში წაასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ II
დაიბადა: ? გარდაიცვალა: 1292
წინამორბედი:
დემეტრე II თავდადებული
   საქართველოს მეფე   
1289–1292
შემდეგი:
დავით VIII