დავით ბატონიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით.
ქართლ-კახეთის გამგებელი დავით ბატონიშვილი 1800-1801წწ.

დავით ბატონიშვილი, ბაგრატიონი (დ. 1 ივლისი, 1767, თბილისი ― გ. 13 მაისი, 25 მაისი, 1819, პეტერბურგი), გიორგი XII-ის უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, მწერალი, მეცნიერი, გენერალ-ლეიტენანტი (1800).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

აღიზარდა თავისი პაპის ერეკლე II-ის კარზე. 1787-1789 და 1797-1798 სწავლობდა და მსახურობდა რუსეთში. 1803 ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს. აქ გაიშალა მისი მეცნიერული და ლიტერატურული მოღვაწეობა. დავით ბატონიშვილი ქართველ ვოლტერიანელთა პირველი წარმომადგენელი იყო. ქართულად თარგმნა ვოლტერიანული თხზულება. მას ეკუთვნის მიმოწერის ფორმით დაწერილი ნაწარმოები "ახალი შიხი", რომელშიც აისახა ფრანგ განმანათლებელთა იდეები. დავით ბატონიშვილის სატირულ ლექსებში გაკიცხული არიან მეფის მოხელეები. მისი ლირიკის მთავარი თემაა სოფლის სამდურავი და სიყვარული. დავით ბატონიშვილი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონას" დაუმატა ცალკეული სიტყვები, შეავსო განმარტებანი, მიუწერა სომხური, თურქული და რუსული შესატყვისები. დიდ ყურადღებას უთმობდა საილუსტრაციო მასალას შევსება-დამატებას. 1803 წლიდან პეტერბურგში შეუდგა სტატიების შედგენას ენციკლოპედიური ლეკსიკონისათვის, რაც იმ დროს საერთო ენციკლოპედიური სალექლიკოგრაფიო მუშაობის გამოძახილი იყო (მასალა მოღწეულია ფრაგმენტულად). 1814 ქართულ ენაზე გამოცემული მისი ისტორიული ნაშრომი დაწერილია ქართლის ცხოვრების სქემის მიხედვით, მოიცავს 1744-მდე პერიოდს და წარმოადგენს ვახუშტის ისტორიის გაგრძელებას. რუსულ ენაზე დაწერილი მისი ნაშრომები მოიცავენ საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. დიდად მნიშვნელოვანია დავით ბატონიშვილის მოღვაწეობა სამართლის დარგში. 1800 წელს მან მოახდინა ქართული სამართლის კოდიფიკაცია, შეადგინა კრებული, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "სამართალი ბატონისშვილის დავითისა" (1964 გამოსცა დავით ფურცელაძემ); რუსეთში დასახლების შემდეგ დავით ბატონიშვილი დაინიშნა რუსეთის მმართებელი სენატის წევრად, გარდა ამისა, თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რომელსაც ვახტანგ VI-ის სამართლის რუსულ თარგმანების განხილვა და რედაქცია ევალებოდა. მასვე ეკუთვნის რუსულ ენაზე დაწერილი "საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა" (1811-1816; 1959 გამოსცა ა. როგავამ). დავით ბატონიშვილმა შეისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. 1818 მან დაასრულა "შემოკლებული ფისიკა" და საქართველოში გამოგზავნა გასამრავლებლად. ყოველ ფიზიკის მოვლენას ავტორი განიხილავს მოძრაობაში. მისი აზრით, სხვადასხვა ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების ურთიერთმოძრაობის შედეგად ხდება მათი დაშლა და ახალი ნივთიერების შექმნა. თეორიულ მასალას დავით ბატონიშვილმა თვალსაჩინო ცდების აღწერილობანიც დაურთო. იგი ძირითადად იზიარებდა სითბოს კინეტიკური თეორიის იდეებს; განიცდიდა მიხეილ ლომონოსოვისა და ევროპის მოწინავე ფიზიკოსების გავლენას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 338, თბ., 1978