აბას I (ირანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბას I.
აბას I
Shah Abbas I engraving by Dominicus Custos - Antwerp artist printer and engraver.jpg
ირანის მე-5 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1587
მმართ. დასასრული: 19 იანვარი 1629
წინამორბედი: მუჰამად ჰუდაბენდე
მემკვიდრე: სეფი I
დაბ. თარიღი: 27 იანვარი 1571
დაბ. ადგილი: ჰერათი, ირანი
გარდ. თარიღი: 19 იანვარი 1629
გარდ. ადგილი: ყაზვინი, ირანი
დინასტია: სეფიანები
მამა: მუჰამად ჰუდაბენდე

აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571 ― გ. 19 იანვარი, 1629), ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.

საშინაო პოლიტიკა[რედაქტირება]

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება]

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1612, 1616-1618, 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 დიდ მოგოლებს - ყანდარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის არებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე).

ირანი და საქართველო[რედაქტირება]

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616, 1617 ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (იხ. მარტყოფის ბრძოლა) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
  • გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
  • მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
  • ფალფასი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
  • Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
  • Bellan I., Chah Abbas I, P., 1932
  • კაციტაძე დ., ქსე, ტ. 1, გვ. 14, თბ., 1975