ბოდბის მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოდბის მონასტრის მთავარი ეკლესია. XI საუკუნე

ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.

გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე (სხვა მოსაზრებით (სარგის კაკაბაძე, ბაადურ მჭედლიშვილი, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი) წმინდა ნინო უნდა გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფ. ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იხ. ბოდი). ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.

1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.

ლიტერატურა[რედაქტირება]