დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
KM-Dedoplistskaro-ka.svg

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი  დროშა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

დედოფლისწყარო

რეგიონი

კახეთის მხარე

გამგებელი

ირაკლი შიოლაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარე

ლევან ნატროშვილი

დეპუტატი პარლამენტში

ზაზა კედელაშვილი     

სიმჭიდროვე

12.2 [1] კაცი/კმ²

ფართობი

2529,2 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

30.240 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 89%
აზერბაიჯანელები 4.4%
სომხები 3.9%
რუსები 1.6%
ბერძნები 0.5%[2]

საიტი

www.dedoplistskaro.ge

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ყოფ. წითელწყაროს რაიონი) — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928 წლიდან კახეთის მაზრაშია, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930-1937 წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963-1964 წწ. ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანი. მუნიციპალიტეტის ფართობია – 2529,2 კმ².

სოფელი კასრისწყალი (ყოფ. ელდარი) ადმინისტრაციულად ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტს, თუმცა ტერიტორიულად მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

გეოგრაფია[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ვიწრო ანტიკლინები, ფართო სინკლინები, შესაბამისი მშრალი სერებით, დეპრესიებითა და ტაფობებით.

ტერიტორიის დიდ ნაწილში იჭრება ივრის ზეგანი, რომელიც გვევლინება აქაური რელიეფის მთავარ ოროგრაფიულ ერთეულად. აგებულია მესამეული და მეოთხეული ნალექი წყებებით. სინკლინური ტაფობები ამოვსებულია მეოთხეული კონტინენტური ნაფენებით, თიხნარებითა და რიყნარებით. ამავე დროს ტექტოგენურ რელიეფზე დაშენებულია ეროზიული ხეობები, ხრამები, მდინარეული ტერასები, ბედლენდები და სხვ.

ივრის ზეგნის უდიდეს აკუმულაციურ ვაკეს წარმოადგენს დიდი შირაქის ვაკე (35X19 კმ), რომელიც გაშლილია ალაზან-ივრის შუამდინარეთში. ზედაპირი 560-700 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე მდებარეობს. ვაკე შემოსაზღვრულია ქოჩების, ნაზარლების, შუანამთისა და არხილოსკალო-ყაშის დაბალი სერებით. დიდი შირაქის ვაკე აღმოსავლეთით უერთდება კასრისწყლის ვაკეს, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება.

ივრის ზეგანი უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თანდათანობით გადადის ელდარის დაბლობში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის ნახევარუდაბნოთა უშუალო გაგრძელებას. საქართველოს ფარგლებში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ელდარის დაბლობს უჭირავს ივრის მარცხენა სანაპიროს ზოლი, რომლის მაქსიმალური სიგანე არის 6-7 კმ, ხოლო სიგრძე ივრის გასწვრივ 20-22 კმ. სიმაღლე 100-200 მ. ვაკე წარმოქმნილია მეოთხეული ალუვიური თიხნარებით და შეადგენს მტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილს. ვაკეზე წლიურად მოდის 250-300 მმ ნალექი, ამის გამოა რომ აქ მდინარის ჩამონადენის მოდული ძალზე დაბალია 1-2 ლ/წმ კმ².

ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია სადაც ნახევარუდაბნოს ნამდვილი ლანდშაფტია განვითარებული. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ცნობილია ბუღამოედნის სახელწოდებით. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია ვაკე ტაფობი ტარიბანა (ზომები 15X8,5 კმ). ფსკერის სიმაღლე 423-465 მ-ია. განვითარებულია სინკლინურ ნაოჭში. სამხრეთით უერთდება ნატბეურის ტაფობს. ნატბეურის ვაკე სინკლინურ ნაოჭში განვითარებული, ახალგაზრდა ნაფენებით ამოვსებული ტაფობია. ვაკის დასავლეთ ნაწილში მიედინება პერიოდული მდინარე ქუშისხევი.

აღსანიშნავია, ასევე პატარა შირაქის ვაკე (სიგრძე 15 კმ), რომელიც ვრცელდება დიდი შირაქის ვაკის სამხრეთ-დასავლეთით და ახალგაზრდა ნალექებით დაფარულ სინკლინს წარმოადგენს. პატარა შირაქის ვაკე ჩაკეტილია შუანამთისა (ჩრდილოეთით) და ყალადარის ქედებით (სამხრეთით). პატარა შირაქის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს სინკლინური დეპრესია ნაგომრებისთავის ტაფობი. აღსანიშნავია ასევე ბორცვიანი ჭაჭუნის ვაკე.

მუნიციპალიტეტში შემოდის გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოება, ასევე ალაზნის ვაკე სოფელ სამთაწყაროსა და მდინარე აგრიჩაის შესართავს შორის. ანტიკლინური სერები წარმოდგენილია: ელდარის, ზილიჩის, კოწახურის, ნაზარლების, ჩობანდაღის, ყანლის, ყაჯირის და ყალადარის სერები, სტრუქტურულ-დენუდაციური და სტრუქტურულ-ეროზიული რელიეფის ფორმებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამაღლებული ფორმებიდან აღსანიშნავია ანტიკლინური სერი ქვაბები (581 მ), რომლის ნამარხი ფაუნა ენათესავება აფრიკის ფაუნას.

აქაურ მიწებზე აღმართულია მთები: ნიკორაციხე, ორიძმა, ბილენთა, ზილჩა, უზუნდარა და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელიას მთა, რომელიც თავისი ფორმით ქალის ფიგურას მოგვაგონებს. პანტიშარის ხეობაში, კოწახურის ქედსა და სხვაგან გვხვდება რელიეფის კუესტური ფორმები.

მდინარე ლეკისწყლის ხეობაში განვითარებულია ქანდაკებისებრი ფორმები.

შიგა წყლები[რედაქტირება]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ტრანზიტულ მდინარეებს მოკლებულია. ჰიდროლოგიური ქსელი ალაგ-ალაგ არის განვითარებული და ძირითადად მშრალი ხევ-ხეობების ქსელით არის წარმოდგენილი. აქაურ მიწებზე მხოლოდ პატარა მოკლე პერიოდული ხასიათის მდინარეებს ვხვდებით, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ვერც იორამდე და ვერც ალაზნამდე ვერ აღწევენ. აქაური მიწის ზედაპირი დასერილია შემდეგი მდინარეებით : ველიჯვრით, ლეკისწყლით, უზუნდარასხევით, ქუშისხევით, ღორისწყლისხევით, ყუმურისხევით, პანტიშარისხევითა და სხვა მცირე მდინარეებით. ამ მდინარეების საზრდოობაში მონაწილეობას ღებულობენ უფრო წვიმის წყლები, ალაგ-ალაგ მიწისქვეშა წყლები. აღმოსავლეთით აზერბაიჯანის საზღვართან დიდ მანძილზე ჩამოედინება მდინარე ალაზანი, რომელიც მინგეჩაურის წყალსაცავს ერთვის აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.

მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილს ჰკვეთს მდინარე იორი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ტბა, რომელთაგან გამოსარჩევია ორი: ქოჩების ტბა და პატარა ტბა. ქოჩების ტბა ზღვის დონიდან 775 მ-ზე მდებარეობს. ტბის აუზის ფართობია 1,3 კმ². ქოჩების ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა ტბა, რომლის სანაპირო ძალზე შეჭრილ-შემოჭრილია.

მდინარე ივრის სანაპიროსთან არის დალის წყალსაცავი, რომელშიც მოშენებულია თევზი.

ჰავა[რედაქტირება]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ორი ტიპის ჰავა, სამხრეთით ცხელზაფხულიანი ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, ჩრდილოეთ ნაწილში კი ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38° წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის, შირაქში 540 მმ, დედოფლისწყაროში 650 მმ. ნალექების მინიმუმი ფიქსირდება ელდარის დაბლობზე (250-300 მმ), აგრეთვე დიდი შირაქის ვაკეზე (490 მმ).

ქალაქ დედოფლისწყაროში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული. ნალექები 650 მმ წელიწადში.

ნიადაგები[რედაქტირება]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში ვრცელი ფართობი უჭირავს ტყის ყავისფერ ნიადაგებს. დიდ ფართობზე ვრცელდება მცირე და საშუალო სისქის შავმიწები, რომლებიც გვხვდება მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ტაფობებსა და ვაკეებზე გაბატონებულია შავმიწები. ვრცელი ფართობი უჭირავს წაბლა ნიადაგებს, აგრეთვე ბიცობიან ნიადაგებს. ელდარის დაბლობზე და მიმდებარე სამხრეთ ზონაში განვითარებულია რუხი მურა ნიადაგები. დიდი შირაქის ვაკეზე გვხვდება შავმიწა და წაბლა ნიადაგები. ივრისპირას განვითარებულია ალუვიური კარბონატული ნიადაგი, ხოლო ქალაქ დედოფლისწყაროს მახლობლად კორდიან კარბონატული ნიადაგია.

ლანდშაფტები[რედაქტირება]

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი უნიკალური ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, დედოფლისწყაროს ველური ბუნება და ლანდშაფტი მსოფლიო მასშტაბით უნიკალურია. აქაური ბუნების ძეგლები ტოვებენ გასაოცარი სილამაზის კვალს. არაერთ ბუნების ძეგლს იცავს სახელმწიფო.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. დაბლობი ვაკე აბზინდიან-ეფემერული მცენარეულობით, რუხ-მურა და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  2. წვრილმთიანეთი არიდული მეჩხერი ტყეებით და სტეპის ბალახეულობით, მურა და რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე;
  3. ვაკე-ტაფობები სტეპის მცენარეულობით, შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე;
  4. ჯაგეკლიან-სტეპური მცენარეულობა წაბლა და შავმიწა ნიადაგებით;
  5. ვაციწვერიან უროიანი და ავშნიან-ნაირბალახოვანი მცენარეულობა წაბლა ყავისფერ ნიადაგებით;
  6. ბორცვიანი ვაკე ჯაგეკლიანით, ტყის ყავისფერი ნიადაგით;
  7. ვაკე, ჯაგეკლიან-სტეპური ჰალოფილური მცენარეულობით, ალუვიურ-კარბონატულ, შავმიწისებრ და დამლაშებულ ნიადაგებზე;
  8. ჭალები ალუვიური ნიადაგებით.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

ფლორა[რედაქტირება]

დედოფლისწყაროში გვხვდება ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, აგრეთვე უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგეკლიანი სტეპური, ჰემიქსელური მეჩხერი ტყეები და ჭალის ტყეები.

მუნიციპალიტეტში პირველ რიგში აღსანიშნავია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც განუმეორებელი ლანდშაფტებით ხასიათდება. გვხვდება გრაკლა, ბალღოჯი, აკაკი, შავჯაგა, ბროწეული და სხვ. ბალახოვანი საფრიდან გავრცელებულია ავშნიანი, უროიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. ივრის ზეგანზე შემორჩენილია არიდული მეჩხერი ტყე. ვაკე-ტაფობებში არის უროიანი და ვაციწვერიანი სტეპის მცენარეები: შვრია, ვაციწვერა, ურო, კოფრჩხილა და სხვ. ივრისპირას გაბატონებულია ტუგაის ტყეები.

ფაუნა[რედაქტირება]

მრავალფეროვანია აქაური ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ფოცხვერი, ტურა, მელა, მგელი, ლელიანის კატა, დედოფალა, მაჩვი, მცირე რაოდენობით (რამდენიმე ერთეულად) გვხვდება ჯეირანი ანუ ქურციკი. რადგან მათი რაოდენობა თითქმის განულებულია, მათზე ნადირობა დიდი ხანია აიკრძალა. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. იშვიათად გვხვდება ზოლებიანი აფთარი.

უხვადაა მღრღნელებიც მ.შ. აღსანიშნავია მექვიშია, მემინდვრია და ტყის თაგვი. ქვეწარმავლებიდან ბინადრობს გიურზა. ფრინველებიდან გავრცელებულია გნოლი, სავათი, კვირიონი, ტოროლა, ყვავი, მწყერი, მოლაღური, ჩხართვი, უფეხურა, კაკაბი და ა.შ. ალაზანსა და იორში არის მურწა, ხრამული, მტკვრის ტობი, თაღლითა და სხვ.

მოსახლეობა[რედაქტირება]

განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 500-800 მ-ის ფარგლებში. უმეტესად ცხოვრობენ ქართველები, მცირე რაოდენობით – აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები და სხვ. უდიდეს ნაწილს შეადგენს სოფლის მოსახლეობა.

მმართველობა[რედაქტირება]

დედოფლისწყარო ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიას.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი: დედოფლისწყარო 13 სოფელი: არბოშიკი, არხილოსკალო, გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, ზემო ქედი, მირზაანი, ოზაანი, საბათლო, სამთაწყარო, ფიროსმანი, ქვემო ქედი, ხორნაბუჯი, სამრეკლო. ასევე 2 მცირე დასახლება 1. თავწყარო (ოზაანის ტერიტორიული ორგანო) 2.ჭოეთი (ხორნაბუჯის ტერიტორიული ორგანო) დედოფლისწყაროში მდებარეობს რკინიგზის სადგური.

ეკონომიკა[რედაქტირება]

სახნავი მიწის ფართობი 47 040 ჰა-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვ. გაბატონებულია სახნავ-სათესი მიწები, ვენახები, ბაღები და სხვა სავარგულები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ნავთობისა (მირზაანი, შირაქი) და კირქვის („არწივის ხეობა“) საბადოები.

კულტურა[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის დაახლოებით 20-მდე სკოლა, სამხვატვრო სკოლები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სახლ-მუზეუმი და სხვ. არის რამდენიმე საავადმყოფო, პოლიკლინიკა და ა.შ.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ქალაქ დედოფლისწყაროსთან მდებარე ადრინდელი შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი, რომელიც წარმოადგენდა ისტორიული მხარის კამბეჩოვანის ცენტრს.

სოფელ ოზაანში დგას IX საუკუნის ხუროთმოძღრული ძეგლი ამაღლების გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია აგურით. აქვეა შუა საუკუნეების სამების ეკლესია. აღსანიშნავია ასევე საროველის სახელობის ტაძარი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უკლება დ., დორეული ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 321-322, თბ., 1987 წელი.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]