შინაარსზე გადასვლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან World Health Organization)
World Health Organization
منظمة الصحة العالمية
世界卫生组织
Organization mondiale de la santé
Всемирная организация здравоохранения
Organización Mundial de la Salud
აბრევიატურა ჯმო
შეიქმნა 1948 წლის 7 აპრილი
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
შტაბ-ბინა ჟენევა
შვეიცარია
ენა ინგლისური, ესპანური, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული
გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი
ქვეყანა შვეიცარია[1] , ფილიპინები[2] , ეგვიპტე, აშშ, დანია, ინდოეთი და კონგოს რესპუბლიკა
კავშირები სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაცია[3]
who.int

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულება. მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. გენერალური დირექტორია ტედროს ადანომ გებრეისუსი. ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით, იგი წყვეტს, აგრეთვე, სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით (ცალკეული სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და სხვ). იგი სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობას, ეპიდემიებს, ტრავმატიზმს, სხვადასხვა დაავადებათა შესახებ).[4]

ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წელს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანთა ჯანმრთელობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ჯანმრთელობა აღიქმება, როგორც ადამიანური განვითარების უმთავრესი კომპონენტი.[5]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია: დანიაში (კოპენჰაგენი), აშშ-ში (ვაშინგტონი), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (დელი), ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში (ალექსანდრია), წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში (მანილა), აფრიკაში (ბრაზავილი).[6]

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 1992 წლიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო ოფისი საქართველოში დაარსდა 1993 წელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით, საქართველო მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც მოიცავს 53 წევრ ქვეყანას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების ძირითადი განმახორციელებელია.[7]

დაარსება და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო სანიტარული კონფერენციები, რომლებიც თავდაპირველად ჩატარდა 1851 წლის 23 ივნისს, ორგანიზაციული აქტიურობის საწყის ეტაპად ითვლება. კონფერენციის მთელ სერიაზე, რომელიც 1851 წლიდან 1938 წლამდე გაგრძელდა, განიხილავდნენ მრავალი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველ პროცედურებსა და გზებს, მათ შორის იყო ქოლერა, ყვითელი ცხელება და ბუბონური ჭირი. კონფერენციები მეტწილად არაეფექტური იყო 1892 წლის მეშვიდე შეკრებამდე, როდესაც უკვე მათ მიიღეს საერთაშორისო სანიტარული კონვენცია, რომელიც ეხებოდა უშალოდ ქოლერას. ხუთი წლის შემდეგ, ხელი მოეწერა კონვენციას ჭირის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული კონფერენციების შედეგად, მალე დაარსდა სანიტარული ბიურო და შეიქმნა შესაბამისი ოფისიც. ხოლო 1920 წელს, როდესაც უკვე ერთა ლიგა შეიქმნა, ჩამოაყალიბეს ერთა ლიგის ჯანმრთელობის ორგანიზაცია ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაცია გახდა გაეროს ოფიციალური სააგენტო.

1946 წლის 22 ივნისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურად შექმნისათვის წესდებას ხელი მოაწერა გაეროს მაშინდელმა ყველა წევრმა და 10 არაწევრმა ქვეყანამ. ამრიგად, იგი გახდა გაეროს პირველი სპეციალიზებული სააგენტო, რომელზეც ყველა წევრი თანხმდებოდა. მისი წესდება ოფიციალურად ძალაში შევიდა 1948 წლის 7 აპრილს ჯანმრთელობის პირველ მსოფლიო დღეს და იგი რატიფიცირებულია 26 წევრი ქვეყნის მიერ. სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი იყო ის რეალობა, როდესაც მსგავსი მისიის მქონე ორგანიზაციათა საჭიროება დადგა.

გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანმოს 2012–1913 წლების ბიუჯეტმა გამოავლინა 5 სფერო, რომელთა შორისაც გადანაწილდა დაფინანსება. მათგანიდან ორი: პირველი, ზოგადად გადამდები დაავადებების ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ტვირთის შემცირება, ხოლო მეორე კი, შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლაში საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალისხმევის მაქსიმალური გამოვლინებაა. 2015 წლის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ UNAIDS-ის ქსელში იმუშავა და ცდილობს შიდსთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების სხვა ნაწილების ჩართვას. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNAIDS) ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანმომ დააწესა დროებითი ამოცანა 2009-2015 წლებში, 15–24 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობის შემცირების შესახებ, რომლებიც ინფიცირებულნი იყვნენ მსგავსი დაავადებებით.

1970-იანი წლების განმავლობაში WHO–მ უარი თქვა გლობალური მალარიის აღმოფხვრის კამპანიაზე, როგორც ძალიან ამბიციური ამოცანა, მაგრამ ამავდროულად მან შეინარჩუნა კონტროლი და აიღო მტკიცე ვალდებულება მალარიის დაავადებაზე. ორგანიზაციის გლობალური მალარიის პროგრამა მუშაობს მალარიის შემთხვევებისა და კონტროლის სქემებში მომავალი პრობლემების გაანალიზებისა და აღკვეთის შესახებ. ამ დროისთვის, ინსექტიციდებით დამუშავებული კოღოს ბადეები და ინსექტიციდური სპრეები გამოიყენება მალარიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც ანტიალერგიული საშუალებები, განსაკუთრებით იმ დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. 1990 წლიდან 2010 წლამდე WHO–ს დახმარებამ ხელი შეუწყო ტუბერკულოზით დაავადებულ სიკვდილიანობის 40%-ით შემცირებას, ხოლო 2005 წლიდან 46 მილიონზე მეტ ადამიანს მკურნალობდნენ და დაახლოებით 7 მილიონი სიცოცხლე შეინარჩუნეს. ეს პრევენციული პროგრამები მოიცავს ეროვნული მთავრობების ჩართვას და მათი პროექტების თანადაფინანსებას, ადრეული დიაგნოზის დადგენას, მკურნალობის სტანდარტიზაციას, ტუბერკულოზის გავრცელების და ეფექტის მონიტორინგს და ნარკომანიის სტაბილიზაციას. კომპეტენტურმა აქტორებმა ასევე აღიარეს აივ/შიდსით დაავადებულთა მსხვერპლის განსაკუთრებული დაუცველობა ტუბერკულოზის მიმართ, რომლის აღმოფხვრისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად და მისი ეგიდით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. ის ასევე ებრძვის ისეთ მნიშვნელოვან დაავადებას, როგორიცაა პოლიოზი. გონივრული ვაქცინაციური ამოცანების წყალობით პოლიო გადაშენების პირასაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აღმოფხვრის პროგრამამ მილიონობით ადამიანი და მათ შორის, ბავშვი გადაარჩინა აღნიშნული სასიკვდილო დაავადებისაგან.

ჯანმოს ცამეტი პრიორიტეტული მიზნიდან კიდევ ერთი მიზნად ისახავს დაავადებების შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია ინვალიდობის და ნაადრევი გარდაცვალების ფაქტორებთან და ასევე იბრძვის ქრონიკული არაგადამდები დაავადებების აღმოსაფხვრელად, ფსიქიკური აშლილობების, ძალადობისა და მსგავსი დაზიანებების, ასევე მხედველობითი პრობლემების აღსაკვეთად. არაგადამდები დაავადებების განყოფილებამ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეფექტურ საშუალებებსა და კვლევებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ჟურნალი „Entre Nous“ მთელ ევროპაში 1983 წლიდან. არსებობს აგრეთვე არაგადამდები დაავადებების, როგორიცაა ინვალიდობის, ძალადობისა და ტრავმის პრევენციის მართვის სპეციალური დეპარტამენტი. აღნიშნული პრობლემების გარშემო პრევენციისათვის ის ებრძვის აგრეთვე ეკოლოგიურ გარემოსთან და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და წინაღობებს.

ჯანდაცვის პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს ორი მიზნის მიღწევისკენ: პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობის სოციალურ და ეკონომიკურ განმსაზღვრელ ფაქტორებთან მიმართებაში შეიმუშავონ შესაბამისი პოლიტიკა და პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისის სფეროში თანასწორობას და საზოგადოების წევრთა მაქსიმალურ ინტეგრირებას, ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით და მეორე — ხელი შეუწყოს ჯანმრთელ გარემოს, პირველადი პრევენციის გააქტიურებას და საზოგადოებრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ყველა სექტორში, რათა დროულად გაანალიზონ ჯანმრთელობისთვის საშიში გარემოსდაცვითი საფრთხეების ძირითადი გამომწვევი მიზეზები. ორგანიზაცია შეიმუშავებს და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტების, ნორმებისა და სტანდარტების გამოყენებას წევრი სახელმწიფოებისათვის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით. იგი ზედამხედველობს ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების შესრულებას და აქვეყნებს სამედიცინო კლასიფიკაციის სერიას, რომელთაგან სამი არის შემდეგი სახის: დაავადებათა საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD), ფუნქციონირების, შეზღუდული შესაძლებლობების და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICF) და ჯანმრთელობის ინტერვენციების საერთაშორისო კლასიფიკაცია (ICHI). 2019 წელს მოხდა ამ სისტემების განახლება დაგანვითარება მდგომარეობის შესაბამისად.

ჯანმოს მიერ წარმოებული სხვა საერთაშორისო პოლიტიკის ჩარჩოებში შედის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია მიღებული 2003 წელს, გლობალური პრაქტიკის კოდექსი საერთაშორისო დაქირავების შესახებ, ჯანდაცვის პერსონალის კოდექსი მიღებული 2010 წელს და სხვა. ჯანდაცვის სერვისების თვალსაზრისით, ჯანმო ცდილობს გააუმჯობესოს მმართველობა, დაფინანსება, პერსონალი და მენეჯმენტი, მტკიცებულებებისა და კვლევების ხელმისაწვდომობა და ხარისხი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იგი ასევე ცდილობს უზრუნველყოს სამედიცინო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებული დაშვება, მიმოქცევა და გამოყენება.

ჯანმო მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ბანკთან ერთად წარმოადგენს მთავარ გუნდს, რომელსაც ევალება ჯანმრთელობის საერთაშორისო პარტნიორობის ადმინისტრირება შესაბამისი მრავალფეროვანი რეფორმებითა და სამართლებრივი რეგულაციებით. პროგრამა აერთიანებს პარტნიორი მთავრობების ჯგუფს, განვითარების სააგენტოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გააუმჯობესონ განვითარებად ქვეყნებში მოქალაქეების ჯანმრთელობა. პარტნიორები ერთობლივად მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დახმარების ეფექტურობისა და განვითარების თანამშრომლობის საერთაშორისო პრინციპების დანერგვაში. ორგანიზაცია ეყრდნობა ცნობილ მეცნიერთა და პროფესიონალთა ღვაწლს მისი საქმიანობის შესასრულებლად. ჯანმო მართავს ალიანსს ჯანმრთელობის პოლიტიკის და სისტემების კვლევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების გაუმჯობესებას. ჯანმო ასევე მიზნად ისახავს ჯანდაცვის კვლევისა და ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას განვითარებად ქვეყნებში ისეთი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, როგორიცაა „HINARI“-ს ქსელი. ორგანიზაცია თანამშრომლობს შიდსთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის სააგენტოებთან, ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოსთან, რომელიც იბრძვის მსგავსი დაავადებების პრევენციისათვის. ორგანიზაცია პარტნიორობს გაეროსთან და ხელს უწყობს ტექნიკურ პარტნიორობას აივ ინფექციის ტექნიკურ მრჩეველთა კომიტეტის მეშვეობით. სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება ხდება ასევე კეთილი ნების ელჩების მეშვეობით, რომელტა მეშვეობითაც ხდება პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება.

საინფორმაციო ველები და პუბლიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის საჭირო ინფორმაციების უზრუნველსაყოფად და მათ გასაზრდელად, მონაცემთა შეგროვების მრავალფეროვან პლატფორმაზე, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო გამოკითხვამ, რომელიც მოიცავს 70 ქვეყნის თითქმის 400 000 რესპონდენტს და კვლევას გლობალური დაბერების და მოზრდილთა ჯანმრთელობის შესახებ (SAGE). ქვეყნის ჯანდაცვის სადაზვერვო პორტალი (CHIP) ასევე შემუშავებულია იმისთვის, რომ მიაწოდოს მომხმარებლებს ინფორმაცია იმ სამედიცინო სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პორტალზე თავმოყრილ ინფორმაციას ქვეყნები იყენებენ სამომავლო სტრატეგიებისა თუ გეგმებისთვის პრიორიტეტების დასადგენად, მათი განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასებისათვის. ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემების შეფასების ინსტრუმენტი ასევე უზრუნველყოფს საჭირო მონაცემების შეგროვებას მედიცინის სფეროში. მისი და სხვა სააგენტოებს შორის თანამშრომლური დამოკიდებულება, მაგალითად ჯანმრთელობის მეტრიკის ქსელის მეშვეობით, ასევე მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებას მთავრობების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარების მიზნით. ჯანმო ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებში შესაძლებლობების განვითარებას, გამოიყენონ და წარმოადგინონ კვლევები, უშალოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხმიანება მათ ეროვნულ საჭიროებებს და მიზნებს, პან-ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია გახდა პირველი რეგიონი, რომელმაც შეიმუშავა და გაიარა პოლიტიკა კვლევისთვის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც საბოლოო ფორმით ჩამოყალიბდა დადამტკიცდა 2009-1910 წლებში.

2013 წლის 10 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა ახალი მონაცემთა ბაზა „MINDBank“, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციათა გადახალისებას და კონტროლს ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა. ახალი მონაცემთა ბაზა მოიცავს უამრავ ინფორმაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის, ინვალიდობის, ნივთიერებათა არაკანონიერი და ბოროტული მიზნით გამოყენების, ადამიანის უფლებების და სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული სხვადასხვა პოლიტიკის, სტრატეგიების, კანონებისა და მომსახურეობის სტანდარტების შესახებ. საინფორმაციო დოკუმენტთა რაოდენობა შეიცავს დაახლოებით 4000 დოკუმენტს და წვდომა აქვს 160 ქვეყანაში.

ფინანსები და ეკონომიკური თანამშრომლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძირითად ეკონომიკურ მარაგს ქმნის მონაწილე სახელმწიფოებისა და გარე დონორების მიერ შეტანილი ფინანსური დამხარებებით. 2020 წლის მდგომარეობით, ყველაზე დიდი ხელშემწყობი პანდემიური სიტუაციის განმავლობაშიც კი შეერთებული შტატებია. 2018 წელს ყველაზე დიდი ხელშემწყობი იყო შეერთებული შტატები, „Bill & Melinda Gates Foundation“, გაერთიანებული სამეფო, გერმანია და „GAVI Alliance“. 2020 წლის აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისი პარტიის წევრთა ჯგუფის მხარდაჭერით, გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია შეაჩერებს ორგანიზაციის დაფინანსებას იმ რთული და ბუნდოვანი გარემოებიდან გამომდინარე, რაც საგამომძიებლო პროცესის დაწყებას გულისხმობს ჩინეთთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკას პანდემიის მთავარ გამავრცელებლად მიაჩნია და ასევე იმის გამოც, რომ ორგანიზაციას შესაძლოა რაიმე თანამშრომლობა აკავშირებდეს ჩინეთთან. განცხადება დაუყოვნებლივ გააკრიტიკეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასევე, აფრიკის კავშირის თავმჯდომარემაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და COVID-19 პანდემია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკას განიცდიდა, მაშინ როდესაც ის მსოფლიოს მიუთითებდა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოგვარდეს მომაკვდინებელი „COVID-19“ პანდემია. ორგანიზაციამ შექმნა ინციდენტების მენეჯმენტის ჯგუფი 2020 წლის 1 იანვარს, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოებმა აცნობეს ორგანიზაციას უცნობი პნევმონიის შემთხვევების კლასტერების შესახებ. 5 იანვარს ჯანმომ აცნობა ყველა წევრ სახელმწიფოს ამ დაავადების შესახებ და მომდევნო დღეებში ყველა ქვეყანას უგზავნიდა მითითებებს თუ როგორ უნდა უპასუხონ მას და პარალელურად დადასტურდა პირველი ინფექცია ჩინეთის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაციამ 14 იანვარს ბუნდოვნად შენიშნა ვირუსის გადაცემა ადამიანზე და ერთი კვირის შემდეგ კი მოხდა დარწმუნებთი გაანალიზება იმ ფაქტისა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაიცემა. 30 იანვარს, ჯანმომ გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო გადაუდებელი მდგომარეობა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა შესაბამისი ზომების მიღებისაკენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს მრავალი ქვეყანა მიჰყვა, მათ შორის გერმანია, სინგაპური და სამხრეთი კორეა, მაგრამ არა შეერთებული შტატები. შემდგომში ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალით უზრუნველყოფას, რათა გაეადვილებინათ მათთვის კრიზისის მართვა. გარდა ამისა, პანდემიის განმავლობაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობდა ზუსტი ინფორმაციების გავრცელებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ანგრევდა მითებს, სხვადასხვა საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგებით უზრუნველყოფდა ჯანდაცვის მუშაკებს, პარალელურ რეჟიმში ახდენდა სამედიცინო მუშაკთა გადამზადებას და მობილიზაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყო სიღრმისეული კვლევა ვაქცინის შესამუშავებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 16 მაისს საქართველო ოფიციალურად გაწევრიანდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მალევე გაიხსნა სამეკავშირეო ოფისი თბილისში და ორივე მხარეს შორის ხელი მოეწერა ძირითად სახელშეკრულებო წევრობის შეთანხმებას და სხვა ოფიციალურ აქტებს, რომელშიც გაწერილია ორგანიზაციის ჩართულობისა და აქტიურობის შესახებ საქართველოში არსებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

დღესდღეობით, საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება თამბაქოს მოხმარებისგან და ტუბერკულოზისგან გამოწვეული პრობლემები. საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც მსგავსი პრობლემები, გამოწვევები აწუხებს და ცდილობს მისგან თავის არიდებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ. მაგალითად, 2010 წლის მონაცემებით 100 000 ადამიანზე დადასტურდა ტუბერკულოზის ფაქტი, ეროვნული გამოკითხვის მიხედვით კი ქართველი მამაკაცების დაახლოებით ნახევარზე მეტი არის აქტიური მწეველი, ხოლო იგივე ჯგუფის წარმომადგენელთა მაჩვენებლი ქალებში 7 %-ს აღწევს, მაგრამ მაინც პრობლემურია. ეს საბოლოო ჯამში ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელს, რომელიც მაგალითად 2014 წლის მაჩვენებლებით საშუალოდ 65 წელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც ამ დაბრკოლებების გადალახვაში საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება. „კოჰორტის“ პერსპექტიული კვლევა ჩატარდა 2011 წლის მაისიდან 2013 წლის ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, საქართველოში ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრის და მისი ერთ–ერთი ასოცირებული ამბულატორიული კლინიკის ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით. 2013 წლის ნოემბერში, მონაწილეთა მკურნალობის შედეგების დეტალები შეგროვდა და გაანალიზდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ დაცულ პაციენტთა ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს ხშირად აფასებდნენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატორობითა და აქტიური ჩართულობით, საქართველოში 2016 წელს იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მისია, რომელიც ეძღვნებოდა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ინდიკატორების შეფასებას. როგორც ცნობილია, ამავე პერიოდში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა ანგარიში — „ენერგეტიკა და ჰაერის დაბინძურება“, სადაც საქართველოს ეჭირა მოწინავე ადგილი ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით, მაგრამ არსებობს პრობლემები ამ საკითხებში, რომელთა პრევენცია დღემდე აქტიურდ მიმდინარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]