შინაარსზე გადასვლა

თეირანის კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეირანის კონფერენცია

სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თეირანის კონფერენციაზე.
სხვა სახელები ეურეკას კონფერენცია, დიდი სამეულის კონფერენცია
მონაწილეები იოსებ სტალინი (საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ)
უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი )
ფრანკლინ რუზველტი (აშშ-ის დროშა აშშ)
მდებარეობა თეირანი, ირანი
თარიღი 28 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 1943
შედეგი დასავლეთის ფრონტის გახსნა (1944)

თეირანის კონფერენცია, ასევე ეურეკას კონფერენცია ან დიდი სამეულის კონფერენცია — ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების კონფერენცია ქალაქ თეირანში. მასში მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი, საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე იოსებ სტალინი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, აგრეთვე სამი ქვეყნის დიპლომატები და სამხედრო შტაბების წარმომადგენლები. მიმდინარეობდა 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე.

1941 წლის ივნისში გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, ჩერჩილმა დახმარება შესთავაზა საბჭოთა კავშირს და შესაბამისი შეთანხმება 1941 წლის 12 ივლისს გაფორმდა.[1] ამასთან, ჩერჩილმა რადიოგადაცემაში, სადაც საბჭოთა კავშირთან ალიანსის შესახებ გამოაცხადა, მსმენელებს შეახსენა, რომ ალიანსი კომუნიზმის მიმართ მის პოზიციას არ შეცვლიდა.[2]

აღნიშნული დახმარების ორგანიზების საკითხებზე მომუშავე დელეგაციების შეხვედრები ჯერ ლონდონსა და მოსკოვში იმართებოდა, ხოლო 1941 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატების ომში ჩართვის შემდეგ, დელეგაცათა შეხვედრა ვაშინგტონშიც შედგა. მოსკოვის კონფერენციაზე რომელშიც მონაწილეობდნენ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი, რომელთა შორის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა, გერმანიისა და მისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ომის უმოკლეს ვადაში დამთავრებისათვის საჭირო ღონისძიებათა შეთანხმება.

1942 წლის დასაწყისში შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული შტაბების უფროსების კომიტეტი (ინგლ. Combined Chiefs of Staff), რომელიც კოორდინაციას გაუწევდა, როგორც ბრიტანულ და ამერიკულ ოპერაციებს, ასევე მათი მხრიდან საბჭოთა კავშირისთვის გასაწევი დახმარების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას. გლობალური ომის მოსალოდნელ შედეგებთან, მოკავშირეთა ერთიანი სტრატეგიის არარსებობასთან და ევროპასა და აზიას შორის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხები ჯერ კიდევ არ იყო გადაჭრილი, რამაც მალევე გამოიწვია ორმხრივი ეჭვები და უნდობლობა დასავლელ მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის.[1] საკმაოდ მწვავედ იდგა, როგორც მეორე ფრონტის გახსნის (რათა შემსუბუქებულიყო გერმანიის ზეწოლა აღმოსავლეთის ფრონტზე), ასევე — ურთიერთდახმარების საკითხი (რადგან როგორც გაერთიანებული სამეფო, ასევე საბჭოთა კავშირი კრედიტებსა და მატერიალურ მხარდაჭერას შეერთებული შტატებისგან ელოდნენ, ამავე დროს შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის დაძაბულობა კვლავ არსებობდა, რადგან ამერიკელებს არ სურდათ ბრიტანეთის იმპერიის მხარდაჭერა მოკავშირეთა გამარჯვების შემთხვევაში).[1] ასევე, არც შეერთებული შტატები და არც გაერთიანებული სამეფო არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ სტალინისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედების თავისუფლება მიეცათ, ამას გარდა, არ არსებობდა საერთო პოლიტიკა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ გერმანიასთან ომის შემდეგ. ჩერჩილს, რუზველტსა და სტალინს შორის ამ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ტელეგრამებისა და ემისრების მეშვეობით ხორციელდებოდა, ამასთან სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები სასწრაფოდ იყო საჭირო.[1]

კონფერენციის მიზნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეირანის კონფერენციას წინ უძღოდა ამავე წელსვე გამართული კაიროს კონფერენცია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კუომინტანგური ჩინეთის მონაწილეობით. თეირანში განხილული მთავარი საკითხები შეეხებოდა გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზე შეთანხმებას. დისკუსიების შედეგად 30 ნოემბერს შეათანხმეს ჰიტლერის კოალიციის გასანადგურებელი სამხედრო ოპერაციების გეგმები და ვადები, გადაწყდა ევროპაში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ 1944 წლის მაისში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი (იხ. ოპერაცია „ოვერლორდი“). საბჭოთა მხარეს მეორე ფრონტის გახსნის მხარდასაჭერად დაევალა თავდასხმითი ოპერაციების წარმოება 1944 წლის ზაფხულში კარელიაში, ბელორუსიაში, დასავლეთ უკრაინასა და მოლდავეთში. საბჭოთა მხარის წარმომადგენლებმა, იაპონიის მხრიდან საბჭოთა-იაპონიის 1941 წლის ნეიტრალიტეტის შეთანხმების არაერთგზის დარღვევის გათვალისწინებით, ხელი გაუმართეს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოკავშირე მთავრობათა სურვილებს და გამოაცხადეს სსრკ-ის იაპონიასთან ომში ჩართვის შესახებ გერმანიის არმიის საბოლოო განადგურების შემდეგ. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ ანტიჰიტლერულ კოალიციაში თურქეთის ჩათრევისათვის ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე და იუგოსლავიელი პარტიზანებისათვის დახმარების აღმოჩენაზე. თეირანის კონფერენციაზე უმაღლეს დონეზე პირველად განიხილეს ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობისა და უსაფრთხოების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა წინასწარ თანხმობას მიაღწიეს ომის შემდგომი პოლონეთის საზღვრების შესახებ, რომლებიც უნდა გავლებულიყო აღმოსავლეთით „კერზონის ხაზზე“, ხოლო დასავლეთით — მდინარე ოდერზე, განიხილეს გერმანიისა და დუნაისპირა სახელმწიფოების ტერიტორიული მოწყობის საკითხები, შეთანხმდნენ კენიგსბერგის (ახლანდ. კალინინგრადი) საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის საკითხზე.

სამი სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა გაცვალეს აზრები სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ. ირანის შესახებ დეკლარაციაში დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაადასტურეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სურვილი. 12 დეკემბერს მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში აღნიშნულია ამ სამი ქვეყნის სრული თანხმობა „ღერძის“ ქვეყნების წინააღმდეგ კოორდინირებული აქტიური საბრძოლო მოქმედებების განხორციელებაზე. თეირანის კონფერენციამ ხელი შეუწყო ანტიჰიტლერული კოალიციის განმტკიცებას. იგი პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა ომის შემდგომი მოწყობის განხილვისა და რეალიზაციის საქმეში.[3]

  • Churchill, W.: Der Zweite Weltkrieg. Mit einem Epilog über die Nachkriegsjahre. გამომცემლობა Fischer Taschenbuch, 1985
  • Marienfeld, W.: Konferenzen über Deutschland. Die alliierte Deutschlandplanung und -politik 1941–1949. გამომცემლობა für Literatur und Zeitgeschehen GmbH, ჰანოვერი, 1963
  • Ministerium für Auswärtige Angelegenheiten der UdSSR (Hrsg.): Die Teheraner Konferenz 1943. Teheran, Jalta, Potsdam. Konferenzdokumente der Sowjetunion. Pahl-Rugenstein-Verlag, კიოლნი, 1986, ნაწილი 1.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Service, Robert (2005). Stalin: A Biography. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, გვ. 459–60. ISBN 978-0-674-01697-2. 
  2. Bushkovitch, Paul. A Concise History of Russia. (Cambridge University Press: 2012)
  3. Тегеранская конференсия 1943 // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 750.