გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაეროს ემბლემა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR)გაეროს სამდივნოს დაწესებულება, რომელიც მუშაობს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული და 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების მხარდაჭერასა და დაცვაზე. ოფისი დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1993 წლის 20 დეკემბერს.[1] მისი დაფუძნება შედეგად მოყვა ადამიანის უფლებათა 1993 წლის მსოფლიო კონფერენციას.

ოფისს ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას გაეროს მთელ სისტემაში. მისი ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, კერძოდ ჟენევაში. ამჟამინდელი უმაღლესი კომისარი არის ჩილელი მიშელ ბაჩელეტი, რომელმაც 2018 წლის 1 სექტემბერს ჩაანაცვლა იორდანელი ზეიდ რაად ალ ჰუსეინი.[2]

2018-2019 წლებში ოფისის ბიუჯეტი იყო 201.6 მილიონი აშშ დოლარი (გაეროს ბიუჯეტის 3.7%).[3] მას ჟენევასა და ნიუ-იორკში ჰყავს, დაახლოებით, 1 300 თანამშრომელი.[4] ის არის გაეროს განვითარების ჯგუფის კომიტეტის ex officio წევრი.[5]

ფუნქციები და სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მანდატი გამომდინარეობს გაეროს ქარტიის 1-ლი, 33-ე და 55-ე მუხლებიდან, ვენის დეკლარაციისა და სამოქმედო პროგრამიდან და გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის 48/141 დეკლარაციიდან, რომლითაც ასამბლეამ დააწესა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობა. 1997 წლის 15 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმის პროგრამასთან დაკავშირებით (A/51/950, პარაგრაფი 79), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ადამიანის უფლებათა ცენტრი გაერთიანდა OHCHR-ში.

ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ამოცანებია:

  1. ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებით საყოველთაოდ სარგებლობას
  2. ასრულებს წამყვან როლს ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე
  3. ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ადამიანის უფლებებისთვის
  4. ხელი შეუწყოს და კოორდინაცია გაუწიოს ადამიანის უფლებების მოქმედებას გაეროს მთელს სისტემაში
  5. ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების საყოველთაო რატიფიკაციასა და იმპლემენტაციას
  6. მონაწილეობა მიიღოს ახალი ნორმების შემუშავებაში
  7. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა ორგანოებს და განახორციელოს მათი ხელშეკრულებების მონიტორინგი
  8. რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე
  9. განახორციელოს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია
  10. ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების შექმნას
  11. ჩაატაროს სამუშაოები ადამიანის უფლებების სფეროში
  12. უზრუნველყოს განათლების, ინფორმაციული საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური დამხარების მიწოდება ადამიანის უფლებების სფეროში

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი დაყოფილია ორგანიზაციულ ერთეულებად. გენერალური მდივნის მოადგილე ამავდროულად არის OHCHR-ის ხელმძღვანელი და ამ რანგში ეწოდება უმაღლესი კომისარი.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (გენერალური მდივნის მოადგილე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ანგარიშვალდებულია გენერალური მდივნის წინაშე. იგი პასუხისმგებელია OHCHR-ის საქმიანობაზე, ასევე მის მართვაზე და ახორციელებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წლის 20 დეკემბრის 48/141 რეზოლუციითა და პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოების შემდგომი რეზოლუციებით მისთვის სპეციალურად დაკისრებულ ფუნქციებს. იგი რჩევებს აძლევს გაეროს გენერალურ მდივანს ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებში. უზრუნველყოფს, რომ მატერიალური და ადმინისტრაციული დახმარება გამოიყოს ადამიანის უფლებათა პროგრამის პროექტების, საქმიანობისა და ორგანოებისთვის. წარმოადგენს გენერალურ მდივანს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოების შეხვედრებზე და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ღონისძიებზე, ასევე ასრულებს გენერალური მდივნის მიერ დაკისრებულ სპეციალურ დავალებებს. უმაღლესი კომისარი ასევე ხელს უწყობს ადამიანის იმ უფლებების საერთაშორისო სამართალში აღიარებას, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ასეთად მიჩნეული (მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სტრატეგიულ პრიორიტეტად მიღებას, რომლებიც ამჟამად არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებში).[6]

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილე (გენერალური მდივნის თანაშემწე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თავისი საქმიანობის განხორციელებაში, დახმარებას უწევს უმაღლესი კომისრის მოადგილე, რომელიც კომისრის არყოფნისას წარმოადგენს უმაღლესი თანამდებობის პირს. ამასთან, იგი ასრულებს სპეციფიკურ მატერიალურ და ადმინისტრაციულ დავალებებს, რომლებსაც აძლევს უმაღლესი კომისარი. მოადგილე ანგარიშვალდებულია უმაღლესი კომისრის წინაშე.

ამჟამად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილეა ავსტრალიის მოქალაქე ქეით გილმორი.[7]

გენერალური მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში (გაეროს შტაბი, ნიუ-იორკი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალური მდივნის თანაშემწე ადამიანის უფლებათა საკითხებში (არ მოხდეს აღრევა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან, რომელიც ასევე არის გენერალური მდივნის თანაშემწე) ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნიუ-იორკის ოფისს. ნიუ-იორკის ოფისი წარმოადგენს უმაღლეს კომისარს გაეროს შტაბბინაში ნიუ-იორკში და ხელს უწყობს ადამიანის უფლებების ინტეგრაციას პოლიტიკურ პროცესებსა და საქმიანობაში, რომლებსაც ახორციელებენ გაეროს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი ორგანოები. ადამიანის უფლებათა საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობა შეიქმნა 2010 წელს, როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა ივან სიმონოვიჩი.[8] ადამიანის უფლებათა გენერალური მდივნის ამჟამინდელი თანაშემწე, 2016 წლიდან, არის ენდრიუ გილმური.[9]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აპარატის ოფისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აპარატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია უმაღლესი კომისრის წინაშე. აპარატის ოფისის ძირითადი ფუნქციებია:

  1. დაეხმაროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა პროგრამის საქმიანობის ზედამხედველობაში
  2. დაეხმაროს უმაღლეს კომისარს პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის ჩამოყალიბებსა და განხორციელებაში, ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვის საქმეში

ადმინისტრაციული განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი პასუხს აგებს უმაღლესი კომისრის მოადგილის წინაშე. ამჟამად, მისი უფროსი არის კაილ ფ. ვარდი. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

  1. რჩევები მისცეს უმაღლეს კომისარს საბიუჯეტო, ფინანსური და საკადრო საკითხების შესახებ, რომელიც ეხმიანება ადამიანის უფლებების პროგრამას
  2. დაეხმაროს უმაღლეს კომისარს და შესაბამის თანამშრომლებს მათი ფინანსური, საკადრო და ზოგადი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების შესრულებაში, ასევე ასოცირებული ექსპერტისა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებაში

ნიუ-იორკის ოფისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ-იორკის ოფისს ხელმძღვანელობს გენერალური მდივნის თანაშემწე, რომელიც ანგარიშვალდებულია უმაღლესი კომისრის წინაშე. მისი ძირითად ფუნქციებია:

  1. წარმოადგინოს უმაღლესი კომისარი გაეროს შტაბში, პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოთა შეხვედრებზე, წევრ სახელმწიფოთა მუდმივ მისიებში, უწყებათაშორის შეხვედრებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიონალურ ჯგუფებთან, აკადემიურ კონფერენციებსა და მედიასთან
  2. მიაწოდოს უმაღლეს კომისარს პოლიტიკური რჩევები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ

თემატური ჩართულობის, სპეციალური პროცედურებისა და განვითარების უფლების განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური ჩართულობის, სპეციალური პროცედურებისა და განვითარების უფლების განყოფილებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც პასუხიმგებელია უმაღლესი კომისრის წინაშე. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

  1. ხელი შეუწყოს და დაიცვას განვითარების უფლება, კერძოდ:
    1. მხარი დაუჭიროს ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფებს განვითარების უფლების სტრატეგიის მომზადებაში
    2. დაეხმაროს განვითარების უფლების შესახებ საკონსულტაციო მომსახურების პროექტებისა და საგანმანათლებლო მასალების არსებით მომზადებაში
  2. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელების საქმიანობას

ადამიანის უფლებათა საბჭო და სახელშეკრულებო მექანიზმების განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის უფლებათა საბჭოსა და სახელშეკრულებო მექანიზმების განყოფილებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ანგარიშვალდებულია ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წინაშე. განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

  1. ადამიანის უფლებათა საბჭოს, მრჩეველთა კომიტეტისა და მასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფებისა და კომიტეტების გეგმებისა და შეხვედრების მომზადება, რომლებიც შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის ორგანოებისა და მათი სამუშაო ჯგუფების მიერ
  2. შესაბამისი ორგანოს მიერ მონაწილე მხარეთა მოხსენებების განსახილველად მომზადება, გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად

პრაქტიკული საქმიანობისა და ტექნიკური თანამშრომლობის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაქტიკული საქმიანობისა და ტექნიკური თანამშრომლობის განყოფილებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ანგარიშვალდებულია უმაღლესი კომისრის წინაშე. მისი ძირითადი ფუნქციებია:

  1. მთავრობების მოთხოვნით საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების პროექტების შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება
  2. განახორციელოს ადამიანის უფლებათა სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის ნებაყოფლობითი ფონდის მენეჯმენტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brief history. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
  2. OHCHR | High Commissioner. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
  3. OHCHR | Funding and Budget. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
  4. OHCHR | Who we are. ციტირების თარიღი: 5 September 2018.
  5. UNDG Members. Undg.org. დაარქივებულია ორიგინალიდან - 11 May 2011. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  6. An overview of the United Nations Human Rights system; Hogan Lovells International LLP; Advocates for International Development ; 2012; accessed on 27 August 2013
  7. Deputy High Commissioner. Ohchr.org. ციტირების თარიღი: 3 December 2013.
  8. Ivan Šimonović Secretary-General for Human Rights. Ohchr.org (17 July 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 October 2012. ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  9. OHCHR | Andrew Gilmour. ციტირების თარიღი: 2018-12-18