9 აპრილის ტრაგედია
9 აპრილის ტრაგედია | |||
---|---|---|---|
ნაწილი თემისა სსრკ-ის დაშლა | |||
![]() 9 აპრილს დაღუპულთა ფოტოების გამოფენა | |||
თარიღი | 4 აპრილი 1989 – 9 აპრილი 1989 | ||
ადგილი | თბილისი, რუსთაველის გამზირი | ||
გამომწვევი მიზეზი |
სსრკ-ის პოლიტიკური რეპრესიები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერება | ||
მიზნები | სამოქალაქო თავისუფლება, საქართველოს განთავისუფლება | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
| |||
დანაკარგი | |||
|
9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ლიხნის კრების ჩატარების შემდეგ, სადაც 30 ათასმა აფხაზმა აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოსგან გამოყოფა და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, რომელიც აფხაზეთს 1921-1931 წლებში ჰქონდა.
ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. 4 აპრილს დაიწყო შიმშილობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის კიბებეებზე. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეუერთდა მომიტინგეებს, მათ შორის ლიდერები მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები იყვნენ. მომიგინეთა მოთხოვნბი იყი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანა. თანდათან მოთხოვნებს შორის აფხაზეთის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია და ძირითად მოთხოვნად რჩებოდა დამოუკიდებლობის აღდგენა. მიტინგს უერთდებოდნენ რეგიონებიდან ჩასული დიდი ნაკადები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.
დარბევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი. 7 აპრილს, 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. როდიონოვმა, კოჩეტოვმა და პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დაშლის ზოგადი გეგმა. 8 აპრილს ჩატარებულ პარტიულ სხდომაზე პატიაშვილმა უარყო კომპარტიის ზოგიერთი წევრის მოწოდებები მომიტინგეებთან მოლაპარაკებისკენ, ასევე უარი ტქვა მოსკოვიდან შევარდნაძისა და გიორგი რაზუმოვსკის, რომელიც პარტიულ კადრებს განაგებდა, თბილისში ჩასვლაზე. 8 აპრილს გაიმართა საქართველოს სსრ-ის თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როდიონოვი და კოჩეტოვი. სხდომის ჩანაწერი არ არსებობს. შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ.
9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.
მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენერა მეტრეველი, რომელიც მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად, 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა. გარდაიცვალა 12 მაისს საავადმყოფოში.
დაღუპულთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აზა ადამია, 22 წლის;
- ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;
- ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის (შეცდომით გავრცელდა 16 წელი);
- ნატო გიორგაძე, 23 წლის;
- თამუნა დოლიძე, 28 წლის;
- თინა ენუქიძე, 70 წლის;
- ნინო თოიძე, 22 წლის;
- ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
- მანანა ლოლაძე, 34 წლის (შეცდომით გავრცელდა 33 წელი);
- თამარ მამულაშვილი, 50 წლის;
- ვენერა მეტრეველი, 45 წლის;
- მამუკა ნოზაძე, 21 წლის (შეცდომით გავრცელდა 22 წელი);
- ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
- შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
- ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
- თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
- ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
- მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;
- მანანა მელქაძე, 26 წლის (შეცდომით გავრცელდა 23 წელი);
- გია ქარსელაძე, 25 წლის.
გამოძიება და შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასიხისმგებლობა დაკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. 9 აპრილის მოვლენების შესასწავლად კომისია იყო შექმნილი ასევე სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრების მიერ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები. საბჭოთა პრესა „კრასნაია ზვეზდა“ და „ლენინსკოე ზნამია“ დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობბრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 9 აპრილი უკვდავყოფილ იქნა ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით.
ანალოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც.
ბაქოს ტრაგედია – 1990 წლის 20 იანვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, საბჭოთა არმიის მიერ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას მძიმე ტანკებით გაისრისა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა 107 ადამიანი.
ვილნიუსის ტრაგედია – 1991 წლის 13 იანვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაქოში სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ვილნიუსში — 14 მოკლული (მათ შორის ერთი ტანკის მიერ გასრესილი) და 600 დაჭრილი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 44-48, ISBN 978-9941-0-5972-8.
- გოცირიძე ი., „სიმართლის კვალდაკვალ“ — თბილისი, 1990, ISBN 5-529-01050-4