ასფიქსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასფიქსია (ძვ. ბერძნ. ἀ- — „უარყოფითი ნაწილაკი“ და σφύξη — „პულსი“) — მწვავე პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც იწვევს სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ნახშირორჟანგის დაგროვება. ახასიათებს სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა სრულ შეწყვეტამდე.

განარჩევენ მექანიკურ და ტოქსიკურ ასფიქსიას. მექანიკური ასფიქსია შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების უცხო სხეულით დაცობის, მათზე სიმსივნის ან გარეგანი მექანიკური დაწოლის (მოხრჩობა, ჩამოხრჩობა, ჭყლეტაში მოყოლა), ხორხის შეშუპების ან სპაზმის (დიფთერიის, ტეტანუსის დროს) და სხვათა შედეგად. ტოქსიკურ ასფიქსიას სასუნთქი გზების დამთრგუნველ ქიმიურ ნივთიერებათა (მორფინი, კურარე, ციანკალიუმის ნაერთები და სხვა) მოქმედება იწვევს.

ასფიქსიის დროს სუნთქვა გახშირებული და გაღრმავებულია. ავადმყოფს ჯერ ჩასუნთქვა უჭირს, შემდეგ ამოსუნთქვა, ლურჯდება, თავბრუ ეხვევა, კარგავს ცნობიერებას, გუგები უვიწროვდება და შემდეგ ისევ უფართოვდება, გულის რიტმი ერღვევა და სუნთქვა უწყდება. ასფიქსიის კლინიკური სურათი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. სუნთქვის შეჩერებიდან 5-6 წუთის შემდეგ ასფიქსია სიკვდილით მთავრდება ყველა შემთხვევაში.

მკურნალობა: გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია, სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა, ხელოვნური სუნთქვა, გულის მასაჟი და სხვა.

ასფიქსიით გარდაცვლილი ადამიანის გვამის კვეთისას თვალსაჩინოდაა გამოხატული მთელი რიგი დამახასიათებელი ცვლილებები: გვამური ლაქები, ციანოზი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები ლორწოვან და სეროზულ გარსებქვეშ, ფილტვების მწვავე შეშუპება, ემფიზემა და სხვა. ამ ცვლილებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო მედიცინაში სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია ნაყოფისათვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხების ან სრული შეწყვეტის შედეგია და გამოწვეულია ჭიპლარის სისხლის მიმოქცევის დარღვევით, დედის ან ნაყოფის დაავადებით. ნაყოფის ასფიქსიის დროს საჭიროა ნაყოფის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და მშობიარობის დაჩქარება. ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია მკვდრადშობის, ჩვილთა სიკვდილის, აგრეთვე ბავშვის შემდგომი განვითარების პროცესში მომხდარი დარღვევების უხშირესი მიზეზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]