საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი (რუს. Президиум Верховного Совета Грузинской ССР) — საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი და მის წინაშე ანგარიშვალდებული კოლეგიური ორგანო, რომელიც საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებდა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიათა შუა პერიოდში.

კომპეტენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენციას განსაზღვრავდა რესპუბლიკის კონსტიტუცია (მმ. 113-18). მას ირჩევდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო (პირველ სესიაზე) დეპუტატებისაგან თავჯდომარის, მისი 3 მოადგილის (2 — ავტონომიური რესპუბლიკებისაგან), მდივნისა და 14 წევრის შემადგენლობით. მის კომპეტენციაში იყო საბჭოების არჩევნების დანიშვნა, უმაღლესი საბჭოს სესიების მოწვევა, საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის დაცვის კონტროლი და მასთან ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების შესაბამისობის უზრუნველოყოფა, რესპუბლიკის კანონების განმარტება, ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობის საკითხები, საქართველოს სსრ-ის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა კანონშეუსაბამო დადგენილება-განკარგულებების გაუქმება, რესპუბლიკის საპატიო წოდებების დაწესება მინიჭება, საქართველოს სსრ-ის მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალება, რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის საკითხები და სხვა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე დასამტკიცებლად შემდგომი წარდგენის პირობები, შეჰქონდა ცვლილებები საქართველოს სსრ-ის მოქმედ საკანონმდებლო აქტივებში, სამინისტროებისა და სახელმწიფო კომიტეტების ნუსხასა და მთავრობის შემადგენლობაში, ამტკიცებდა ავტონომიური რესპუბლიკების საზღვრების შეცვლას, ქმნიდა ახალ რაიონებსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გამოსცემდა ბრძანებულებებს და იღებდა დადგენილებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]