ვილნიუსის სისხლიანი კვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამაკაცი ლიეტუვის დროშით საბჭოთა ტანკის წინ

ვილნიუსის სისხლიანი კვირა (იგივე იანვრის მოვლენები) — 1991 წლის 11 იანვრიდან 13 იანვრამდე საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმების მიერ ლიეტუვის მთავრობის არაკანონიერად დამხობის მცდელობა. პარლამენტის შენობისა და ვილნიუსის ტელეანძის დაცვის დროს დაიღუპა 14 შეუიარაღებელი მშვიდობიანი დემონსტრანტი და დაიჭრა 702. იანვრის მოვლენების შედეგად მოხდა ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის საბოლოო აღდგენა.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული თავდაუსხმელობის პაქტის (იგივე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი) მიხედვით, ლიეტუვა მოექცა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში. 1940 წლის ივნისში წითელმა არმიამ დაიკავა ლიეტუვა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა ოკუპაცია დროებით გადადო. საბოლოოდ, 1944 წლის ივლისში ლიეტუვა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით. 1990 წლის 11 მარტს ლიეტუვამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა (ის იყო პირველი, რომელმაც საბჭოთა კავშირი დატოვა). საბჭოთა იმპერია რა თქმა უნდა არ შეეგუა ამას და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მათ მიზანს ლიეტუვაში სიტუაციის დაძაბვა და არეულობის მოწყობა წარმოადგენდა. საბჭოეთმა ლიეტუვას ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ბალტიისპირეთის ქვეყნის ეკონომიკას. ინფლაციის მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა. ფასები იზრდებოდა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ამავდროულად საბჭოთა კავშირი ფარულად აღვივებდა ეთნიკური დაპირისპირებას. ლიეტუვაში მცხოვრები რუსი, პოლონელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები ღიად აპროტესტებდნენ ეთნიკურ დისკრიმინაციას. რუსი მოსახლეობის დაცვის საბაბით საბჭოთა კავშირმა 1991 წლის იანვარში გაგზავნა ელიტარული შეიარაშებული ძალები და სპეცდანიშნულების რაზმები. ლიეტუვის მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს ძალის გამოყენებაზე უარი ეთქვა, თუმცა უშედეგოდ. 8 იანვარს პრორუსულმა მოძრაობა „ერთიანობამ“ ლიეტუვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო და შენობის დაკავება სცადა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. „ერთიანობა“ და ლიეტუვის კომუნისტური პარტია აგრძელებდნენ პროვოკაციების მოწყობას. ლიეტუვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვიტაუტას ლანდბერგისმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეებს შეკრებისა და სამთავრობო შენობების დაცვისკენ მოუწოდა.

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 იანვრის ღამეს საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს ვილნიუსის ტელეანძაზე. მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც იცავდა ტელეანძის შენობას, საბჭოთა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. უმრავლესობა ტყვიას ემსხვერპლა, ხოლო 2 კი — ტანკმა გასრისა. საბოლოოდ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ტელეანძა და მაუწყებლობა შეწყვიტეს. მიუხედავად აგრესიისა ხალხი მაინც გროვდებოდა ლიეტუვის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებს აწყობდნენ და დასახვედრად ემზადებოდნენ. საბოლოოდ საბჭოთა ჯარებმა უკან დაიხიეს.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდასხმების შედეგად ლიეტუვის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა დაეგმოთ საბჭოთა კავშირის აგრესიული და არაკანონიერი ქმედებები ლიეტუვის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მალევე მათ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ნორვეგიამ, პოლონეთმა და ისლანდიამ. საბჭოთა კავშირმა რა თქმა უნდა უარყო ბრალდებები. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვიც, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვიც და შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის პუგოც უარყოფდნენ თითქოს მათ გასცეს ცეცხლის გახსნის ბრძანება. რუსულ მხარეს თუ დავუჯერებთ, ცეცხლი პირველებმა დემონსტრანტებმა გახსნეს.

დაძაბულობა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა, თუმცა ღია შეიარაღებული დაპირისპირება არ მომხდარა. დასავლეთის ზეწოლისა და ქვეყნის შიგნით დაწყებულმა ანტი-საბჭოურმა პროცესებმა საბჭოთა კავშირი აიძულა ლიეტუვის დამორჩილებაზე ხელი აეღო.

1991 წლის 9 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ლიეტუვის სრულ და აბსოლუტურ დამოუკიდებლობას მონაწილეთა 90,47%-მა დაუჭირა მხარი.

ხშირად ვილნიუსის სისხლიან კვირას ადარებენ შავი იანვრისა და 9 აპრილის ტრაგედიებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]