დმანისის შემოერთება (1124)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დმანისის შემოერთებადავით აღმაშენებლის სამეფო ხელისუფლების მიერ საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.

ქვემო ქართლში ორი მნიშვნელოვანი ცენტრი არსებობდა — სამშვილდე და დმანისი. 1110 წელს დავითმა სამშვილდე შემოიმტკიცა, ჯერი დმანისზე მიდგა. დიდგორის ბრძოლაში მუსლიმური კოალიციის შეკრებაში დმანისელმა დიდვაჭრებმა და წარჩინებულებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მართალია, დმანისი თავისი მასშტაბებით თბილისს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ მასაც ამირა განაგებდა და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა. ქართული მიწა-წყლიდან ეს იყო ბოლო ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ერთიანი ქართული მონარქიის საზღვრებში მოქცეული.[1]

1123 წლის ზაფხულში, შირვანში ლაშქრობის შემდეგ, დავით აღმაშენებელი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მცირე ხანს დაასვენა ლაშქარი. მემატიანის თქმით, მეფეს შემოდგომა გეგუთში გაუტარებია,[2] 1124 წლის მარტში კი დავითი ქართლში გადმოვიდა და დმანისზე გაილაშქრა. როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში ყოფნისას მეფე საგანგებოდ ამზადებდა დმანისის შემოერთების ოპერაციას. ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაუფლება ადვილი არ იყო და ამისათვის წინასწარი სამზადისიც ჩატარდებოდა.[3]

1124 წლის მარტში დავით აღმაშენებელმა დმანისი აიღო.[2] მემატიანე მშრალად მიუთითებს — „აიღო ქალაქი დმანისი“. როგორც ჩანს, ქალაქის დასაუფლებლად დიდი ბრძოლები არ გამართულა.[2] შესაძლებელია, ყოველმხრივ შევიწროებულ დმანისელებს თავიანთი ნებითაც ეღიარებინათ ერთიანი საქართველოს მეფის უზენაესობა.[3] დმანისი სამეფო ქალაქად გამოცხადდა. დავითის მემკვიდრეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ მის განვითარებას — აშენებდნენ ტაძრებს, სასახლეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]