ანისის შემოერთება (1124)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანისის შემოერთება — საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ამიერკავკასიიდან თურქ-სელჩუკთა განდევნისა და ქვეყნის გაძლიერებისათვის გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიება.

ძლიერი საქართველოს სამეფო, დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის.

დავითის ისტორიკოსი საოცარი სიზუსტით გადმოგვცემს ანისის თავკაცების მისიის შესახებ, „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. მემატიანის თანამიმდევრულობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. როგორც ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისიდან ჩანს ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის შემოერთების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავებისა (1124 წლის აპრილი) და ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში.

სრულიად უეჭველია დავითის ისტორიკოსის ცნობა იმის შესახებ, რომ ანელი თავადები საქართველოს მეფეს ეახლნენ 1124 წლის აგვისტოში. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო.

როგორც ჩანს, სომეხმა თავკაცებმა დავითი მიიწვიეს ანისიდან მუსლიმანთა განსადევნად და ქალაქის გასათავისუფლებლად. ქალაქი ანისი მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო, ამ პერიოდში ქალაქს ფლობდა აბულ-ასვარი, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.

აბულ-ასვარი ძალზე ავიწროებდა ქალაქის მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ რელიგიურ რწმენას. ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს, რომ მან ქალაქ ხლათიდან ჩამოიტანა ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა. ამასთან, აგრესიულმა მფლობელმა გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად ქალაქ კარის ამირასათვის (იგი სელჩუკი იყო) მიეყიდა. ბუნებრივია, აბულასვარის ამგვარმა მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანელებმა გადაწყვიტეს დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელის ცნობით ანისისა და შირაკის ოლქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს გამოსავალი ეპოვათ იმით, რომ თხოვნის ხელი გაეწოდათ ქართლის მეფის დავითისთვის, მათ უღალატეს აბულსუვარ მანუჩეს ძეს, რომელიც ფლობდა ქალაქს მამის სიკვდილის შემდეგ და გაუღეს რა ქალაქის კარი შემოუშვეს შიგნით ის მეფე დავითი. დავითი თანაგრძნობით შეხვდა ანელ თავადთა თხოვნას, სასწრაფოდ გააგზავნა „წიგნები წვევისა“, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა და ანისისკენ გაემართა. დავითმა „მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი.“ ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „უჭირველად“ მოხდა ანისის აღება. სამუელ ანელი აღნიშნავს, რომ „ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. დავითს მანუჩეს შვილები ანისიდან გაუძევებია, თბილისს გაუგზავნია.

საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.

დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისის გამგებლად ქართველი დიდებულები აბულეთი და მისი შვილი ივანე დატოვა, შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ქვეყნები კასპიის ზღვამდე ხაბანდა დიდი სომხეთის აცახის პროვინციაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]