მონაპირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მონაპირესაქართველოს ფეოდალური მონარქიის საზღვრისპირა ოლქის (სანაპიროს) გამგებელი ფეოდალი (ერისთავი ან ერისთავთერისთავი) XII საუკუნისა და XIII საუკუნის I მესამედში. მონაპირე თავისი ფუნქციებით იგივე იყო, რაც მარკგრაფი ფეოდალურ დასავლეთ ევროპაში. სანაპიროები შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს თურქ-სელჩუკთაგან განთავისუფლების შემდეგ დავით აღმაშენებლის დროს. მაშინ მონაპირე მეფის მოხელე იყო, მის სრულ მორჩილებაში მყოფი ვასალი. მომდევნო ხანაში იყო თანდათან სანაპიროს მემკვიდრე პატრონად („მემამულე“) იქცა, რომელსაც საკუთარი სუბვასალები ჰყავდა და ფაქტობრივად მეფის ყმადნაფიცი „ხელმწიფის“ როლში გამოდიოდა. მონაპირეთა ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხედრო საქმის ორგანიზაციაში, ქვეყნის თავდაცვის სისტემაში.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე არსებობდა შემდეგო სანაპიროები: ჰერეთის, კამბეჩოვანის, გაგის, ტაშირის, ძორაგეტის, თმოგვის, თორის, სამცხის (არტაანის), შავშეთ-სპერისა (ფანასკერტის) და ყარსის. დავით აღმაშენებელმა სანაპიროთა ნაწილში ჩაასახლა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოყვანილი ყივჩაღები. მონაპირე ვალდებული იყოთვალყური ედევნებინა მოსაზღვრე ქვეყნებისათვის და დაეცვა საზღვარი მტრის მოულოდნელი შემოსევებისაგან. იგი სამხედრო დავით ოპერაციებს დამოუკიდებლად აწარმოებდა, შეტევითს კი - მხოლოდ მეფის განკარგულებით. მონაპირე (და სანაპიროს მოსახლეობაც) გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა, რის გამოც ფეოდალები და რიგითი მოლაშქრენი „რომელნი შიგნით იყვნეს, იგინი სანაპიროთა იაჯდეს“. მონაპირის მოვალეობა კარგადაა ნაჩვენები ვეფხისტყაოსანში. ავთანდილს, როგორც მონაპირეს, ევალება: დაიცვას საზღვარი, ებრძოლოს მეფის ურჩ მეზებლებს, დროდადრო მეფეს ეახლოს, ძღვენი მიართვას და ანგარიში ჩააბაროს. მონაპირეთა ინსტიტუტი გაუქმდა მონღოლების ბატონობის დაწყებისთანავე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., შოთა რუსთველი და მისი პოემა, თბ., 1966;
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხი, წგნ. 7, თბ., 1974;
  • ჩხატარაიშვილი ქ., უცხოელები XII საუკუნის საქართველოს ლაშქარში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
  • ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 7, გვ. 91, თბ., 1984