გარიგება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარიგება — ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ[1]. გარიგების ცნება კერძო სამართლის უზოგადესი ცნებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა დარგებშიც, მაგალითად, საკორპორაციო და საბანკო სამართალში. ამიტომ გარიგებებთან დაკავშირებული ნორმები, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილშია მოცემული, გამოიყენება ყველა სახის კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ, რომელთაც ნების გამოვლენა უდევთ საფუძვლად[2].

ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამეტია. სამოქალქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებერივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში — ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის მაგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს[3].

მართალია, გარიგების ძირითადი ბირთვი ნების გამოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ნების გამოვლენა არ წარმოშობს სამართლებრივ ურთიერთობებს. ნების გამოვლენის ნამდვილობა მრავალ გარემოებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ეს გარემოებები სამოქალაქო კოდექსით ან სხვა კანონებითაა განსაზღვრული და მათ გარიგებათა სამართლებრივ პირობებს უწოდებენ (condictiones iuris)[2].

წარმოშობა და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნება „გარიგება“ და „ნების გამოვლენა“ პირველად XVIII საუკუნეში წარმოიშვა. მართალია, რომის სამართალი იცნობდა გარიგების თითქმის ყველა ტიპს, რომელიც XIX საუკუნის სამოქალქო სამართლის კოდიფიკაციებში აისახა, მაგრამ გარიგების ერთიანი ცნება მისთვის უცხო იყო. გარიგების ცნების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სამოქალაქო სამართლის ე.წ. პანდექტური სისტემის წარმოშობასთან. პანდექტური სამართლის ერთ-ერთი დამსახურება იყო იუსტინიანეს დიგესტების ახლებური სისტემატიზაცია. ამ ახალმა სისტემამ კერძო სამართალს შეუქმნდა ზოგადი ნაწილი და ცალკეული ინსტიტუტები, როგორიცაა სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი. სამოქალაო სამართლის ახალი სისტემის განსაზღვრისას პანდექტური სამართლის ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნება ზოგადი ნაწილის შექმნა, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს მოძღვრება გარიგებებზე[4].

„გარიგების“ ცნების წარმოშობა დაკავშირებულია გეტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, გეორგ არნოლდ ჰაიზელის სახელთან. 1807 წელს გამოცემული შრომის პირველ წიგნში, რომელსაც „ზოგადი მოძღვრებები“ ეწოდება, მან სამოქალაქო სისტემის დახასიათებისას მოიხსენია „მოქმედებანი“, რომელიც ორ პარაგრაფად იყოფა: „ნების გამოვლენა“ და „განსაკუთრებით გარიგებანი“. ეს სისტემა აიტაცა XIX საუკუნის პანდექტურმა სამართალმა[5].

„გარიგება“ გერმანული წარმოშობის სიტყვაა. მას ორიგინალ ენაზე ეწოდება „სამართლებრივი საქმე“ — Rechtsgeschäft. იგი პირველად მოხსენიებული იყო 1794 წელს წიგნში „მთელი დღევანდელი ცივილური სამართლის სისტემა“[5].

მოძღვრება გარიგების შესახებ საკანონმდებლო განმტკიცებას პირველად პრუსიულ სამართალში პოულობს. 1794 წლის პრუსიული სამართლის წიგნი იყენებს ტერმინს არა „გარიგებას“, არამედ „ნების გამოვლენას“. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის დასაწყისში გარიგების ცნება ცნობილი იყო, მაგრამ პირველი კოდიფიკაციები — საფრანგეთისა და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსები მას არ იცნობენ[5].

გარიგების პირველი ლეგალური გვხვდება საქსონიის 1863 წლის სამოქალქო კოდექსში. მართალია, 1896 წლის გერმანიის სამოქალაქო კოდექსი გარიგების ლეგალურ დეფინიციას არ იძლევა, მაგრამ ზოგადი ნაწილის ერთი თავი მთლიანად მას აქვს დათმობილი. არც ავსტრიის სამოქალქო კოდექსი არ იცნობდა გარიგების ცნებას, მაგრამ 1916 წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მას დაემატა ახალი თავი სახელწოდებით „ხელშეკრულებებისა და ზოგადი გარიგებების შესახებ“. ანგლოამერიკულ სამართალში გარიგებების შესახებ დებულებები მოცემულია სამართალში „Law of Contract“. მნიშვნელოვანი იყო „ზოგადი ნაწილისა“ და „გარიგებების“ ადგილი და როლი საბჭოთა რუსეთის 1922 წლის სამოქალქო კოდექსში, რომლის გავლენით საქართველოს სსრ-მაც მიიღო სამოქალაქო კოდექსი[6].

გარიგების სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალმხრივი და მრავალმხრივი გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალმხრივი გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცალხმრივია გარიგება, რომელთა ნამდვილობისთვის საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. იმის გამო, რომ ამ ტიპის გარიგებების დროს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა დამოკიდებულია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენაზე, კანონი ხშირად განსაზღვრავს ამგვარ გარიგებებსა და მათი განხორციელების სამართლებრივ ჩაროჩოებს. გამოყოფენ ცალმხრივი გარიგებების სამ ჯგუფს[7]:

პირველ ჯგუფს განეკუთვნება ცალმხრივი გარიგებები, რომლეციც მხოლოდ მოქმედ, ე.ი. ნების გამომვლენ პირს ეხებიან. ამის მაგალითია საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით, მაგალითად, როდესაც პირი მოძრავ ნივთს უწყვეტად ფლობს ხუთი წლის განმავლობაში როგორც საკუთარს, მასზე მოიპოვებს საკუთრების უფლებას[7].

მეორე ჯგუფს შეადგენენ გარიგებები, რომლცებიც, მართალია, იურიდიულ ძალას იძენენ მხოლოდ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირებს. ასეთი გარიგების კლასიკური მაგალითებია ანდერძი და მინდობილობის გაცემა. ორივე შემთხვევაში მესამე პირი — მემკვიდრე ან რწმუნებული იღებს უფლებრივ უპირატესობას, რომ მიიღოს სამკვიდრო ან განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება[7].

მესამე ჯგუფს მიეკუთვნება გარიგებები, რომლის დროსაც გარიგება, მართალია, მესამე პირებს ეხება, მაგრამ შესაძლებელია მან სამართლებრივი ზიანი მოუტანოს მათ. ამიტომ ასეთი გარიგების განხორციელების უფლება პირს სპეციალურად კანონით ან წინასწარ დადებული ხელშეკრულებით მიენიჭება. ამგვარი ცალმხრივი გარიგების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა. რადგან ასეთი ნების გამოვლენა ყოველთვის საზიანოდ ეხება მესამე პირთა ინტერესებს, კანონი დაწვრილებით განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, თუ როდის შეუძლიათ პირებს ასეთი მოქმედება[7].

ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორმხრივია (მრავალმხრივი) გარიგება, რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელია სულ მცირე ორი პირის მიერ ნების გამოვლენა[8].

ხელშეკრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულება ორმხრივი (მრავალმხრივი) გარიგების კლასიკური ფორმაა, რომლის დასადებადაც აუცილებელია სულ მცირე ორი პირის მიერ ნების გამოვლენა. ამასთან, ნების გამოვლინებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ამას კონსესუსი ეწოდება. მის გარეშე ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება[8].

თავის მხრივ, ხელშეკრულება ცალმხრივად და ორმხრივად იყოფა. ცალმხრივია ხელშეკრულება, როდესაც მის მხარეებს მხოლოდ უფლებები ან მხოლოდ მოვალეობები აქვთ. მაგალითად, ჩუქების ხელშეკრულების დროს მჩუქებელს უფლება აქვს აჩუქოს, ხოლო დასაჩუქრებულს უფლება აქვს მიიღოს საჩუქარი. ორმხრივი ხელშეკრულების დროს მის მხარეებს აქვთ როგორც უფლებები, ისე მოვალეობები. ორმხრივი ხელშეკრულების მაგალითია ნასყიდობა, რომლის დროსაც გამყიდველს უფლება აქვს, მიიღოს გაყიდული ქონების ფასი და, ამავე დროს, ვალდებულია გადასცეს ქონება მყიდველს, ხოლო მყიდველს უფლება აქვს, მიიღოს ქონება და, ამავე დროს, ვალდებულია, გადაიხადოს ქონების საფასური[9].

გადაწყვეტილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალმხრივი გარიგების მეტად გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილებები, რომლებიც პირთა უმრავლესობის მიერ მიიღება. არსებითი, რაც მას ხელშეკრულებისგან განასხვავებს, ესაა კონსესუსის არარსებობა. ხელშეკრულება იდება მხარეთა მიერ ნების გამოვლენის კონსესუსის საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილება — ხმათა უმრავლესობით[9].

კაუზალური და აბსტრაქტული გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაუზალურია გარიგება, რომლიდანაც გამომდინარეობს გარიგების მიზანი და რომელსაც აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი — causa (ლათნური). გარიგების იმ უშუალო ტიპურ საფუძველს (მიზანს), რომელიც გადაცემის სამართლებრივ ხასიათს განსაზღვრავს, ეწოდება სამართლებრივი საფუძველი. კაუზალური გარიგებების განხილვისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სამართლებრივი და არასამართლებრივი საფუძვლები. პირველი მათგანი გარიგების შინაარსს განსაზღვრავს, ხოლო მეორე გავლენას არ ახდენს გარიგებაზე[10].

აბსტრაქტული გარიგების დროს, კაუზალურისგან განსხვავებით, სამართლებრივ საფუძველს მნიშვნელობა არ აქვს და გარიგების ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობისგან. მაგალითად, მინდობილობის გაცემა. მართალია, მინდობილობა გაიცემა რომელიმე ძირითად ურთიერთობასთან დაკავშირებით (ნასყიდობა, მომსახურება და სხვ.), მაგრამ თვით მინდობილობის გაცემა დამოუკიდებელია ამ ურთიერთობის ხასიათისგან[11].

გარიგების ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისთვის, რომ გარიგება ნამდვილად ჩაითვალოს, საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა კანონით არ არის დაწესებული, მაშინ მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი[12].

გარიგება შეილება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მონაწილე მხარეთა ხელმოწერა; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგება ან გარიგების ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან სხვა პირმა[13].

გარიგების იმ ფორმის მიმართ, რომლის არჩევა გარიგების მონაწილეებს თვითონ შეუძლიათ, კანონი რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, თუმცა აუცილებელია, რომ ნება გამოხატული იყოს მისი მიმღებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით[14].

თუ გარიგების ფორმა კანონით ან მხარეთა შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ამ ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ჩაითვლება ბათილად[15].

ბათილი გარიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარიგება მიიჩნევა ბათილად, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს[16].

მართლსაწინაამდეგო და ამორალური გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს[17].

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით)[18].

ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე[19].

მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)[20].

თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)[21].

ნების გამოვლენის არასერიოზულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა[22].

ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი,რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ[23].

ქმედუუნარობა ან ფსიქიკური აშლილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროსაც. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული[24].

ფორმის დაუცველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა[15].

ბათილი გარიგების სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო, რომ გარიგების ბათილობის მიზეზი, მოსალოდნელი შედეგი და გამოსწორების შესაძლებლობა სხვადასხვაა, კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ბათილობის სხვადასხვა ფორმებს[25].

უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისეთ გარიგებებს, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, კანონი უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას უწოდებს. იგი ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმაა. ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ. ასეთი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მომქედება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება[25].

ნაწილობრივად ბათილი გარიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწილობრივად ბათილია გარიგება, რომელიც მთლიანობაში შეიძლება იყოს ნამდვილი, მაგრამ მისი ესა თუ ის ნაწილი სამართლებრივად უვარგისია[25].

მერყევად ბათილი გარიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერყევად ბათილია გარიგება, რომელიც, მართალია, დადების მომენტში ბათილია, მაგრამ მისი უფლებამოსილი პირის მიერ მოწონების შემთხვევაში ნამდვილად იქცევა[25]. მაგალითად, არასრულწლოვნის მიერ კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული ორმხრივი გარიგება (ხელშეკრულება) არის მერყევად ბათილი. თუ მისი დადების შემდეგ კანონიერი წარმომადგენელი მას მოიწონებს, იგი ნამდვილი გახდება[26].

საცილო გარიგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების (ე.ი. მისი გაუქმების მოთხოვნის) შემდეგ ძალას კარგავს, ეწოდება საცილო გარიგება. მისი ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, გაასაჩივრებს (შეეცილება) თუ არა გარიგების მხარე ან უფლებამოსილი პირი ამ გარიგებას. თუ ეს მოხდა, მაშინ გარიგება დადების მომენტიდანვე ჩაითვლება ბათილად[25].

პირობითი გარიგებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია უცნობ და სამომავლო მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა ამ მომენტის დადგომისთანავე[27].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გარიგება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 50-ე მუხლი
  2. 2.0 2.1 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 313
  3. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 312
  4. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 307
  5. 5.0 5.1 5.2 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 308
  6. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 309-310
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 316
  8. 8.0 8.1 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 319
  9. 9.0 9.1 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 320
  10. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 326
  11. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 327
  12. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილი
  13. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლი
  14. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 348
  15. 15.0 15.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი
  16. ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 381
  17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი
  18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი
  19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი
  20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი
  21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი
  22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი
  23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილი
  24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლი
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000, გვ. 382
  26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლი
  27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლი