ვახტანგ ჯაოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაოშვილი.
ვახტანგ ჯაოშვილი
დაბ. თარიღი 25 თებერვალი (10 მარტი), 1914
დაბ. ადგილი ბილიასუვარი, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1997(1997-03-26) (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი

ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი (დ. 25 თებერვალი (10 მარტი), 1914, ბილიასუვარი, ბაქოს გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანი, — გ. 26 მარტი, 1997, თბილისი) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1980-1996), სკკპ წევრი 1939 წლიდან.[1]

1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმია-ტექნიკის ფაკულტეტი. 1941 წელს მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. ინსტიტუტის დამთავდრების შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობაზე. 1941-1945 წლებში სამამულო ომის მონაწილე, 1953 წლიდან სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1967-1977 წლებში მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, 1978 წლიდან ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ვახტანგ ჯაოშვილი იყო ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. იგი აგრეთვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურს მოსახლეობის გეოგრაფიაში.

მისი ნაშრომები ეძღვნება ეკონომიკურ გეოგრაფიას, მოსახლეობის და განსახლების გეოგრაფიას და ქალაქთმცოდნეობის საკითხებს. მეცნიერული მუშაობის ძირითადი სფერო იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია. მუშაობდა უმთავრესად დემოგრაფიისა და ურბანიზაციის საკითხებზე, აგრეთვე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. შეიმუშავა საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკის ურბანიზაციის კონცეფცია.[2]

გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია. მისი შრომები დაიბეჭდა აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში.[2] დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავისა და დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენებითა და მედლებით.

1970 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი, 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1993 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია, 1997 წელს კი ღირსების ორდენი. დაკრძალულია თბილისში, ვერეს სასაფლაოზე.[2] მისი სახელობისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლა.[3]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბ., 1984;
  • ქუთაისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., 1962.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]