შინაარსზე გადასვლა

საქართველო VI საუკუნეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს.
სასანიანების ირანი ხოსრო II-ის დროს.

საქართველო VI საუკუნეში იყო სასანიდურ ირანსა და ბიზანტიის იმპერიას შორის დაპირისპირების არეალი. ორივ იმპერიამ VI საუკუნეში მიაღწია საკუთარი სიძლიერის ზენიტს. ირანმა VI საუკუნეში გააუქმა ქართლის სამეფო და იბრძოდა ეგრისის სამეფოს დასაკავებლად და შავ ზღსქართველოს ვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად. დასავლეთ საქართველოში ირანსა და ბიზანტიას შორის ოცწლიანი ომი, რომელიც ეგრისის დიდი ომის სახელითაა ცნობილი, ბიზანტიის გამარჯვებით დასრულდა.

მეფობის გაუქმება ქართლში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს ირანმა გააუქმა მეფობა ალბანეთში, ხოლო სომხეთის სამეფო წინა საუკუეში იყო გაუქმებული. ცხადი იყო, რომ ირანი ქართლშიც იმავეს აპირებდა. ირანის შაჰმა ქართლის მეფე გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და ზოროასტრიზმის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, მეფემ თავი ბიზანტიას შეაფარა. ამით ქართლში მეფობა გაუქმდა. ქართლის მმართველი გახდა ირანელი მოხელე მარზპანი. წყაროებში ნახსენებია ქართლის მარზპანი არვანდ გუშნასპი. მანამდე კი ბიზანტიის იმპერიამ დაიკავა ჯავახეთი, კლარჯეთი და სამცხე.

533-537 წლებში ქართლში მივიდნენ ასურელი მამები: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი და ისიდორე სამთავრელი. მათი მიზანი ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება იყო. მათ ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებას. მათ მიერ დაარსებული მონასტრები ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერებად იქცნენ.

ქართლისგან განსხვავებულად უყურებდნენ ირანს ეგრისის სამეფოში. ლაზიკაში ირანს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის შვილმა წათე I-მა ზოროასტრიზმი მიიღო. 523 წელს წათე მეფე გახდა. ის მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ მიიღებდა, ამიტომ კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათეს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ, ირანის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გაგზავნა. წათემ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი იყო იუსტინიანე I. ლაზებმა და ბიზანტიელებმა ირანელები დაამარცხეს. იუსტინიანემ ეგრისის ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩაეყენებინა. მათი მომარაგება ადგილობრივ მოსახლეობას დაევალა. ლაზები თავდაპირველად ასრულებდნენ ამ მოვალეობას, ხოლო შემდეგ შეწყვიტეს გარნიზონების მომარაგება. ბიზანტიელებმა ციხეები დაცალეს და ირანმა ისინი უბრძოლველად დაიკავა.

531 წელს ირანის შაჰი გახდა ხოსრო I ანუშირვანი. 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო საუკუნო ზავი. ბიზანტიას სკანდა და შორაპანი დაუბრუნდა. იუსტინიანე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო ამიტომ მან დასავლეთ საქართველოს გამაგრება დაიწყო. ააგებინა ძლირი ციხესიმაგრე პეტრა.

დიდი ომიანობა ეგრისში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I
ხოსრო II-ის გამოსახულება მონეტაზე.

ბიზანტიელთა ბატონობისგან შეწუხებულმა ლაზებმა დახმარება ირანის შაჰს სთხოვეს. 542 წელს ხოსრო I ქართლში დიდი ჯარით შევიდა. შაჰი ხმას ავრცელებდა, რომ ჰუნების წინააღმდეგ ლაშქრობისთვის ემზადებოდა. ირანის ჯარმა სწრაფად გაიარა ქართლი. საზღვარზე ირანელებს გუბაზ II-ს მეგზურები დახვდნენ და ლაზიკაში გადაიყვანეს. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი პეტრას ციხე. ამ დროს შაჰმა შეიტყო რომ ბიზანტიელთა დიდი ლაშქარი ველისარიუსის სარდლობით ირანში შეჭრილიყო. ხოსრო ირანში დაბრუნდა და პეტრას ციხეში გარნიზონი დატოვა. ამ დროს ბიზანტიას მდგომარეობა გაურთულდა დასავლეთით. ამიტომ ირანს დაზავება შესთავაზა. 545 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო ხუთწლიანი ზავი.

ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო. მას ლაზიკის მოსახლეობა უნდა აეყარა და ამ ტერიტორიაზე ირანელები უნდა დაესახლებინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის კი აუცილებელი იყო გუბაზ მეფის მკვლელობა. ამ მიზნის შესასრულებლად ირანელებმა შეარჩიეს ლაზი დიდებული ფარსანსი. ფარსანსმა გუბაზთან პირადი კონფლიქტი დაივიწყა და მეფეს ყველაფერი მოახსენა. ირანელთა ბატონობისგან მთელი მოსახლეობა შეწუხებული იყო. ირანელები ბიზანტიელებს არაფრით არ სჯობდნენ. გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ და დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. ამ დროისთვის იუსტინიანეს მოგვარებული ჰქონდა პრობლემები დასავლეთში. 549 წელს ბიზანტიელთა ლაშქარი დაგისთეს სარდლობით პეტრას ციხეს მიადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. დაგისთემ შეცდომა დაუშვა და მეტად მცირე რაზმი გაგზავნა ლიხის ქედის გადმოსასვლელის დასაცავად. ირანის ჯარმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხა ლაზიკაში შესვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს. ირანელებმა კიდევ უფრო გაამაგრს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს. ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. 550 წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი ხურიანე. ირანის ჯარი აირია, ლაზების შეტევას ვერ გაუძლო და დამარცხდა. ბიზანტიელებმა ამის შემდეგ შეძლეს პეტრას აღება, მაგრამ არ დაიკავეს და დაანგრიეს

ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ამჯერად ირანელთა სამიზნე არქეოპოლისის აღება იყო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწეს. ლაზმა დიდებულმა თოეფობით ირანელებს უქიმერიონის ციხე გადასცა და თაკვერისა და სვანეთისკენ გზა გაუხსნა. ირანელებმა სვანეთი დაიკავეს და იქ თავისი ჯარი ჩააყენეს. ამავდროულად ბიზანტიელთა წინააღმდეგ დაიწყო აბაზგების აჯანყება 550 წელს და მისიმიელთა აჯანყება 555 წელს. ბიზანტიელთა სარდლებმა 554 წელს მოკლეს გუბაზ II, რადგან ის ადგილობრივი სარდლების მოქმედების შესახებ იმპერატორს ატყობინებდა. გუბაზის მკვლელობამ ლაზების სასტიკი აღშფოთება გამოიწვია. ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. ნაწილი აიეტის მეთაურობით ირანული ორიენტაციის მომხრეები იყვნენ. ნაწილი კი ფარტაზის მეთაურობით კი კვლავ ბიზანტიელბს უჭრდნენ მხარს. საბოლოოდ ბიზანტიის მომხრე აზრმა გაიმარჯვა იმ პირობით, რომ გუბაზის მკვლელები დაისჯებოდნენ. იუსტინიანემ ეს პირობა შეასრულა. ლაზიკის მეფე გახდა გუბაზის ძმა წათე II. 562 წელს ომი დასრულდა. ირანელებმა დასავლეთ საქართველო ბიზანტიას დაუთმო, თუმცა სვანეთი VI საუკუნის 70-იან წლებამდე შეინარჩუნა.

ოცწლიანმა ომმა ააოხრა და გაანადგურა დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი, ამასთან ეს ომი უშედეგოდ დასრულდა ლაზებისთვის, მათ ვერ მოახერხეს ბიზანტიის იმპერიის გავლენისგან გათავისუფლება.

ქართლი VI საუკუნის მეორე ნახევარში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ საქართველოში განცდილმა მარცხებმა შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში. თავის დროზე ქართლში მეფობის გაუქმებას ხელი დიდად შეუწყო დიდაზნაურთა პოზიციამ, რომლებსაც სურდათ სამუდამოდ დაუფლებოდნენ იმ მიწებს, რომლებიც მეფისგან დროებით მიიღეს. ამიტომ დიდაზნაურებმა ირანს დაუჭირეს მხარი. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ დიდაზნაურებმა ხელში ჩაიგდეს მიწების ძირითადი ნაწილი და უკვე მზად იყვნენ დაპირისპირებოდნენ ირანს.

ჯვრის მონასტერი მცხეთაში. აგებულია სტეფანოზ I-ის დროს

571 წელს სომხეთში ვარდან მამიკონიანის მეთაურობით დიდი ანტიირანული აჯანყება დაიწყო. სომხებს ქართველებიც მიემხრნენ. აჯანყებულებმა დახმარება ბიზანტიას სთხოვეს. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინე II დიდი ხანია ზავის დარღვევისთვის საბაბს ეძებდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართლელებმა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინეს. ერისთავებს მეფე აღარ სურდათ, რადგან ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო ერისთავების უფლებები დასაკუთრებულ მიწებზე. ამიტომ ქვეყნის ნომინალურ მმართველი გახდა ერისმთავარი, რომელიც იყო პირველი თანასწორთა შორის. მისი ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად. ერისმთავრს არ ჰქონდა ურჩი ერისთავის გადაყენების უფლება. პირველი ერისმთავარი გუარამი გახდა, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულოდან იყო. ბიზანტიის იმპერატორმა გუარამს კურაპალატის ტიტული უბოძა.

ომი ბიზანტიასა და ირანს შორის მიდიოდა, პარალერულად მოლაპარაკებებიც იმართებოდა. ბიზანტია თანახმა იყო ირანისთვის დაეთმო ქართლი და სომხეთი, ოღონდ აჯანყების მონაწილეების გაცემაზე უარს ამბობდა. ირანი კი სწორად აჯანყებულთა გაცემას ითხოვდა. ზავის დადება იწყებოდა როდესაც ბიზანტიელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს სომხეთში. ირანის შაჰმა საზავო პირობები დაამძიმა. 579 წელს ხოსრო I გარდაიცვალა, ახალი შაჰი ჰორმიზდ IV იძულებული გახდა შეგუებოდა ქართლში ადგილობრივ მმართველობას. თუმცა ქართლის ერისმთავარი შაჰის ვასალი გახდა. ამას ქართლში მოჭრილი მონეტებიც ადასტურებს, მათზე გამოსახულია ჰორმიზდ IV და ცეცხლის ემბლემა.

VI საუკუნის ბოლოს ირანში შიდაარეულობის გამო ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიისთვის დაეთმო ზოგიერთი პროვინცია, მათ შორის ქართლი და სომხეთი. ქართლი მთლიანად გათავისუფლდა ირანის ბატონობისგან. ამ დროს ერისმთავარი იყო სტეფანოზ I. ბიზანტიის იმპერატორმა მას პატრიკიოსის ტიტული უბოძა. ბიზანტიის ტიტულებს ატარებდნენ სტეფანოზის ძმა, შვილი და შვილიშვილიც. სტეფანოზ I შეეცადა ძალაუფლება განემტკიცებინა, მაგრამ ირანელთა შიშით მეფობის ტიტული ვერ მიიღო. სტეფანოზის მმართველობის დროს აიგო მცხეთის ჯვარი.