შინაარსზე გადასვლა

მერმეროე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერმეროე
დაბადების თარიღი V საუკუნე
დაბადების ადგილი სასანიანები
გარდაცვალების თარიღი 555(0555)
გარდაცვალების ადგილი მცხეთა, იბერიის სამეფო
კუთვნილება სასანური არმია
ჯარის სახეობა Sasanian military
ბრძოლები/ომები იბერიული ომი,
ეგრისის დიდი ომი

მირ-მიროე, უფრო ცნობილია ბიზანტიურ წყაროებში მოხსენიებული სახელით მერმეროე (ბერძ. Μερμερόης) (გ. 555) — VI საუკუნის სასანიდური სპარსეთის სარდალი და იმ პერიოდის ბიზანტიურ-სასანური ომების ერთ-ერთი მთავარსარდალი.

მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდზე არაფერია ცნობილი, თუმცა 555 წელს მერმეროე უკვე მოხუცად მოიხსენიება. იგი პირველად 530 წლის ზაფხულში, იბერიულ ომში ჩნდება, როდესაც იგი ბიზანტიის სომხურ პროვინციებში შეჭრილ 30 000 კაციან არმიას მეთაურობდა, თუმცა სატალასთან ბიზანტიელ სარდლებთან, სიტასსა და დოროთეუსთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა უკან დაეხია.[1][2] 531 წლის ზაფხულში, სპარსელთა მიერ კალინიკუმთან მოპოვებული გამარჯვებისა და სომხეთსა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში მომხდარ მცირე ცვლილებათა სერიის შემდეგ, სპარსეთის შაჰმა, კავად I-მა მერმეროე, ბავსა და კანარანგთან ერთად, მარტიროპოლისის ბიზანტიური ფორპოსტის ასაღებად გაგზავნა.

ორმა მეთაურმა ქალაქს ალყა შემოარტა, თუმცა კავადის სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ცივმა ზამთარმა მათი ლაშქარი დააზარალა, მათ დროებით დაზავება გადაწყვიტეს და სპარსეთის ტერიტორიისაკენ დაიხიეს.[1][3]

ეგრისის სამეფო

542 წელს, 540 წელს განახლებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ, შაჰმა ხოსრო I-მა მერმეროე ბიზანტიელთა ციხესიმაგრის, დარას წინააღმდეგ გაგზავნა, თუმცა, კორპიუსის მიხედვით, იგი დაამარცხა და დაატყვევა ციხისთავმა იოანე ტროგლიტამ.[1][4] მერმეროე კვლავ ჩნდება 548 წელს, როდესაც იგი ეგრისში, ბიზანტიელთა და ეგრისელთა ერთიანი ჯარის მიერ ალყაშემორტყმული პეტრას ციხის დასახმარებლად წარგზავნილი დიდი არმიის ხელმძღვანელად გაიგზავნა. რადგანაც ბიზანტიელთა სარდალმა, დაგისთემ მთებში გამავალი გზების საკმარისი რაოდენობის ჯარით დაცვაზე არ იზრუნა, მერმეროემ შეძლო ეგრისში შესვლა ბიზანტიური დაჯგუფებებისათვის გვერდის ავლით. მან პეტრა ალყისაგან გაათავისუფლა და მისი გარნიზონიც გააძლიერა, თუმცა არმიის მომარაგების პრობლემების გამო, იძულებული გახდა პერსარმენიაში, დვინისაკენ დაეხია, ხოლო ეგრისში 3 000-კაციანი ჯარი დაეტოვებინა პეტრას დასაცავად და დამატებით 5 000, ფავრიზის მეთაურობით — მისასვლელი გზის დასაცავად.[1][5][6]

მომდევნო წელს, ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ეს ჯარები გაანადგურეს და ბიზანტიელთა სარდალმა ბესამ პეტრას ალყა შემოარტყა. 551 წლის გაზაფხულზე მერმეროე ხელახლა გაემართა პეტრას ალყისაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ბესამ ციხის აღება მის მისვლამდე შეძლო. სპარსელთა სარდალი ეგრისის დედაქალაქის, არქეოპოლისისაკენ შემოტრიალდა და გზად შორაპნისა და სკანდის ციხეები აიღო. მან არქეოპოლისს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი შეტევები მოიგერიეს და რადგანაც სპარსელები მომარაგების პრობლემებს გაიცდიდნენ, იგი იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ეგრისის ნაყოფიერი მხარისაკენ, მუხურისისაკენ დაეხია, რომელიც მან თავისი სამხედრო ოპერაციების ბაზად აქცია.[1][7][8] მომდევნო ზამთარს (551/552) მან გააძლიერა კონტროლი ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილზე (სვანეთის ჩათვლით), ხოლო ეგრისის მეფე გუბაზ II-სადმი მისი სამშვიდობო ინიციატივები უარყოფილ იქნა. 552 წელს, ჯარის დამატებითი ძალებით გაძლიერების შემდეგ, მერმეროემ შეუტია არქეოპოლისს, წებელდასა და მესამე უსახელო ციხეს, თუმცა ბიზანტიელებმა და ეგრისელებმა კვლავ მოახერხეს მისი მოგერიება და მუხურისისაკენ უკუგდება.[1][9]

554 წელს მან შეძლო ბიზანტიელთა ჯარის უკუგდება ტელეფისიდან, მათი მოწინავე პოზიციიდან, რამაც მოწინააღმდეგის ძირეული უკანდახევა გამოიწვია მდინარე ფაზისის (რიონი) გასწვრივ. მერმეროე მათ არ გამოდევნებია, შესაძლოა საკუთარი უპირატესობის ან არმიის მომარაგების პრობლემების გამო. მის განკარგულებაში მყოფი ციხეების გამაგრების შემდეგ, იგი მუხურისში დაბრუნდა, სადაც ავად გახდა და ამიტომაც, ქართლში გადავიდა. იგი ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა მცხეთაში, 555 წლის ზაფხულში.[10]