შინაარსზე გადასვლა

გურგენის აჯანყება (523)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენის აჯანყება.

გურგენის აჯანყება — ქართლის აჯანყება ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება გაიმართა 523 წელს. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება, საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტიის დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი ბიზანტიაში ჩავიდა. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ. ბევრი მათგანი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 წელს ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. „უვადო ზავის“ თანახმად გაქცეულებს ნება დართეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ზოგი ბიზანტიაში დარჩა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. მაგრამ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახალი აჯანყებისათვის.