პანამა (ქალაქი)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პანამა Panamá | |||||
პანამის ხედი, 2012 წ. | |||||
| |||||
ქვეყანა | პანამა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
პროვინცია (პანამა)|პანამის პროვინციები| პროვინცია | პანამა | ||||
რაიონი (პანამა)|პანამის რაიონები|რაიონი | პანამა | ||||
კოორდინატები | 8°58′02″ ჩ. გ. 79°32′23″ დ. გ. / 8.96722° ჩ. გ. 79.53972° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | როსანა მენდესი | ||||
დაარსდა | 1519 | ||||
ფართობი | 275 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 880 691 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 2 750 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 272 672 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 507 | ||||
ოფიციალური საიტი | municipio.gob.pa | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 790 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პანამა (ესპ. Panamá) — პანამის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. მდებარეობს პანამის არხის დასაწყისში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 880 691 ადამიანს შეადგენს, აგლომერაციის კი 1 272 672-ს.[1] ქალაქი პანამა ქვეყნის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრია, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის კვანძი.[2] შეფასებულია ბეტა რანგის გლობალურ ქალაქად.[3]
ქალაქი 1519 წლის 15 აგვისტოს ესპანელმა კონკისტადორმა პედრო არიას დე ავილამ დააარსა. ამის შემდეგ, ქალაქი ინკების იმპერიის (პერუ) სადამპყრობლო ექსპედიციების საწყის წერტილს წარმოადგენდა. პანამაზე გაივლიდა ამერიკის კონტინენტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომელთა გავლითაც ესპანეთისკენ ადგილობრივ ინდიელებში ნაძარცვი ოქრო-ვერცხლის უდიდესი ნაწილი მიედინებოდა.
1673 წლის 21 იანვარს, ქალაქი საშინელმა ხანძარმა გაანადგურა, რომელიც მეკობრე ჰენრი მორგანმა გაააჩინა. თუმცა, 2 წლის თავზე, 1675 წლის 21 იანვარს, პანამა ოფიციალურად აღდგა, თავდაპირველი დასახლებიდან 8 კილომეტრში მდებარე ნახევარკუნძულზე. ეს ადგილიც ნაქალაქარი იყო, რომლის ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი და პანამა-ვიეხოს სახელითაა ცნობილი, რომელიც 1997 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 1919 წლის 15 აგვისტოს, პედრო არიას დე ავილას, ესპანელი ჯარისკაცისა და კოლონიალური ადმინისტრატორის მიერ დაარსდა. დაარსებიდან რამდენიმე წელში, ქალაქი პერუს აღმოჩენისა და დაპყროპის საწყის წერტილად იქცა, ისევე როგორც ოქროსა და ვერცხლის ესპანეთში გადასატან ცენტრად პანამის ყელის გავლით. 1671 წელს, ჰენრი მორგანმა, 1 400 კაცით პანამა გაძარცვა, რომელიც შემდეგ ხანძარმა გაანადგურა. ძველი ქალაქის ნანგრევები ისევ შემორჩენილია და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას - პანამა-ვიეხოს (Panamá Viejo - ესპანურიდან "ძველი პანამა"). 1673 წელს ქალაქი აღადგინეს, ძველი ქალაქიდან დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით. ეს ადგილი დღესდღეობით ცნობილია როგორც Casco Viejo ანუ "ძველი კვარტალი". ქალაქი პანამა თანამედროვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკულ დედაქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა, ყველაზე ადრე დაარსების მიხედვით.
კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელების დაწყებამდე ერთი წლით ადრე პანამის სარკინიგზო კომპანია დაარსდა, თუმცა სრულად არ ამუშავებულა 1855 წლამდე. 1848 და 1869 წლებს შორის აშშ-ში პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებლობა დასრულდა, დაახლოებით 375,000 ადამიანმა გადაკვეთა პანამის ყელი ატლანტის ოკეანიდან წყნარი ოკეანის მიმართულებით და 225,000-მა საპირისპიროდ. იმ პერიოდში მოძრაობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალაქის კეთილდღეობა.
პანამის არხის აშენებით დიდად იხეირა ქალაქის ინფრასტრუქტურამ და ეკონომიკამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანმრთელობისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესება, რაც არხის მახლობლად ამერიკელთა გამოჩენის დამსახურებაა. ექიმ უილიამ გორგასს, არხის აშენების უფროს სანიტარულ ოფიცერს განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. მან ივარაუდა, რომ დაავადებათა გავრცელება ადგილობრივი კოღოების დამსახურება იყო და წყლის გაწმენდა და სახლების დეზინფექცია ბრძანა. ამას მოჰყვა ის, რომ 1905 წლის ნოემბრისთვის ყვითელი ცხელება საერთოდ ამოიძირკვა, ხოლო მალარიით დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დაეცა. [4] თუმცა, არხის ასაშენებლად მუშახელი ძირითადად კარიბებიდან მოჰყავდათ, რამაც მანამდე არნახული რასობრივი და სოციალური დაძაბულობა გამოიწვია.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში აგებულმა სამხედრო ბაზებმა და უამრავი ამერიკელი სამხედროსა თუ საჯარო მოხელის ქალაქში ჩამოსვლამ, პანამას უზარმაზარი წარმატება მოუტანა და ააყვავა. პანამის მეტროპოლიტური არეალის მეზობელ "პანამის არხის ზონაზე" პანამელებს წვდომა ან საერთოდ არ ჰქონდათ ან ჰქონდათ შეზღუდული რაოდენობით. ამ ადგილებში მხოლოდ ამერიკული სამხედრო პერსონალისთვის განკუთვნილი სამხედრო ბაზები იდგა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სიტუაცია დაიძაბა ადგილობრივ პანამელებსა და ამერიკის მოქალაქე აქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. საბოლოოდ ძალადობამ იფეთქა, რის შედეგადაც 22 პანამელი და 4 ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა. 1964 წლის 9 იანვარი Día de los Mártires-ად იწოდება რაც ესპანურიდან წამებულთა დღეს ნიშნავს და პანამის სახელმწიფო გლოვის დღედაა გამოცხადებული.
1970-ანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ქალაქი საერთაშორისო საბანკო ცენტრი გახდა, რამაც დიდი და არასასურველი ყურადღება მოუანა ქალაქს, როგორც ფულის გათეთრების საერთაშორისო ცენტრს. 1989 წელს, დაახლოებით ერთწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ აშშ-სა და პანამას შორის, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა პანამაში შეჭრის ბრძანება გასცა, რათა ჩამოეგდო გენერალი მანუელ ნორიეგა, ქვეყნის დე ფაქტო დიქტატორი. ამის შედეგად, ელ ჩორიოს უბნის ნაწილი, რომლის დიდი ნაწილიც ძველებური ხის ჩარჩოებიანი სახლებისგან შედგებოდა, ცეცხლის შედეგად განადგურდა. 1999 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გადასცა პანამის არხის ზონა პანამას, რომელსაც ეს უკანასკნელი დღესაც აკონტროლებს.[5]
ქალაქი პანამა ისევ რჩება საბანკო ცენტრად, თუმცა ფულის გადაადგილება შესამჩნევად კონტროლდება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი პანამა მოთავსებულია წყნარ ოკეანესა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტროპიკულ ტყეს შორის. "პარკე ნატურალ მეტროპოლიტანო"-ში, რომელიც პანამის არხის გასწვრივაა გადაჭიმული, უნიკალური ფრინველების და ცხოველების ჯიშებია, როგორებიცაა: ტაპირები, კაიმანები, პუმები და ა.შ. პანამის არხის წყნარი ოკეანის მხრივ შესასვლელთან საზღვაო გამოფენის ცენტრია, საკვლევი ცენტრი მათთვის ვინც ტროპიკული ზღვაოსნური ცხოვრებითა და ეკოლოგიითაა დაინტერესებული.
ქალაქის გარშემო არსებული ტროპიკული ტყეები, პანამის არხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ისინი ამარაგებენ არხს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წყლებით. ვინაიდან არხი პანამის ეკონომიკისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს, მის გარშემო არსებული ტროპიკული ტყეები თითქმის ხელშეუხებლადაა შემონახული. თვითონ არხი კი იშვიათი მაგალითია ტყეში არსებული უზარმაზარი საინჟინრო პროექტის, რომელმაც ტყის შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა. არხის დასავლეთ მხარეს 'პარკე ნასიონალ სობერანია' მიუყვება, ანუ დამოუკიდებლობის ეროვნული პარკი, რომელიც ბოტანიკურ ბაღებსა და ზოოპარკს აერთიანებს.
თითქმის 500 მდინარე მიედინება პანამის უსწორმასწორო ზედაპირზე. მათი უმეტესობა სანაოსნო მიზნებისთვის გამოუსადეგარია. მათი უმეტესობა მთის ჩქარ დინებებად იღებს სათავეს, ველებში იკლაკნება და სანაპირო შესართავებს ქმნის. თუმცა, მდინარეები რიო ჩეპო და რიო ჩაგრესი, რომლებიც ქალაქის შიგნით მდებარეობენ, ჰიდროელექტრული ენერგიის წყაროები არიან.
რიო ჩაგრესი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარეა მათ შორის, რომლებიც კი კარიბებში მიედინებიან. მდინარის ნაწილი გატუნის ტბის შესაქმნელად გამოიყენეს, რომელიც პანამის არხის ორივე ბოლოს დასასრულთან, სატრანზიტო გზას ქმნის. გატუნისა და მადენის ტბები (რომელიც ასევე რიო ჩაგრესის წყლითაა ავსებული) ყოფილ არხის ზონას ჰიდროელექტრო ენერგიით ამარაგებს. რიო ჩეპო, კიდევ ერთი მთავარი წყარო ელექტროენერგიისა, ერთ-ერთია იმ 300 მდინარეთაგან, რომელნიც წყნარ ოკეანეში ჩაედინებიან.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ პანამაში ტროპიკული სავანას კლიმატია. აქ წელიწადში 1,900 მილიმეტრი ნალექი მოდის. წვიმიანი სეზონი მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება, ხოლო მშრალი - იანვრიდან აპრილამდე. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მუდმივი რჩება და საშუალოდ 27 °C-ს შეადგენს.
ქალაქის იერსახე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანამის ძველ უბანში (კასკო ვიეხო) ბევრი არქიტექტურული სტილია წარმოდგენილი, ესპანური კოლონიალური შენობებიდან ფრანგულ თუ ანტილიურ სახლებამდე, რომლებიც პანამის არხის მშნებელობის პერიოდში აიგო. ქალაქის მეტად თანამედროვე უბნებს, ბევრი მრავალსართულიანი შენობა ამშვენებს, რომელთა ერთიანობაც მჭიდრო, კომპაქტურ ქალაქის ჰორიზონტს ქმნის. 110 მაღალსართულიანი პროექტი ამჟამად მიმდინარეობს, როცა 127 უკვე დამთავრებულია.[6] ქალაქი 45-ე ადგილზეა მსოფლიოში მაღალსართულიანი შენობების რაოდენობით. [7]
უბნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც დანარჩენ ქვეყანაში, ქალაქი პანამაც ე.წ კორეჯიმიენტოებადაა დაყოფილი, რომელშიც მრავალი პატარა უბანი და დასახლება შედის. ძველი კვარტალი ცნობილი როგორც კასკო ვიეხო, სან ფელიპეს კორეჯიმიენტოში შედის. სან ფელიპე და კიდევ 12 სხვა კორეჯიმიენტო, ქალაქის ურბანულ ცენტრს ქმნიან. ესენია: სანტა ანა, ელ ჩორიო, კალიდონია, სურუნდუ, ანკონი, ბელა ვისტა, ბეტანია, სან ფრანცისკო, ხუან დიასი, პუებლო ნუევო, პარკე ლეფევრე და რიო აბახო.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი, რომლის ეკონომიკაც სერვისზეა დაფუძნებული, პანამის ეკონომიკა ძალიანაა გადახრილი საბანკო საქმის, კომერციისა და ტურიზმისკენ.[8] ქალაქის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაჭრობასა და ტრანსპორტირებაზე პანამის არხისა და ბალბოაში არსებული პორტის მეშვეობით. ქალაქმა დიდი ეკონომიკური ზრდა განიცადა უკანასკნელ წლებში, რაც პანამის არხის გაფართოებით, ინვესტიციებით უძრავ ქონებაში და შედარებით სტაბილური საბანკო სექტორითაა განპირობებული. პანამაში დაახლოებით 80 ბანკია, რომელთაგანაც 50 ადგილობრივია.
პანამა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 55%-ზეა პასუხისმგებელი. ეს ქვეყანაში არსებული ბიზნესებისა და უძრავი ქონების უმეტესობის სწორედ ქალაქ პანამაში არსებობის შედეგია.[9]
შემოსავლის მიღების თვალსაზრისით ტურიზმი ქალაქში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორმა დიდი ზრდა მე-20 საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როცა აშშ-მ პანამის არხის ზონა პანამას გადასცა. 1997-დან 2013 წლამდე, სასუმროს ნომრების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა (შესაბამისად 1,400 და 15,000). ყოველწლიური ტურისტების რაოდენობა კი 457,000-დან (1999 წელი) 1.4 მილიონამდე ავიდა (2011 წელი).
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს როგორც სახელმწიფო ისე კერძო სკოლები. კერძო სკოლათა უმრავლესობა ორენოვანია (ესპანური და ინგლისური). უმაღლესი განათლების მისაღებად პანამაში ორი ძირითადი სახელმწიფო უნივერსიტეტია: პანამის უნივერსიტეტი და პანამის ტექნიკური უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე არის კერძო უნივერსიტეტები, როგორებიცაა:
• სანტა მარია ლა ანტიგუას კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც პირველი კერძო უნივერსიტეტია ქალაქში
• პანამის ლათინური უნივერსიტეტი, რომელიც 1991 წელს დაარსდა და დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტად ითვლება ქვეყანაში
• მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ლათინოამერიკული უნივერსიტეტი
• პანამის ყელის უნივერსიტეტი
• პანამის საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტი და სხვ.
ჯანმრთელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ პანამაში მინიმუმ 14 საავადმყოფო და სახელმწიფო და კერძო კლინიკების ფართო ქსელია. ზოგიერთი გამოსარჩევი სამედიცინო დაწესებულებაა: სანტო ტომასის ჰოსპიტალი, ჰოსპიტალ დელ ნინიო (ანუ ბავშვთა კლინიკა), კომპლეხო ჰოსპიტალარიო, არნულფო არიას მადრიდი, ცენტრო მედიკო პაიტია, ჰოსპიტალ სანტა ფე, ჰოსპიტალ ნასიონალი (ეროვნული საავადმყოფო) და ჰოსპიტალ პუნტა პასიფიკა, რომელიც ჯონს ჰოპკინსის პარტნიორულ პროგრამაშია ჩართული და უამრავ სამედიცინო ტურისტს იზიდავს.
მთელი ქვეყნის ექიმების დაახლოებით 45% პანამაში მოღვაწეობენ.[10]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის დასავლეთ გარეუბანში მდებარეობს. ქალაქს კიდე ორი აეროპორტი ემსახურება: პანამა პასიფიკო და ალბრუკის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 1.5 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქის ცენტრს და მის დასავლეთით მდებარეობს.
პანამაში ხშირად ხდება საცობები, რაც პირადი ავტომობილების სიჭარბითაა გამოწვეული. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, პრეზიდენტმა რიკარდო მარტინელიმ, პანამის მეტრო გააფართოვებინა. მეტრო რომელიც თავდაპირველად ქალაქის გასწვრივ 14 კილომეტრზე მდებარეობდა, ახლა მთელს პანამაშია გაშლილი. თუმცა ეს შესაძლებელი გახდა გადასახადების მომატებით. [11]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Mellander, Gustavo A.; Nelly Maldonado Mellander (1999). Charles Edward Magoon: The Panama Years. Río Piedras, Puerto Rico: Editorial Plaza Mayor. ISBN 1-56328-155-4. OCLC 42970390.
Mellander, Gustavo A. (1971). The United States in Panamanian Politics: The Intriguing Formative Years. Danville, Ill.: Interstate Publishers. OCLC 138568.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2011-02-25 საიტზე Wayback Machine.
- პანამის ტურიზმის სამსახურის ოფიციალური საიტი
- Sights, Smells and Sounds of Panama City დაარქივებული 2011-05-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ CENSOS NACIONALES 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2011-02-11.
- ↑ Investing in Panama. BussinesPanama.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-09. ციტირების თარიღი: 2010-12-16.
- ↑ www.lboro.ac.uk დაარქივებული 2016-08-11 საიტზე Wayback Machine. The World According to GaWC 2008 – Retrieved on 2010-10-10
- ↑ https://www.history.com/topics/landmarks/panama-canal-video History. Retrieved 13 November 2016.
- ↑ History. Retrieved 13 November 2016.
- ↑ http://skyscraperpage.com/cities/?cityID=864 Skyscraperpage.com. Retrieved 26 June 2010.
- ↑ http://skyscraperpage.com/cities/?s=1&c=4&p=1&r=50&10=0 Skyscraperpage.com. Retrieved 26 June 2010.
- ↑ http://www.panamatours.com/Facts/Useful%20Facts.htm დაარქივებული 2020-02-21 საიტზე Wayback Machine. Retrieved 17 February 2011.
- ↑ https://web.archive.org/web/20140208000057/http://municipio.gob.pa/ Municipio.gob.pa. Archived from the original on 8 February 2014. Retrieved 26 June 2010.
- ↑ http://www.municipio.gob.pa/es/educacioacutenysalud.html დაარქივებული 2013-12-15 საიტზე Wayback Machine. Retrieved 23 April 2011.
- ↑ https://www.elmetrodepanama.com/ Secretaría del Metro. Retrieved 18 July 2010.
|