ჯორჯ აკერლოფი
ჯორჯ აკერლოფი (ინგლ. George Akerlof; დ. 17 ივნისი, 1940) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2001) ასიმეტრიული ინფორმაციით ბაზრის ანალიზისთვის. ინფორმაციული ეკონომიკური თეორიის თანაფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1940 წლის 17 ივნისს ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, აშშ. ოჯახი შვეიცარიიდან იყო ემიგრირებული, მამა, გოსტ აკერლოფი იელის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. დედა — როზალი გერმანიიდან ემიგრირებული ებრაელი იყო.
1967-1968 წლებში მუშაობდა ინდოეთის სტატისტიკის ინსტიტუტში პროფესორად. 1973 წელს ის იყო პრეზიდენტ ნიქსონის ეკონომიკურ მრჩეველთა კომიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი, მიიღო გუგენჰეიმის სტიპენდია. 1978 წელს აკერლოფი გადავიდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, მაგრამ 1980 წელს იგი საბოლოოდ დაბრუნდა კალიფორნიის უნივერსიტეტში ბერკლიში.
სწავლა დაიწყო იელის უნივერსიტეტში (1962 — ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი), დოქტორის ხარისხი მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (1966 — ეკონომიკის დოქტორის ხარისხი). სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ს პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩევლად და ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ამჟამად ასწავლის კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკერლოფის მეუღლე, ჯანეტ ილენი, ცნობილი ეკონომისტია, 2004–2010 წლებში იგი სან – ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი იყო, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა (2010 წლის ოქტომბრიდან), ასევე 2014 წლის 3 თებერვლიდან აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელიც გახდა.
„ლიმონების ბაზარი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაზე ცნობილი არის მისი ნაშრომი „ლიმონების ბაზარი: ხარისხის გაურკვევლობა და საბაზრო მექანიზმი“ (1970) (ინგლ. The Market for 'Lemons': Quality Uncertainty and the Market Mechanism). ნამუშებარი ნაშრომი ეძღვნება არსებული ინფორმაციის ასიმეტრიას: იგი აანალიზებს სიტუაციების საბაზრო შედეგებს, როდესაც გამყიდველმა უფრო მეტი იცის პროდუქტის ხარისხის შესახებ, ვიდრე მყიდველმა. აკერლოფმა, მაიკლ სპენსმა და ჯოზეფ სტიგლიცმა მოიპოვეს 2001 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში იმ ბაზრების ანალიზისთვის, რომლებზეც ინფორმაცია ასიმეტრიულადა ხელმისაწვდომი. ნაწარმოების ძირითადი გზავნილის ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება: „თუ მყიდველებს არ აქვთ ინფორმაცია საქონლის ხარისხის შესახებ იმავე მოცულობით, როგორც გამყიდველებს, ცუდი საქონელი კარგს შეავიწროებს, სანამ კარგი საქონელი ბაზარზე ბოლომდე არ გაქრება.“ მეორადი მანქანების ბაზარი ამ პრობლემას ასახავს: „ლიმონი“ ამერიკული ჟარგონით გულისხმობს დეფექტების მქონე მანქანებს. ამ დეფექტის აღმოჩენა კი მხოლოდ მანქანის შეძენის შემდეგ შეიძლება. ვინაიდან მეორადი მანქანის ნამდვილი ტექნიკური მდგომარეობა ბევრად უკეთ იცის გამყიდველმა, ვიდრე მყიდველმა, შეუძლებელია წინასწარ იწინასწარმეტყველო, იქნება თუ არა მანქანა „კარგი“ ან „ცუდი“. ამიტომ, მყიდველი ელოდება გარკვეული საშუალო შეწონილი ხარისხის მანქანას და მზად არის გადაიხადოს გარკვეული შეწონილი საშუალო ფასი. ამრიგად, კარგი, მოვლილი მანქანის გამყიდველი ვერ მიიღებს თავის მანქანის სამართლიან (სრულ) ფასს და იძულებულია დატოვოს ბაზარი. „კარგი“ მანქანების გამყიდველების წასვლისთანავე, საშუალო ფასი, რომელიც მყიდველს სურს გადაიხადოს უცნობი ხარისხის მანქანაში, სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს, რაც იწვევს „კარგი“ მანქანების ბაზრიდან გაქრობას
ნაშრომში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი, განვითარებადი ქვეყნების ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების პრობლემა და საკრედიტო ბაზრები ასევე გაანალიზებულია როგორც მაგალითები.
აკერლოფის დასკვნაა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს მარეგულირებელი და საკონტროლო ფუნქციები ამ ბაზრებზე.
ლიბერტარიანელმა ეკონომისტებმა გააკრიტიკეს აკერლოფი. ისინი ამტკიცებდენ, რომ ამ ბაზრებს თვითრეგულირების შესაძლებლობაც აქვთ, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მეორადი ავტომობილების ბაზარი წარმატებით ფუნქციონირებს მთელ მსოფლიოში - თავისუფალ ეკონომიკაში მყიდველები პოულობენ ხარისხის კონტროლის საკუთარ გზებს (მაგალითად, საკუთარი ინიციატივით, ნაცნობი ექსპერტების ჩართვით).
ჯორჯ ჰოფერი და მაიკლ პრატი, თავიანთი ემპირიული კვლევის პრეამბულაში, წერენ, რომ: „ყველა ეკონომისტი არ ეთანხმება იმას, რომ მეორად მანქანებთან მიმართებით „ლიმონის ბაზარი“ ნამდვილად არსებობს“. კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ს ზოგიერთი შტატის კანონი, რომელიც გამყიდველებს ავალდებულებს გაამჟღავნონ ინფორმაცია ყველა ცნობილი მანქანის დეფექტის შესახებ, არაეფექტური აღმოჩნდა — გაყიდული მანქანების ხარისხი არ განსხვავდება მეზობელ შტატებში არსებული ავტომობილების ხარისხისგან, სადაც ხელისუფლება სპეციალურად არ იბრძვის ინფორმაციის ასიმეტრიის წინააღმდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯ აკერლოფი — კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტი
- ავტობიოგრაფია ნობელის პრემიის ოფიციალურ საიტზე
- ჯორჯ აკერლოფის ბიოგრაფია — ენციკლოპედია ბრიტანიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #128530308 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://gufaculty360.georgetown.edu/s/faculty-profile?netid=gaa53%2F
- ↑ George Akerlof (aka Mr. Janet Yellen) Heads to Georgetown // Real Time Economics — The Wall Street Journal, 2014.
- ↑ https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
- ↑ https://www.uts.edu.au/current-students/managing-your-course/graduation/past-speakers-and-speeches/2015/emeritus-professor — სიდნეის ტენლოგიური უნივერსიტეტი.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17 6.18 6.19 6.20 6.21 6.22 6.23 6.24 6.25 6.26 6.27 6.28 Mathematics Genealogy Project — 1997.
|