აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან I-ს (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს. ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა. აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა. საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. დავით სოსლანის სარდლობით მოქმედი არმია შამქორის სიახლოვეს 1 ივნისის, ხუთშაბათ დღეს, მივიდა. ქართველთა არმიამ შეტევა რამდენიმე რაზმად დაიწყო. მათ შორის პირველი დარტყმა მტერზე ყივჩაღთა სამხედრო ძალამ მიიტანა. აბუ ბაქარის არმიას ეკვეთა ზაქარია ვარამის ძის სამხედრო რაზმიც. ბრძოლა გაჭინაურდა. ქართველთა და ყივჩაღთა ძალა აშკარად მაშველ ძალას საჭიროებდა, როდესაც მათ დასახმარებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელთა ლაშქარი მოვიდა, ხოლო ბოლო ჟამს სამხედრო შეტაკების ბედი დავით სოსლანის მეთაურობით მოქმედი ცენტრალური სამხედრო ძალის გამოჩენამ გადაწყვიტა. ბრძოლაში მოპოვებული დიდი ალიფის გარდა ქართველებს ხელში ჩაუვარდათ ხალიფას დროშა, რომელიც მან აბუბაქარს გამოუგზავნა. დავით სოსლანმა ჩაიბარა რამდენიმე ქალაქის კლიტენი ანუ მიიღო მათი მმართველობის უფლება და წარმატებით შეძლო თავისი ახალი ვასალის ამირ-მირმანის განძის ამირას ტახტზე აღდგენა.[1][2][3]
აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს. მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა. შამქორის ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა დიდი ნადავლი აიღო. ნადავლში იყო ხალიფას მიერ გამოგზავნილი დროშაც, რომელიც თამარმა გელათის მონასტერს შესწირა.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.