ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქართველთა ლაშქრობა ქალდიაში)
Jump to navigation Jump to search
ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში
საქართველო-ბიზანტიის ომების ნაწილი
თარიღი 1204
მდებარეობა ხალდია, პაფლაგონია
შედეგი ტრაპიზონის იმპერიის შექმნა
მხარეები
Flag of Kingdom of Georgia.svg საქართველოს სამეფო
Double-headed eagle of the Byzantine Empire.png ტრაპიზონის იმპერია
Byzantine imperial flag, 14th century, square.svg ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
ალექსი I
დავით კომნენოსი
ალექსი IV ანგელოსი

ქართველთა ლაშქრობა ხალდიაშითამარ მეფის მიერ, ბიზანტიის იმპერატორის ალექსი IV ანგელოსის (დაახლ. 1203-1204) წინააღმდეგ ორგანიზებული სამხედრო ექსპედიცია ხალდიაში, რომელიც 1204 წელს, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ტრაპიზონის იმპერიის შექმნით დასრულდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ მეფის დამოკიდებულება ბიზანტიის იმპერატორების მიმართ თავიდანვე დაძაბული იყო; კომნენოსების საგვარეულოსთან მჭიდრო ნათესაური კავშირების მქონეს,[1][2] თამარს არ შეეძლო დავიწყებოდა, ანგელოსების მიერ ტახტიდან ჩამოგდებული და შემდგომ სიკვდილით დასჯილი ანდრონიკე I-ის და მისი ძის, მანუელის დაბრმავება, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.[3][4] როგორც ცნობილია, ანდრონიკეს ორი შვილიშვილი, ალექსი I და დავით კომნენოსი, მანუელისა და ქართველი დედოფლის, რუსუდანის შვილი,[5][6][7] საქართველოს ტახტის ინიციატივით საქართველოში გახიზნეს. ბიზანტიის ტახტის პრეტენდენტები თბილისში, თამარის სასახლის კარზე იზრდებოდნენ.[8][9][3] საქართველოში მათ მიიღეს ყოველგვარი განათლება; ქართული ტრადიციებით აღზრდილნი, ისინი მალევე დაეუფლნენ ქართულ ენას და ასევე ქართულ პოლიტიკურ იდეალებსაც იზიარებდნენ.[10]

რელიგიურად მოაზროვნე თამარი მფარველობდა არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ქართულ სამონასტრო კომპლექსებს. სწორედ ამ მიზეზით 1203 წელს, ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით:

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ

მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი.[11] უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო.[3]

საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა, ალექსი და დავით კომნენოსის მეთაურობით, ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა ლაზია, ტრაპიზონი, ლიმანი, ამისოსი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრისი, ჰერაკლეა, პაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე ძმები ალექსი და დავით კომნენოსები დასვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Toumanoff, "On the Relationship between the Founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar", Speculum, 15 (1940), pp. 299–312
  2. Kuršanskis, "L'Empire de Trébizonde et la Géorgie", Revue des études byzantines, 35 (1977). pp. 237–256
  3. 3.0 3.1 3.2 Mikaberidze, A. (2015). Historical dictionary of Georgia. 2nd ed. Lanham, MD, United States: ROWMAN & LITTLEFIELD, p.634.
  4. A. A. Vasiliev, "The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222)", Speculum, 11 (1936), pp. 5-8
  5. The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991, p. 63
  6. კირილ თუმანოვი, "On the relationship between the founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar" in Speculum vol. 15 (1940) pp. 299–312.
  7. The Oxford Dictionary of Byzantium, Vol. 1, NY-Oxford, 1991, p. 63
  8. Царица Тамара и Золотой век. (რუსული)
  9. ტრაპიზონის იმპერია რუსულ ვიკიწყაროზე (რუსული)
  10. Vasiliev, "Foundation", p. 18
  11. ქართლის ცხოვრება, II, გვ.142.