ფხოველთა და დიდოელთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხოველთა და დიდოელთა აჯანყება — მთიელთა გამოსვლა ფეოდალიზაციისა და გაქრისტიანების წინააღმდეგ XIII საუკუნის 10-იან (სავარაუდოდ 1212 წ.) წლებში. XIII საუკუნის დასაწყისისათვის მთიელები ჯერ კიდევ არ იყვნენ მასობრივად ჩაბმული ფეოდალურ ურთიერთობაში. მთის მოსახლეობის შეზღუდული ეკონომიკური საშუალებები ბარის მოსახლეობის მიმართ ანტაგონიზმს წარმოშობდა. ამის შედეგი იყო მთიელთა თავდასხმები ბარის მოსახლეობაზე. მთიელთადმი მტრულად იყვნენ განწყობილი, ერთი მხრივ, ფეოდალური ზედაფენა, რომელიც მთიელთა ფეოდალურ უღელში შებმას ესწრაფოდა, მეორე მხრივ – ბარის მწარმოებელი მოსახლეობა, რომელიც მთიელთა თავდასხმის ობიექტი იყო. საქართველოს ფეოდალური მონარქია ერთდროულად ისწრაფოდა მთიელთა ფეოდალიზაციისა და გაქრისტიანებისაკენ. ფხოველთა და დიდოელთა აჯანყებაც სწორედ ამ პროცესის საწინააღმდეგო რეაქცია იყო. მთიელთა აჯანყებაში დიდძალი ხალხი მონაწილეობდა.

სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მთის სხვა ხალხები (დვალები, მოხევეები, ჭართალელები, ერწოთიანელები, ცხრაზმელები, ხადელები და ცხავატელები) წარგზავნა ივანე მხარგრძელის სარდლობით, ამით სამეფო ხელისუფლება ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მის წინააღმდეგ მთელი მთა არ აჯანყებულა, რომ მთიელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამეფო ხელისუფლების ერთგული იყო.

დამსჯელი ექსპედიციის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა აჯანყებულებთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა. ივანე მხარგრძელმა მთიელთა რაზმები ხადის მთით გადაიყვანა „მთასა ფხოველთასა და დიდოთასა“. სამეფო ლაშქრის ერთ მხარეს მოექცა ძურძუკეთი, მეორე მხარეს კი – ფხოვეთი და დიდოეთი. როგორც ჩანს სამეფო ხელისუფლება არც ძურძუკეთს ენდობოდა და ამიტომ გამოაცალკევა აჯანყებული მხარეებისაგან. ძურძუკთა მეფეები ძღვენით ეახლნენ ივანე მხარგრძელს და თავისი ლაშქრით მხარში ამოუდგნენ სამეფო სპას. ამის შემდეგ საქართველოს ლაშქარმა ძურძუკებთან ერთად შეუტია აჯანყებულებს. ურიცხვი ფხოველი და დიდოელი ამოუწყვეტიათ. 3 თვე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) უმკლავდებოდნენ აჯანყებულები ივანე მხარგრძელის ლაშქარს. ბოლოს ზავი ითხოვეს და ერთგულების პირობა დადეს. ივანე მხარგრძელმა საზავო პირობები მიიღო და მძევლები წამოასხა. ამ გამარჯვებისათვის სამეფო ხელისუფლებამ ივანე „უაღრესსა პატივსა აიყვანა“.

საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეფასებით, ფხოველთა და დიდოელთა აჯანყების დამარცხებას სხვადასხვა არსებითი ხასიათის მიზეზი ჰქონდა. აჯანყებულებს არ გააჩნდათ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა. მთიელთა ეს გამოსვლა ვერ გასცილდა ფეოდალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული გლეხთა სტიქიური აჯანყების ფარგლებს. ფხოველებმა და დიდოელებმა ვერ მოახერხეს აჯანყებაში მთის მთელი მოსახლეობის ჩაბმა. პირიქით, მთის დანარჩენი მოსახლეობა მათ წინააღმდეგ გამოვიდა. თავისთავად ფხოველთა და დიდოელთა აჯანყება ფეოდალური კლასისათვის მკაცრი გაფრთხილება და დამაფიქრებელი გაკვეთილი იყო. ფხოველთა და დიდოელთა აჯანყებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფეოდალური საქართველოს ისტორიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]