გამრეკელი თორელი (XII საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თორელი.

გამრეკელი კახას ძე თორელი — XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1177-1190 წლების ამბებთან დაკავშირებით. მან მემკვიდრეობით მიიღოს თორის მამული და თეძმის ხეობა, აგრეთვე სახელო ქვეყანა - ჯავახეთი, რომელსაც განაგებდა როგორც ახალქალაქის ერისთავთერისთავი. 1177 წელს თორელი (ისევე, როგორც სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალები) თავის მამასთან ერთად მიემხრო ორბელთა მეთაურობით დემნა უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ ამბოხებას, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიატოვა აჯანყებულები და გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. ამის შემდეგ იგი თანდათანობით დაწინაურდა სამეფო კარზე. 1185 წელს თამარ მეფემ თორელს უბოძა ამილახვრობა და ციხე-ქალაქი თმოგვი (რომელიც ჩამოერთვა გადაყენებულ მსახურთუხუცეს აფრიდონს). 1186 წელს, ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის სიკვდილის შემდეგ, თამარმა თორელს ამირსპასალარობა უწყალობა. თორელი, როგორც მონაპირე მხარის ჯავახეთის ერისთავთერისთავი, მტრებისგან იცავდა საქართველოს სამხედრო საზღვრებს. 1186-1187 წლებში მან დაამარცხა არანიდან და გელაქუნიდან შემოსული თურქები და განდევნა ისინი პალაკაციოდან და ძაღლისხევიდან (სამხრეთ საქართველო). თორელის სარდლობით მეფის ლაშქარმა ჯავახეთში დაამარცხა იური ანდრიას ძის (გიორგი რუსის) გასამეფებლად ამბოხებული ფეოდალები, რომელთაც სურდათ ახალქალაქისა და თმოგვის ხელში ჩაგდება.

ამ ამბების შემდეგ თორელი მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც თამარმა მის სახლს დაუტოვა როგორც თორის მამული, ისე ახალქალაქის საერისთავთერისთავო, მაგრამ ამირსპასალარობა გადასცა არა თორელის შვილს, არამედ - ზაქარია მხარგრძელს. გამრეკელის სახლს, თამარმა ჩამოართვა აგრეთვე თმოგვი და სამამულედ უწყალობა სარგის ვარამის ძე მხარგრძელის (თმოგველთა სახლის დამფუძნებელს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
  • შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966;