ფშაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფშაველი

სოფლის ხედი წყაროსთავის ეკლესიიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ფშაველი
კოორდინატები 42°04′48″ ჩ. გ. 45°26′24″ ა. გ. / 42.08000° ჩ. გ. 45.44000° ა. გ. / 42.08000; 45.44000
ცენტრის სიმაღლე 460
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1624[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ფშაველი — საქართველო
ფშაველი
ფშაველი — კახეთის მხარე
ფშაველი

ფშაველისოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფშაველი, ლეჩური). 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1624 ადამიანი. სოფელს აქვს კლუბი, საშუალო სკოლა, ბიბლიოთეკა, სავაჭრო ცენტრი, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ხის დამამუშავებელი კომბინატი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 460 მ., თელავიდან 35 კმ., თბილისიდან 186 კმ. სოფელზე გადის თელავი-ომალოს საავტომობილო გზა.[2]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ფშაველის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს 2 ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით სოფელს სახელი ფშაველი ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები (ვენახები), რაც უტყუარი ჭეშმარიტებაა, ამჟამად ჯერ კიდევ არიან სოფელში მცხოვრები მხცოვანი ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ ფშავლების ნავენახარი ადგილები, მათ ვენახები ჰქონიათ დღევანდელი ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფშაველი და მისი მიმდებარე ტერიტორია სტორის, იგივე შტორის ხეობის უძველეს დასახლებას წარმოადგენს. სოფელმა სახელწოდება გვიანდელ შუა საუკუნეებში ფშაველი მოახალშენეებისაგან მიიღო. ადრინდელ საისტორიო წყაროებში ეს სახელწოდება არ ჩანს, რაც საქართველოს ბარში მთიელთა მიგრაციას მიგვანიშნებს. აქტიური კულტურული სამეურნეო ცხოვრებაში კვალი თანამედროვე ფშაველში და მის მიდამოებში ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე შეინიშნება.

ფშაველის მიდამოები ხშირად იხსენიება ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროებშიც — „შტორის ხეობა“ და „შტორის ერისთავები“, ქართულ სინამდვილეში უკვე — VIII საუკუნიდან. ესე იგი, მდინარე სტორის ხეობა უკვე გარკვეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად ჩამოყალიბდა, რომელსაც ადგილობრივი ერისთავი განაგებდა. შტორის საერისთავოსთან დაკავშირებით ხშირად იხსენიებენ „ნახჭევნის ციხეს“, რომელიც VIII–XI საუკუნეში არა მხოლოდ სტორის ხეობის, არამედ მთელი კახეთის მასშტაბითაც უძლიერესს ციხესიმაგრეებს წარმოადგენდა.

წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია სოფელ ფშაველში.[3]

კახეთის ნახჭევნის ციხესიმაგრე სტორის ხეობის გასაღებად ითვლებოდა. მისი აღება და შტორის საერისთავოს დამორჩილება, კახეთში გაბატონების ერთ-ერთი საწინდარი იყო. კახეთის შემოსამტკიცებლად წარმოებულ ბრძოლებში საქართველოს მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შტორის ხეობაში ნახჭევნის აღებას. ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუ სად მდებარეობდა ეს ციხესიმაგრე. ვახუშტი ბატონიშვილის ვარაუდით, იგი იგივე ლალისყურის ციხესიმაგრეა. სათანადო ისტორიული მასალების გათვალისწინებით, ისტორიული შტორის საერისთავოს ეს უძლიერესი ციხესიმაგრე, სავარაუდოდ, სწორედ სოფლების — ფშავლისა და ლალისყურის მიდამოებში უნდა იყოს გაშენებული, რასაც გვაფიქრებინებს ორივე სოფელში მიკვლეული ადრეული შუა საუკუნეების ძეგლი, მათ შორის ციხესიმაგრეთა ნანგრევები. მაგალითად, ჩოლოყაშვილების ზემოთ არის მეტად საინტერესოდ ნაშენი „ტალის ციხედ“ მოხსენიებული ციხესიმაგრის ნანგრევები. გამორიცხული არ არის, რომ ფშაველი და მისგან ერთ კილომეტრზე დაცილებული ლალისყური თავდაცვის ერთიან კომპლექსს ქმნიდა, რომელიც მდინარე სტორის ქვეყანას უწევდა კონტროლს. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ შუა საუკუნეებში კახეთისა და თუშეთის — გომეწრის თემის — დამაკავშირებელი საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე მაგისტრალური გზა სწორედ შტორის ხეობაზე და კერძოდ, ფშაველზე გადიოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ამ პუნქტის მნიშვნელობას.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ფშაველი თორღის საციხისთავოში შედიოდა და სამეფო-სახასო საკუთრება იყო. სხვა შიდა ციხეების მსგავსად, ფშაველ-ლალისყურის მიდამოებში მდებარე ნახჭევნის ციხესიმაგრესაც, საქართველოს ერთიანობის ხანაში — XI–XV საუკუნეებში რამდენადმე დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, განსაკუთრებით XVII–XVIII საუკუნეებში „ლეკიანობის“ ჟამს, კვლავ იწყება კახეთის შიდა ციხესიმაგრეთა მნიშვნელობის ზრდა და მათი შენება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სოფელ ფშაველში, სრულიად ახალ, ვაკე ადგილზე აშენდა ციხესიმაგრე. ფშავლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის სამეფოს მესამე — რუსთავის სადროშოს შემადგენლობაში ირიცხებოდა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ფშავლის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ყოველთვის მესაქონლეობა იყო და არის დღესაც.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია,[4] ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1926[6]
2014 1624[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფშაველი — თელავის მუნიციპალიტეტი
  • ფშაველი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სოფელი ფშაველი. არჩილ ხუტუაშვილი. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2021.
  3. სოფელ ფშაველის წმ. ევსტათე მცხეთელის სახელობის ეკლესია. ambioni.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-12. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2021.
  4. წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ეკლესია (ფშაველი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-12. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2021.
  5. ფშაველის ძეგლები (ფშაველის კოხტა ღვთისმშობელი და სხვ.). Saunje.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-12. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2021.
  6. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.