წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია
წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ლალისყურის ჩრდილოეთით, თელავი-ომალოს საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე სტორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ გორაზე.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავრაუდოდ თარიღდება XV საუკუნით. ადგილობრივთა გადმოცემით ეკლესიის სახელწოდება დაკავშირებულია მის მახლობლად მდებარე წყაროსთან, საიდანაც წყალი თიხის მილებით მთის ძირას მდებარე ციხესიმაგრეში მიედინებოდა.
ეკლესია დარბაზულია და მასზე სამხრეთიდან მიშენებულია ვიწრო დაბალი ნაგებობა. მოგვიანებით ეკლესიისათვის დასავლეთიდან მიუშენებიათ ორსართულიანი სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან — სამრეკლოს პირველი სართულიდან. ეკლესია მოხატული ყოფილა, რომელიც თარიღდებოდა XVI საუკუნით.
სამრეკლო ეკლესიაზე ოდნავ გვიანდელია. განეჯუთვნება XVI საუკუნეს, პირველი სართული გეგმით კვადრატს უახლოვდება (5,0 x 4,6 მეტრია). იგი სამხრეთით და დასავლეთით ფართო, შეისრული თაღით იყო გახსნილი, მოგვიანებით ისინი ამოუშენებიათ. მათ შორის სამხრეთისაში ვიწრო შესასვლელი იყო დატანებული, დასავლეთისაში კი - ბუხარი (2005-2006 წლებში, ეკლესიის შეკეთების დროს, თაღებში ჩაშენებული კედლები მოშალეს). ერთი თაღი აღმოსავლეთითაცაა. მასში ეკლესიის დასავლეთი შესასვლელი გამოდის. ჩრთილოეთით სართულის კედელი ყრუა. ამ მხარეს თაღის ნაცვლად, მოწყობილია იგივე ზომისა და ფორმის ნიშა, თაღები კვადრატული აგურითაა (20.5 x 20,5 x 4,5 სმ) ნაწყობი. წირთხლები კი - ნატეხი ქვით. ნატეხი ქვითვეა ნაწყობი სართულის გუმბათოვანი კამარაც, რომლის წრიულ საფუძველზე გადასვლა ხორციელდება ოთხივე კუთხეში მოწყობილი, აგურის შეისრულთაღიანი ტრომპითა და მათ გვერდებზე, სამკუთხა ელემენტებით, რ-ებიც ტრომპებით შექმნილი რვაკუთხედის ყოველ კუთხეში, სამ-სამი, კუთხით შვერილი აგურითაა გამოყვანილი.
პირველი სართულის დამასრულებელ კვადრატულ ბაქანზე აღმართულია აგურით ნაგები, რვაწახნაგა ფანჩატური, რომლის თითოეულ წახნაგში თითო, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობია გაჭრილი. აღმართული ღერძული წახნაგის ღიობში ეკლესიის სარკმელი გამოდის, სარკმლის ზემოთ, წყობაში ჩასმულ, შირიმის სწორკუთხა ქვაზე, ფონის ჩაღრმავებით, ბოლოებწაწვეტებული, ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი. ფანჩატურის წიბოები და ღიობების წირთხლები შირიმითა და ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ღიობის გადამხურავი თაღები კი - აგურით. შიგნით ფანჩატური გადახურულია ნახევარსფერული ფორმის, სხმული კამარით. სამრეკლო ორივე მხრიდან შელესილი (ჩამოცვენილია) და შეთეთრებულია. ფარედან, ფანჩატურის თითოეული ღიობის თაღოვანი ნაწილი, აღმოსავლეთით ღერძული ღიობის გარდა, კედლის მცირედ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, მაღალი ლავგარდნით. სამრეკლო გადახურულია აგურითვე ნაწყობი, პირამიდული სახურავით. მოგვიანებით იგი თუნუქით შეუმოსავთ 2005-2006 წლებში ჩატარებული რემონტის დროს ძველი საბურავი ახლით შეცვალეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 303-307.
- ჯაჭვაძე ი. ლეგენდად ქცეული ძეგლები, ჟურნალი დროშა, 1976, N 8, გვ.15-16.