რუისპირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
რუისპირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი რუისპირი
კოორდინატები 41°56′55″ ჩ. გ. 45°24′49″ ა. გ. / 41.94861° ჩ. გ. 45.41361° ა. გ. / 41.94861; 45.41361
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2297[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რუისპირი — საქართველო
რუისპირი
რუისპირი — კახეთის მხარე
რუისპირი

რუისპირისოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფელი: ახატელი). ზღვის დონიდან 600 მეტრი, თელავიდან 7 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2297 ადამიანი.

რუისპირის ტერიტორიაზე მოქმედებს სოფლის კულტურის ცენტრი, სამუსიკო სკოლა, ბაგა-ბაღი და საჯარო სკოლა. სკოლაში ამჟამად 330-მდე მოსწავლე ირიცხება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელს საფუძველი საქართველოს ერთიანობის ხანაში უნდა ჩაჰყროდა. გადმოცემის თანახმად, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - შიო, თავდაპირველად, სოფელ არტოზანში (ამჟამად ნასოფლარი. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ზე) მოღვაწეობდა.

რუისპირი თელავიდან ქართლში მიმავალ, მნიშვნელოვან გზაზე მდებარეობდა, რაც ზრდიდა სოფლის მნიშვნელობას, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ XVI-XVII საუკუნეებში, რუისპირი კახეთის თავადების — მაყაშვილების სოფლად ითვლებოდა. მათვე ეკუთვნოდათ სოფლის მიმდებარე, ვრცელი საძოვრები და სხვა სავარგულებიც. რუისპირში, მაყაშვილებთან ერთად, მცირე ყმა-მამულს ფლობდნენ აზნაურები: ჩიგილაშვილები, თარხნიშვილები, მდივნები და სხვებიც. ამავე საუკუნეებში პარალელურად იხსენიება სოფელი არტოზანი და „არტოზნელებიც“. მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო, რუისპირზე მტრის თავდასხმები ძალზე ხშირი იყო, განსაკუთრებით კი XVII-XVIII საუკუნეებში„ლეკიანობის“ ჟამს. ცნობილია, რომ 1754 წლის ზაფხულში ხუნძახის პატრონმა ლეკთა ბელადმა, მჭადიჯვართან დამარცხებამდე, რუისპირი და იყალთო ერთიანად გადაწვა. მოსახლეობის დაცვის მიზნით, სოფელში აშენდა ორი ციხე-გალავანი: ერთი — სოფლის ჩრდილოეთ განაპირას, ალაზნის მხარეს და მეორე — სამხრეთით. ორივე მაყაშვილებს ეკუთვნოდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის დროს რუისპირი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად III სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. ომის შემთხვევაში მაყაშვილები „ერთობით, ყმით, საყელოთი“, რუისპირიდან გამოსული ლაშქრის ჩათვლით, რუსთველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ და როგორც სარდალს, მას უნდა დაქვემდებარებოდნენ. რუისპირის გარდა, ახლომახლო სოფლებიდანაც მოდიოდა ხიზანი. რუისპირის ციხე-გალავნების მნიშვნელობა ამ მხრივ მეტად დიდია. 1762 წელს მიწისძვრის შემდეგ, ერეკლე II-ეს ერთ-ერთი მათგანი შეუკეთებია.

კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს, თიანელებმა, მატნელებმა და ახმეტელმა მოლაშქრეებმა გაწყვიტეს მატანში მდგარი რუსები. ეს აჯანყების ახალი აღმავლობის ნიშანი გახდა. კახელებმა ბევრ სოფელში აღკვეთეს რუსთა ეგზეკუციები. ისინი ბატონიშვილ იოანეს ძის, გრიგოლის მეთაურობით დაირაზმნენ. მათ დასახმარებლად მოვიდნენ ლეკებიც. სულ 4 000 კაცამდე შეიკრიბა. რუსებს კი საგარეჯოდან 300 ჯარისკაცი მიაშველეს. რუისპირთან, ციხესიმაგრეებში, რუსებსა და კახელ აჯანყებულებს შორის, დიდი ბრძოლა გაიმართა. კახელებმა შეძლეს დამსჯელთა დამარცხება და განადგურება. გადარჩენილი რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები თელავის ციხეში შეიკეტნენ.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, რუისპირი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შევიდა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას VI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამეკლესიიანი ბაზილიკა. რუისპირის მიდამოებშია ასევე ადამაანთ ციხე (XVIII საუკუნის ბოლო მესამედი). გადმოცემის თანახმად სოფლის სამხრეთით, არტოზანის სახელით ცნობილ ადგილზე „შიოს მარნად“ წოდებულ სამონასტრო კომპლექსში, ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - შიო მღვიმელი მოღვაწეობდა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ნასახლარები და წყლისთვის განკუთვნილი ძველი ჯებირები, რომელთაც დაზიანების კვალი ატყვიათ. ერთ-ერთი ვერსიით მდ. თურდო უწინ გაცილებით მაღლა მოედინებოდა, მომხდარმა წყალდიდობამ დააზიანა ჯებირები და დასახლება. ამის შემდეგ მოსახლეობა ჩრდილოეთით ჩამოსულა და მდინარიდან გამომავალი რუების სიახლოვეს დასახლებულა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან დაედო დასაბამი სოფლის დღევანდელ სახელწოდებას.

სოფელში ერეკლე II-ს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონია. იგი მაყაშვილებთან ჩერდებოდა. აქ „სანიავოს“ სახელწოდებით შემორჩენილია ციხე-გალავანი. შავი ჭირის ერთ-ერთი ეპიდემიის დროს მეფემ მთელი ოჯახით სოფელ რუისპირს შეაფარა თავი.

სოფელში მხოლოდ ერთი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა მოქმედი, რომლის რესტავრაცია 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს ნიკოლოზობის დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაიხსა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2632[2]
2014 2297[1]

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.