კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
Caroline von Brandenburg-Ansbach
Queen Caroline Kneller.jpg
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი
კორონაცია: 11 ოქტომბერი, 1727
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 1727
მმართ. დასასრული: 20 ნოემბერი, 1737
წინამორბედი: ჯორჯ დანიელი
მემკვიდრე: შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 მარტი, 1683
დაბ. ადგილი: ანსბახი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1737, (54 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
დაკრძ. ადგილი: 17 დეკემბერი, 1737, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი
მეუღლე: ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
შვილები: ფრედერიკი, უელსის პრინცი
ანა, ორანჟის პრინცესა
ამელია
ქეროლაინი
ჯორჯ უილიამი
უილიამი, კამბერლენდის ჰერცოგი
მერი, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია
ლუიზა, დანიის დედოფალი
სრული სახელი: ვილჰელმინა შარლოტა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: იან ფრიდრიხი, ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფი
დედა: ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი (გერმ. Caroline von Brandenburg-Ansbach, ინგლ. Caroline of Brandenburg-Ansbach; დ. 1 მარტი, 1683, ანსბახი, საღვთო რომის იმპერია — გ. 20 ნოემბერი, 1737, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი 1727-1737 წლებში როგორც ჯორჯ II-ის მეუღლე.

იგი იყო ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფ იან ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელის ქალიშვილი. კაროლინა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც ორივე მხრიდან დაობლდა, რის გამოც იგი მამის ბიძაშვილის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია შარლოტა პრუსიელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდა. პრუსიის სამეფო კარზე მან საოცარი განათლება მიიღო და მალევე ძალიან დაახლოვდა სოფია შარლოტასთან, რომლისგანაც მიიღო ლიბერალური და ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა.

კაროლინა ძალიან ცდილობდა აღმზრდელთათვის იმედები არ გაეცრუებინა და კარგი საპატარძლო ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ესპანეთის შესაძლო მეფესა და ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ VI-ზე დაქორწინებაზე კაროლინამ უარი თქვა, იგი დააქორწინეს დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ზე. ქორწინებიდან მათ სულ რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან შვიდმა სრულწლოვანებამდე მიაღწია.

1714 წლიდან კაროლინა სამუდამოდ გადასახლდა ბრიტანეთში სადაც ქმრის სტატუსიდან გამომდინარე, იგი უელსის პრინცესა გახდა. როგორც უელსის პრინცესა, იგი მხარს უჭერდა თავის ქმარს მეფე ჯორჯ I-ის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარებაში. 1717 წელს კაროლინა და მისი მეუღლე სამეფო კარიდან გააძევეს. კაროლინამ სამეფო კარზე ბევრი მოკავშირე გაიჩინა, მათ შორის პოლიტიკოსი რობერტ უოლპოლი, რომლის წყალობითაც 1720 წელს სახალხოდ მოხდა მეფე ჯორჯ I-ის, კაროლინასა და მისი ქმრის შერიგება.

1727 წელს ტახტზე მისი მეუღლე ჯორჯ II ავიდა, რითაც კაროლინა სამი სახელმწიფოს დედოფალი და ქვეყნის უძლიერესი ქალი გახდა. კაროლინასა და ჯორჯის უფროსი ვაჟი ფრედერიკი უელსის პრინცი გახდა, თუმცა ტახტზე ასვლა მან ვერასდროს შესძლო. ისევე როგორც თავის დროზე კაროლინასა და ჯორჯს ჰქონდათ მეფესთან პრობლემები, ასევე იყო მათი ვაჟი ფრედერიკი და მისი მეუღეც, რომელთა საბოლოოდ დაშოშმინება კვლავ რობერტ უოლპოლმა მოახერხა. დედოფალ კაროლინას დიდი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკაზე, იგი მხოლოდ რამდენიმე რეფორმის გატარებისას ჩაერია ქმრის საქმეში. როდესაც იგი გარდაიცვალა, 1737 წელს, მას მთელი არისტოკრატია მწარედ გლოვობდა, ჯორჯი კი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გლოვობდა მას, რის გამოც მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინა დაიბადა 1683 წლის 1 მარტს ანსბახში. იგი იყო ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფ იან ფრიდრიხისა და მისი მეორე ცოლის, ლანდგრაფინია ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელის ქალიშვილი. მამამისი იყო ერთ-ერთი ყველაზე პატარა გერმანული ქვეყნის მმართველი. იგი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაშინ როცა კაროლინა მხოლოდ 3 წლის იყო. კაროლინა დედამისთან ერთად მის მშობლიურ ეისნახში დაბრუნდნენ, ტახტზე კი კაროლინას უფროსი ძმა ავიდა. 1692 წელს კაროლინას დედა, ელეანორა ერდმურტა მეორედ გათხოვდა საქსონიის კურფიურსტ ვილჰელმ ფრიდრიხზე და მასთან გადავიდა დრეზდენში. ელეანორას თან შვილების წაყვანის ნება არ დართეს, რის გამოც მცირეწლოვანი კაროლინას დატოვება მოუხდა, თუმცა მისი მეორე ქორწინება უამისოდაც საკმაოდ უიღბლო აღმოჩნდა. ქორწინებიდან ორ წელიწადში ელეანორას მეორე მეუღლეც დაიღუპა, თუმცა იგი კვლავ დრეზდენში დარჩა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1696 წელს. ორივე მხრიდან დაობლებული კაროლინა და მისი ძმა ფრიდრიხი კვლავ ანსბახში დაბრუნდნენ, სადაც ტახტზე მათი ნახევარ-ძმა იჯდა. კაროლინას თავის ნახევარ ძმასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც იგი თავის ბიძასთან, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ის სამეფო კარზე გადასახლდა ბერლინში. მალევე მასზე მეურვეობა მიიღეს ფრიდრიხ I-მა და მისმა ცოლმა, დედოფალმა სოფია შარლოტა პრუსიელმა, რომელიც მანამდე კაროლინას დედის ახლო მეგობარი იყო.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1701 წელს ფრიდრიხი და სოფია შარლოტა პრუსიის ტახტზე ადიან. დედოფალი სოფია შარლოტა იყო ჰანოვერის ქვრივი დედოფლის, სოფია პფალცელის ქალიშვილი და ჰანოვერის მოქმედი მეფე ჯორჯ I-ის და. დედოფალი ცნობილი იყო თავისი ინტელიგენტი, ძლიერი, ლიბერალური და ჰუმანისტური ხასიათით. თავად დედოფალი სოფია ზრუნავდა კაროლინას განათლებაზე. იგი ხასიათით და მსოფლმხედველობით სწორედ მას დაემსგავსა, თუმცა მიუხედავად დიდი მუშაობისა კაროლინას მთელი ცხოვრების მანძილზე საშინელი ხელწერა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თავისი ცოცხალი გონების წყალობით იგი ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველაფერს, როგორც სხვადასხვა მეცნიერებებს, ისე უცხო ენებს. მან და დედოფალმა ძალიან მჭიდრო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს მთელი ცხოვრების მანძილზე, რის გამოც ბევრი კაროლინას სოფია შარლოტას სუროგატ ქალიშვილად მოიხსენიებდა, რადგან იგი მას საკუთარი შვილივით ზრდიდა. ერთხელ, როცა კაროლინამ ბერლინი დატოვა და ანსბახში დროებით გაემგზავრა, დედოფალმა განაცხადა, რომ ბერლინი მის გარეშე უდაბნოს ჰგავდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონიერი და მიმზიდველი ქალი, კაროლინა ძალიან ცდილობდა, რომ კარგი საცოლე ყოფილიყო. ჰანოვერის ქვრივმა დედოფალმა სოფია პფალცელმა მას "გერმანიის ყველაზე ლამაზი პრინცესა" უწოდა. თავდაპირველად იგი ითვლებოდა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ჰაბსბურგის საცოლედ, რომელიც ამ პერიოდში ესპანეთის მომავალ მეფედ მოიაზრებოდა და შემდგომში საღვთო რომის იმპერატორიც გახდა. კარლთან ოფიციალური საქორწინო მოლაპარაკებები 1703 წელს წამოიწყო ფრიდრიხ I-მა. თუმცაღა მთელი რიგი მოლაპარაკებების შემდეგ, 1704 წელს ქორწინებაზე უარი თავად კაროლინამ თქვა, რადგან იგი ლუთერანი იყო, კარლზე დასაქორწინებლად კი კათოლიციზმის მიღება დასჭირდებოდა. მომდევნო წელს, მშობლიურ ჰანოვერში სტუმრობისას დედოფალი სოფია დაიღუპა. ამ ამბავმა კაროლინა პირდაპირი მნიშვნელობით გაანადგურა, მან განაცხადა კიდეც, რომ იმედი ჰქონდა მალე მიჰყვებოდა დედოფალს.

1705 წლის ივნისში, განსვენებულ დედოფალ სოფია შარლოტას ძმა, ჰანოვერის მეფე ჯორჯ I ანსბახის სამეფო კარს ეწვია, რათა საიდუმლოდ შეეთვალიერებინა და გაეცნო სილამაზითა და გონიერებით სახელგანთქმული პრინცესა კაროლინა, რათა შემდგომში იგი თავის ვაჟზე დაექორწინებინა. ჯორჯი სიყვარულით იყო დაქორწინებული და ბედნიერი ოჯახიც ჰქონდა, ამიტომაც სურდა, რომ თავისი ვაჟიც ასე დაექორწინებინა. პრინც ჯორჯ ავგუსტს მოეწონა თავისი საცოლე. ჯორჯ ავგუსტს სამი უნაყოფო ბიძა ჰყავდა, ოჯახში კი ერთადერთი ვაჟი იყო, რის გამოც მამამისმა მას აუცილებლად დაქორწინება უბრძანა. ამიტომაც მან განიზრახა მთელს იმპერიაში თავისი სილამაზით, გონიერებითა და ხასიათის თვისებებით სახელგანთქმული ანსბახის პრინცესაზე ქორწინება. თავის მხრივ თავად კაროლინაც ერთობ კმაყოფილი დარჩა საქმროთი, ამასთან იგი ხომ ჰანოვერის ტახტის მემკვიდრეც იყო და გარდა ჰანოვერისა, იგი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ანას უახლოესი ნათესავი და მისი ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე იყო თავისი მამის, მეფე ჯორჯ I-ის შემდეგ.

1705 წლის 22 აგვისტოს კაროლინა ჰანოვერში გაემგზავრა რათა ჯორჯ ავგუსტზე დაქორწინებულიყო. ისინი რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ ჰორენჰეუზენის სასახლეში. მომავალი წლის მაისში გამოაცხადეს, რომ კაროლინა ორსულად იყო, რის შემდეგაც 1707 წლის 20 იანვარს მან თავისი პირველი შვილი, პრინცი ფრედერიკი (გერმანელებისთვის ფრიდრიხი) გააჩინა. ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში კაროლინა ჯერ წითურით, შემდეგ კი პნევმონიით დაავადდა. მას ბავშვი სასწრაფოდ მოაცილეს, თუმცა თავად ჯორჯი გვერდიდან არ სცილდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით მასსაც შეიძლებოდა შეჰყროდა ეს განუკურნებელი სენები. მიუხედავად ამისა კაროლინაც და ჯორჯიც გადარჩნენ და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში კაროლინამ კიდევ სამი შვილი — ანა, ამელია და ქეროლაინი — გააჩინა, რომელთაგან ყველა ჰანოვერში დაიბადა.

ჯორჯ ავგუსტსა და კაროლინას ძალიან ბედნიერი და სიყვარულით აღსავსე ქორწინება ჰქონდათ, თუმცა ჯორჯმა მაინც გაიჩინა საყვარელი, რაც იმ ეპოქაში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. კაროლინამ კარგად იცოდა ქმრის ღალატების შესახებ, თუმცა არაფერს იმჩნევდა. ჯორჯი მას ჯერ სუფოლკის ჰერცოგინია ჰენრიეტა ჰოვარდთან, 1735 წლიდან კი ამელია ვონ ვალმოდენთან ღალატობდა. ჰენრიეტა ჰოვარდი კაროლინას ფრეილინებს შორის შედიოდა და მან ჯორჯთან რომანი 1731 წლიდან გააბა, 1734 წელს კი მას ვაჟიც გაუჩინა. თუმცაღა თავისი დედისა და ქმრისგან განსხვავებით, კაროლინა ქორწინების ერთგულებით გამოირჩეოდა. მსგავსი ქმედებებით იგი არასდროს ქმნიდა უხერხულ სიტუაციებს და არც კი ფლირტაობდა სხვა მამაკაცებთან. როგორც თავად ამბობდა, ერჩია მის ქმარს ისევ მისსავე ფრეილინებთან ეღალატა და ქმარზე კონტროლი შეენარჩუნებინა, ვიდრე სხვა ქალებთან წასულიყო და შემდგომ მასთან ებრძოლა ქმრისთვის.

1714 წელს ქვრივი დედოფალი სოფია პფალცელი გარდაიცვალა, რის გამოც დედოფალ ანას ტახტს კაროლინა და მისი ქმარი კიდევ უფრო მიუახლოვნენ, მაგრამ ამ დროს ტახტზე პრეტენზია განაცხადა ანას დევნილობაში მყოფმა ძმამ. სოფიას გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში თავად ანაც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ინგლისის პარლამენტმა მეფედ კაროლინას მამამთილი ჯორჯ I გამოაცხადა. ამის შემდეგ კაროლინა და ჯორჯ ავგუსტი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის ტახტის მემკვიდრეები, ანუ უელსის პრინცი და პრინცესა გახდნენ.

უელსის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინა 1716 წელს

ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, 1714 წლის სექტემბერში ჯორჯ ავგუსტი ინგლისში გადასახლდა, ოქტომბერში კი მას კაროლინა და მათი შვილებიც მიჰყვნენ. მისი მოგზაურობა იწყებოდა ეტლით ჰანოვერიდან ჰააგამდე, ჰააგადან კი უკვე ხომალდით ჩავიდა საპორტო ქალაქ მარგატეში, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა იგი ხომალდზე ავიდა. კაროლინასა და ჯორჯის ვაჟი ფრედერიკი ჰანოვერში დარჩა, სადაც მას მამისა და ბაბუის არ ყოფნისას ქვეყნის მართვა ევალებოდა, ამავდროულად კი კერძო მასწავლებლები მის განათლებაზე ზრუნავდნენ.

1714 წელს ჯორჯ I-ის ტახტზე ასვლით, კაროლინა და ჯორჯი უელსის პრინცთან და პრინცესასთან ერთად, ავტომატურად გახდნენ კორნუოლის ჰერცოგი და ჰერცოგინია. კაროლინა ინგლისის ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც უელსის პრინცესობა იმავე დროს მიიღო როცა მისი ქმარი პრინცი გახდა. ისინი ბოლო ორასი წლის მანძილზე პირველი უელსის პრინცი და პრინცესა იყვნენ, მას შემდეგ რაც 1502 წელს პრინცი არტურ ტიუდორი გარდაიცვალა უელსს პრინცი აღარ ჰყოლია, წინამორბედი პრინცესა კი მისი ცოლი კატალინა არაგონელი იყო. უელსის პრინცესა ეს იყო ინგლისის ტახტის მემკვიდრის ანუ მომავალი დედოფლის წოდება, რამაც კაროლინა ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილ ქალაქ აქცია და ვინაიდან ამ დროს ჯორჯ I-ის ცოლი გარდაცვლილი იყო, ქვეყნის პირველი ქალბატონი სწორედ კაროლინა გახდა. ჯორჯ ავგუსტი და კაროლინა ერთად ცდილობდნენ ინგლისური ენის, ტრადიციების, ხალხისა და ისტორიის შესწავლას. ვინაიდან მათ მთელი ცხოვრება გერმანიაში გაატარეს და წარმოშობითაც გერმანელები იყვნენ, სხვა ქვეყნების შესახებ მაინც და მაინც დიდი ცოდნა არ ჰქონდათ. ამრიგად ყოველთვის ცდილობდნენ ჰანოვერის ინტერესების დაცვას, რაც ბრიტანელებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, რამაც თანდათანობით მეფის ძალაუფლების დაკნინება გამოიწვია.

ინგლისში ჩასვლიდან ორ წელიწადში კაროლინამ მკვდარი ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პრინცესა მალე დაუმეგობრდა ბუკინგემის გრაფინიას, რომელმაც შესძლო მისი დეპრესიიდან გამოყვანა. ამ ამბიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში კაროლინამ ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, სახელად ჯორჯ უილიამი, რამაც მას საკუთარი თავის რწმენა გაუმყარა. 1717 წლის ნოემბერში, როდესაც ახალშობილი მონათლეს, კაროლინას ქმარმა კი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადა. ამით განრისხებულმა ჯორჯ I-მა თავისი ვაჟი და მემკვიდრე სამეფო სასახლიდან გააძევა, თუმცა მის ცოლ-შვილს დარჩენის ნება დართო. თავდაპირველად კაროლინამ შვილებთან დარჩენა მოისურვა, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ მისი ადგილი მისი ქმრის გვერდით იყო, რის გამოც უელსის პრინცი და პრინცესა მალევე გადავიდნენ ლეიცესტერის სასახლეში, მათი შვილები კი სამეფო კარზე დარჩნენ აღსაზრდელად. შვილების გარეშე ქალაქის გარე უბანში ცხოვრება კაროლინას ძალიან უჭირდა, რის შემდეგაც მცირე ხნის შემდეგ მან თავი მოიავადმყოფა, რის გამოც მეფემ მას შვილების ნახვის ნება დართო. 1718 წლის თებერვალში ჩვილი ჯორჯ უილიამი მძიმედ დაავადდა, რის შემდეგაც მეფემ იგი კენსინგტონის სასახლეში გაუშვა, რათა მშობლებს იქ ენახათ, კაროლინასა და ჯორჯ ავგუსტს კი სამეფო კარზე მისვლა აუკრძალათ. 17 თებერვალს ბავშვი გარდაიცვალა, რის მიზეზადაც გამწარებულმა კაროლინამ მეფე დაადანაშაულა, მან განაცხადა, რომ ბავშვი დედასთან განშორების გამო დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს, რომ ჯორჯ უილიამი დაბადებიდანვე გულის მანკიანი ბავშვი იყო და დედასთან დაშორება არაფერ შუაში იყო მის გარდაცვალებასთან. ამავე წლის ასევე თებერვალში ორსული კაროლინა თავისი სასახლის ბაღში სეირნობისას მძიმედ დაეცა და ნაადრევი მშობიარობით მკვდარი გოგონა გააჩინა. 1721-23 წლებში კაროლინამ კიდევ სამი ბავშვი გააჩინა — ფილიპე, მერი და ლუიზა.

ლეიცესტერის სასახლე მალევე გადაიქცა მეფის მტრებისა და ოპოზიციონერთა თავშეყრის ადგილად. სწორედ აქ დაუმეგობრდა კაროლინა გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას — რობერტ უოლპოლს. კაროლინამ უოლპოლის მეშვეობით სამეფო კარზე თავისი გავლენები აღიდგინა, რის შემდეგაც იგი 1720 წლიდან მოყოლებული კაროლინას ქმრისა და მეფეს შორის ურთიერთობების დათბობაზე მუშაობდა. კაროლინას უკვე წლები არ ენახა თავისი უფროსი შვილები, რომლებიც მეფის კარზე ცხოვრობდნენ, ამიტომაც მიიჩნევდა, რომ ამ მოლაპარაკებებით იგი მათ დაბრუნებას შესძლებდა, თუმცა ამას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. ჯორჯ ავგუსტი პოლიტიკურად იზოლირებული იყო. იგი მიიჩნევდა, რომ უოლპოლმა გააცურა და ამით მას მხოლოდ თავად სურდა მეფესთან დაახლოვება. თუმცაღა მიუხედავად ამისა 1720 წელს პრინცისა და მეფის საბოლოო შერიგება მაინც მოხერხდა, რის შემდეგაც კაროლინა სამეფო კარსა და შვილებს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, ჯორჯ I შვილს ძველებურად აღარ ენდობოდა, რის გამოც ჯორჯ ავგუსტს პოლიტიკასა და მნიშვნელოვან საკითხებს არ აკარებდა და ასევე ყოველთვის პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი.

კაროლინას ინტელექტი ბევრად აღემატებოდა მისი ქმრისას, თუმცა მას მაინც უყვარდა ჯორჯ ავგუსტი. მან თავის სასახლეში საკმაოდ დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა გააკეთა, ამას გარდა ხელს უწყობდა განმანათლებლობას, ასევე ფიზიკისა და ფილოსოფიის განვითარებას. გარდა ამისა, იგი ეწეოდა დიდ საქველმოქმედო საქმიანობასაც, რომელიც არა მხოლოდ ღარიბებისა და ობლების მატერიალურად დახმარებას, არამედ მათ საფუძვლიანად მკურნალობასაც ითვალისწინებდა (ცხადია იმ დონეზე, როგორც მაშინ იყო მედიცინა განვითარებული). იგი ასევე დიდ დროს უთმობდა ხელოვნებასა და მის მფარველობას, ასევე ძალიან უყვარდა ფილოსოფია და ტექნიკური საგნები, რის გამოც იგი უამრავ ფილოსოფოსს, მათემატიკოსსა და ფიზიკოსს აფინანსებდა, რამაც ამ საგნების განვითარება გამოიწვია. ცნობილია, რომ იგი გარდაცვალებამდე იყო დაინტერესებული განათლების გაღრმავებით.

დედოფალი და რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1727 წელს მოჭრილი ბრიტანული მონეტა დედოფალ კაროლინას გამოსახულებით

1727 წლის 11 ივნისს მისი მამამთილის, ჯორჯ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ქმარი ჯორჯ II ავიდა, რითაც კაროლინა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი გახდა. მათი კორონაცია 1727 წლის 11 ოქტომბერს შედგა უესტმინსტერის სააბატოში. კაროლინა გახდა ბრიტანეთის ისტორიაში პირველი დედოფალი, რომლის კორონაციაც შედგა, ვინაიდან ბოლო დედოფალი, რომლის კორონაციაც იყო, ეს იყო ანა დანიელი, 1603 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უოლპოლმა ჯორჯი და მამამისი თავის დროზე შეარიგა, ჯორჯი მას მაინც არ ენდობოდა. გარდა ამისა უოლპოლი პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენდა ჯორჯ II კი უმცირესობაში იყო. იმის გამო, რომ უოლპოლი ზედმეტად არ გათავხედებულიყო, მეფემ მას წლიურად 100, 000 ფუნტის გადახდა დააკისრა, რაც სასახლეების რესტავრაციას მოხმარდა. თუმცაღა სამეფო კარზე უოლპოლს დიდი გავლენა ჰქონდა. იგი მალევე ძალიან დაუახლოვდა კაროლინას, იმდენადაც კი, რომ მას "დედოფლის მინისტრს" უწოდებდნენ. მომდევნო ათი წლის მანძილზე იგი დიდ გავლენას ახდენდა კაროლინაზე, დედოფალი კი თავის მხრივ საკმაოდ ძლიერ გავლენას ჰფლობდა მეფეზე, რომელსაც უოლპოლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდა. დედოფალი კაროლინა, ისევე როგორც მისი აღმზრდელი, პრუსიის დედოფალი სოფია შარლოტა, ლიბერალური პოლიტიკის მატარებელი იყო. მან მხარი დაუჭირა იაკობინელთა პარტიას (სტიუარტთა დინასტიის მომხრეებს), ასევე პრესის, და სიტვის თავისუფლებას პარლამენტში.

დედოფალი კაროლინა 1735 წელს

მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე კაროლინა და ჯორჯი ხელჩარჩულ ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულები თავიანთი ვაჟის, უელსის პრინც ფრედერიკის წინააღმდეგ. საბოლოოდ ფრედერიკის გაუთავებელი ამბოხებისგან თავის დასახწევად ის მეფე-დედოფალმა დროებით გერმანიაში გადაასახლეს. იგი ჰანოვერიდან 1728 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდა, რადგან მისი მშობლები მის შედარებით დაჭკვიანებას ივარაუდებდნენ. მართალია იგი ამბოხებს აღარ აწყობდა, თუმცა საკმაოდ დიდი ვალები ჰქონდა, რაც გაუთავებელი აზარტული თამაშების ბრალი იყო. ფრედერიკი მამის რელიგიურ მრსწამრსს უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ სამეფო ხელისუფლების გავლენა მცირე იყო. 1728 წელს კაროლინა და ფრედერიკი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის რეგენტებად დაინიშნენ, ვინაიდან 1729 წლის მაისამდე ჯორჯ II ჰანოვერში იმყოფებოდა. კაროლინას რეგენტობისას მოხდა დიპლომატიური ინცინდენტი პორტუგალიასთან, როდესაც ბრიტანული გემები უნებართვოდ შეიჭრნენ პორტუგალიის აკვატორიაში, თუმცა რეგენტმა დედოფალმა ძალზედ წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა და პორტუგალიასა და ესპანეთთან სევილიის ხელშეკრულება გააფორმა. 1732 წელს კაროლინა ოთხი თვით კვლავ იქნა დანიშნული რეგენტად, ვინაიდან მეფე კვლავ ჰანოვერში იმყოფებოდა. მისი ამ რეგენტობის პერიოდში ბრიტანეთში სასჯელაღმსრულებელ სისტემაში დიდი რეფორმა გატარდა და ჯალათებს ადამიანების ჩვენების მისაცემად წამება აეკრძალათ. 1733 წლის მარტში ბრიტანეთის მინისტრები ერთხმად მოითხოვდნენ უოლპოლის თანამდებობიდან მოხსნას. მართალია დედოფალი მათ თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდათ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.

1714 წლიდან მოყოლებული, კაროლინამ მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ინგლისის სამხრეთში — ლონდონსა და მის შემოგარენში გაატარა. დედოფალი განაგრძობდა, მხატვრების, მწერლებისა და ინტელექტუალების საქმიანობის ხელშეწყობას. იგი ყიდულობდა უამრავ და უძვირფასეს საიულველირო საქონელს, ასევე ძალიან უყვარდა უცხო ნივთების, იშვიათი ხელოვნების ნიმუშების, პორტრეტებისა და მინიატურული ტილოების შეგროვება. ასევე მისი დაფინანსებით გააშენეს სამეფო სასახლის გარშემო უდიდესი და ულამაზესი ბაღები. 1728 წელს მისი რეგენტობისას აღმოჩენლ იქნა ლეონარდო და ვინჩისა და ჰანს ჰოლბეინის უიშვიათესი ტილოები, რომლებიც უილიამ III-ის მმართველობისას გადამალეს.

1734 წელს კაროლინას უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ანა ცოლად შერთეს ორანჟის პრინც ვილჰელმ IV-ს, რის შემდეგაც ახალდაქორწინებული წყვილი ვილჰელმის სამშობლოში, ანუ ჰოლანდიაში გადასახლდა. კაროლინა ხშირად მონატრებითა და მწუხარებით აღსავსე წერილებს აგზავნიდა ჰოლანდიაში. მალევე ანამ მშობლიური მხარისადგმი დიდი მონატრება იგრძნო, რის გამოც როცა მისი ქმარი საბრძოლველად გაემგზავრა, ანა კვლავ ინგლისში დაბრუნდა, თუმცა იგი მალევე უკან დაბრუნდა მამისა და ქმრის მოთხოვნით.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი კაროლინა 1735 წელს

1735 წლის შუა ხანებში, როდესაც ჯორჯი ჰანოვერში დაბრუნდა, რეგენტად კვლავ კაროლინა და ფრედერიკი დანიშნა. ჩვეულებისამებრ, მთელი ძალაუფლება კაროლინამ აიღო ხელში, თუმცა ამ რეგენტობის დროს ძალაუფლების წართმევამ ფრედერიკი განსაკუთრებით გაანაწყენა. 1736 წელს კაროლინამ და ჯორჯმა ფრედერიკი პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთაზე დააქორწინეს. ქორწინებიდან მალევე ჯორჯი ჰანოვერში დაბრუნდა, კვლავ რეგენტად დანიშნულმა დედოფალმა კი თავისი მოვალეობების შესრულებას მიჰყო ხელი. როგორც რეგენტმა, კაროლინამ შოტლანდიელი კაპიტანი ჯონ პორტეუსი გაასამართლა ედინბურგში განხორციელებული უდანაშაულო ხალხის მასობრივი ხოცვისთვის. ჯონი მალევე ციხეში გამოკეტეს, სადაც იგი მალევე მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი კრიმინალი იყო, ამ ამბავმა მთავრობის დიდი აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ამბავმა ჰანოვერამდე, მეფე ჯორჯ II-ის ყურამდეც ჩააღწია, რომელმაც ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა და გაემგზავრა კიდეც, თუმცა გზაში თავს მოულოდნელად ძლიერი შტორმი დაატყდა, რის გამოც მისი ხომალდი დაიკარგა. ხმა გავრცელდა, რომ მეფე დაიღუპა, თუმცა სანამ მის გვამს არ იპოვნიდნენ კაროლინა უარს ამბობდა ამის აღიარებაზე და რეგენტობას განაგრძობდა. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა დედოფალი გაანადგურა, რასაც მისი ვაჟის ინტენსიური საყვედურები და პრეტენზიები ემატებოდა. მალევე ფრედერიკმა დედის მმართველობის დამხობა და ტახტზე ასვლა მოისურვა, თუმცა 1737 წლის იანვარში, ყველასდა მოულოდნელად ჯორჯი დაბრუნდა.

განრისხებულმა ფრედერიკმა დახმარებისთვის პარლამენტს მიმართა და მას ფულადობრივი დახმარება სთხოვა, რათა მშობლების მმართველობა დაემხო და ტახტზე თავად ასულიყო. თუმცაღა პარლამენტმა მას დახმარება არ გაუწია და მისი კიდევ ერთი ამბოხის გეგმა ჩაიშალა. 1737 წლის ივნისში ფრედერიკმა მშობლებს პრინცესა ავგუსტას ფეხმძიმობა ახარათ. ამ ამბიდან ცხრა თვეში კი მომავალი მეფე ჯორჯ III დაიბადა, ჰემპტონის სასახლეში. თუმცაღა ბავშვი ფსიქიკურად არამდგრადი იყო. მიუხედავად ამისა კაროლინასა და ავგუსტას შორის ურთიერთობა ყოველთვის მეტად დაძაბული იყო. დედოფალი რძალს ყოველთვის ცუდად ეპყრობოდა და ამცირებდა, ხოლო როცა ავგუსტამ ვაჟი გააჩინა, კაროლინამ ბავშვს "საცოდავი, საზიზღარი პატარა თაგვი" უწოდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დედოფალ კაროლინას ძალიან აწუხებდა გულისა და ფეხების ტკივილი, თუმცა უფრო მეტად თირკმელები აწუხებდა, რაც მას 1724 წელს მეათე ბავშვის გაჩენის შემდეგ დაეწყო. ამის გამო ექიმებმა დედოფალს მკაცრად აუკრძალეს ბავშვის კიდევ გაჩენა. 1737 წლის 9 ნოემბერს მან საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში, რაც როგორც აღმოჩნდა კენჭის გავლით იყო გამოწვეული. მეორე დღეს კი მცირე ნაწლავი გაუსკდა. ექიმებმა მას ანესთეზია გაუკეთეს და დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ოპერაციის შემდეგ მას აცნობეს, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. მასთან შესვლა პრინცმა ფრედერიკმა მოისურვა თუმცა ჯორჯმა არ შეუშვა. იგი უკანასკნელი დღეების მანძილზე მის სასთუმალთან იჯდა ჯორჯი. 19 ნოემბერს მას ნაწლავების გადახლართვა დაემართა, 20 ნოემბერს კი სენტ ჯეიმზის სასახლეში დედოფალი კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი გარდაიცვალა, 54 წლის ასაკში.

ტიტულები და გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1683-1705: მისი მოწყალე უმაღლესობა პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი;
  • 1705-1714: მისი მოწყალე უმაღლესობა ჰანოვერის პრინცესა;
  • 1714-1727: მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა;
  • 1727-1737: მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი;

გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინას გერბი, რომელიც მან ჯერ ქორწინებით მიიღო, გვირგვინი და ირგვლივ ორნამენტები კი ტახტზე ასვლის შემდეგ მიიღო და გარდაცვალებამდე ატარებდა მას

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
Frederick, Prince of Wales 1754 by Liotard.jpg ფრედერიკი 1 თებერვალი, 1707,

ჰანოვერი, ს.რ.ი.

31 მარტი, 1751,

ლონდონი, ბრიტანეთი,

(44 წლის)

უელსის პრინციცოლად შეირთო ავგუსტა საქსენ-გოთა, რომელთანაც შეეძინა ცხრა

შვილი,ასევე საყვარლებთან ჰყავდა სამი შვილი. გარდაიცვალა მამის

გარდაცვალებამდე, მეფე კი მისი ვაჟი ჯორჯ III გახდა.

Anna von hannover prinses van oranje.jpg ანა 2 ნოემბერი, 1709,

ჰანოვერი, ს.რ.ი.

12 იანვარი, 1759,

ჰააგა, ჰოლანდია,

(49 წლის)

ცოლად შერთეს ორანჟის პრინც ვილჰელმ IV-ს, რომელთანაც შეეძინა სულ სამი შვილი.
Princess Amelia of Great Britain (1711-1786) by Jean-Baptiste van Loo.jpg ამელია 10 ივნისი, 1711,

ჰანოვერი, ს.რ.ი.

31 ოქტომბერი, 1786,

სოჰო, ბრიტანეთი,

(75 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
Princess Caroline Elizabeth (1713-1757), by Jacopo Amigoni.jpg ქეროლაინი 10 ივნისი, 1713,

ჰანოვერი, ს.რ.ი.

28 დეკემბერი, 1757,

ლონდონი, ბრიტანეთი,

(44 წლის)

გარდაიცვალა დაუქროწინებელი და უშვილო.
Prince George William by John Simon.jpg ჯორჯი 13 ნოემბერი, 1717,

ლონდონი,

ბრიტანეთი

17 თებერვალი, 1718,

ლონდონი, ბრიტანეთი,

(3 თვის და 4 დღის)

გარდაიცვალა ჩვილობაში.
Cumberland-Reynolds.jpg ფილიპე 26 აპრილი, 1721,

ლონდონი,

ბრიტანეთი

31 ოქტომბერი, 1765,

ლონდონი, ბრიტანეთი,

(44 წლის)

კამბერლენდის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, იყო

მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა.

PrincessMaryofGreatBritain LandgravineofHesse.jpg მერი 5 მარტი, 1723,

ლონდონი,

ბრიტანეთი

14 იანვარი, 1772,

ჰანაუ, ს.რ.ი.,

(48 წლის)

ცოლად შერთეს ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ფრიდრიხ II-ს, რომელთანაც სამი ვაჟი

შეეძინა.

Louise of Great Britain, Queen of Denmark and Norway.jpg ლუიზა 18 დეკემბერი, 1724,

ლონდონი,

ბრიტანეთი

19 დეკემბერი, 1751,

კოპენჰაგენი, დანია,

(27 წლის)

ცოლად შერთეს დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ს, რომელთანაც ხუთი

შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე კრისტიან VII.

  • 1716 წლის 20 ნოემბერს გააჩინა მკვდარი ვაჟი;
  • 1718 წლის თებერვალში გააჩინა მკვდარი გოგონა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arkell, R. L. (1939). Caroline of Ansbach. London: Oxford University Press.
  • Black, Jeremy (2001). Walpole in Power. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-2523-X.
  • Boutell, Charles (2010) [1863]. A Manual of Heraldry, Historical and Popular. London: Windsor and Newton. pp. 245–246. ISBN 1-153-77482-8.
  • Fryer, M.; Fryer, Mary Beacock; Bousfield, Arthur; Toffoli, Garry (1983). Lives of the Princesses of Wales. Toronto: Dundern Press Limited. ISBN 978-0-919670-69-3.
  • Hanham, Andrew (2004). "Caroline of Brandenburg-Ansbach and the 'anglicisation' of the House of Hanover". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660–1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 276–299. ISBN 0-521-81422-7.
  • Hichens, Mark (2006). Wives of the Kings of England, From Hanover to Windsor. London: Peter Owen Publishers. ISBN 0-7206-1271-3.
  • Quennell, Peter (1939). Caroline of England. London: Collins.
  • Taylor, Stephen. "Caroline (1683–1737)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/4720. (Subscription or UK public library membership required.)
  • Van der Kiste, John (1997). George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5.
  • Warton, Joseph, ed. (1797). The Works of Alexander Pope, Esq. 4. London: B. Law et al.
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. London: Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Willement, Thomas (1821). Regal Heraldry. London: W. Wilson. ASIN B000OKQJTM.
  • Wingfield, Marshall (1924). A History of Caroline County, Virginia. Richmond, Virginia: Trewet Christian.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Caroline". Encyclopædia Britannica. 5 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Gerrard, Christine (2002). "Queens-in-waiting: Caroline of Anspach and Augusta of Saxe-Gotha as Princesses of Wales". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Britain, 1660–1837: Royal Patronage, Court Culture and Dynastic Politics. Manchester University Press. pp. 142–161. ISBN 0-7190-5770-1.
  • Marschner, Joanna (2002). "Queen Caroline of Anspach and the European museum princely tradition". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Britain, 1660–1837: Royal Patronage, Court Culture and Dynastic Politics. Manchester University Press. pp. 130–142. ISBN 0-7190-5770-1.
  • Ward, Adolphus William (1887). "Caroline (1683-1737)". In Stephen, Leslie. Dictionary of National Biography. 9. London: Smith, Elder & Co.