პერევისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
პერევისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი პერევისა
კოორდინატები 42°15′41″ ჩ. გ. 43°18′01″ ა. გ. / 42.26139° ჩ. გ. 43.30028° ა. გ. / 42.26139; 43.30028
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 851[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+3
პერევისა — საქართველო
პერევისა
პერევისა — იმერეთის მხარე
პერევისა

პერევისა — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შუქრუთი, კალაური, სკინდორი, წინსოფელი და ჭილოვანი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრი. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, დასავლეთით — სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით — შუქრუთი, კალაური და მერევი. პერევისის საერთო ფართობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილთოს ხეობა, ხოლო ყველაზე მაღალი — პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია — 980 მეტრი ზღვის დონიდან.

სოფლის ტერიტორიაზე არსებული ადგილებია: დევის ნამუხლი (წილთოს ღელეში კლდეზე გამოკვეთილი გზის მონაკვეთი), ნაირმალი, ჭაუჭიახო, საქორიათი, ნატბაური, შარგვეშები, ბარდასოული, შემორევა (წილთოს ღელეში, ციცაბო კლდეებს შორის ჩამომდინარე ჩანჩქერი რომელიც დიდ, ღრმა მორევს ქმნის). სოფელში უხვადაა წყაროები: იფნის წყალი, პირაღია წყარო, ბატონის წყალი, ცხენარის წყალი, ცივწყარო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 851 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 319 641 678
2014[1] Decrease2.svg 851 408 443

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერევისის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძარს IX საუკუნეში აქვს საფუძველი ჩაყრილი. შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ამავე ტერიტორიაზე, XIX საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთი ეკლესია აშენდა. ახალი ეკლესია, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდია და იმ პერიოდის ხუროთმოძღვრული ნაგებობების დახვეწილი სტილით გამოირჩევა. 1920 წლის 7 სექტემბერს პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა. იგი ვრცელ ჩანაწერს აკეთებს ამ სალოცავსა და მასში დაბრძანებული ხატების შესახებ.

აღსანიშნავია აგრეთვე ტეხისის სალოცავი. ეს სალოცავი ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს. სალოცავი „ტეხისა“ პერევისისა და ახლომახლო სოფლების „ადგილის დედა“ უნდა ყოფილიყო, ტეხისობა კი მისი სადიდებელი დღესასწაული. „ტეხისობას“ ყოველ ახალ კვირას აღნიშნავენ, რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა. აქ სალოცავად დადის არა მარტო პერევისისა და მის ახლოს მდებარე სოფლების, არამედ ქალაქ ჭიათურის მოსახლეობაც.

მღვიმეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერევისის სამხრეთით, მდინარე საძალიხევის მარჯვენა სანაპიროზე, მრავლადაა წარმოდგენილი კასტრული მღვიმეები: კლდეკარის გამოქვაბული, ორთვალა კლდე, ცაცას გერამი. ამ უკანასკნელში, გადმოცემის თანახმად, იმალებოდა სტალინი, მას დამალვაში ცაცა წერეთელი ეხმარებოდა, ამიტომაც შემორჩა მღვიმეს ასეთი სახელი.

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის ბიბლიოთეკა, კულტსახლი, საექიმო ამბულატორია, საფოსტო განყოფილება. სოფელში არის სკოლა, რომელიც გაიხსნა 1893 წელს. სკოლა, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, საშუალო სკოლად 1967 წელს გადაკეთდა. სკოლა გიორგი წერეთლის სახელობისაა. 2006 წლის 12 სექტემბრიდან სოფელში აღინიშნება "პერევისობა". სოფელში ეწყობა საზაფხულო ბანაკი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.

სოფელში გავრცელედული გვარებია: ჩაჩანიძე, წერეთელი, კვანტალიანი, ცხადაძე, წივილაშვილი, ბარელაძე, ხარაიძე, დევიძე, კურტანიძე, მაქაძე,კუპატაძე,ფხალაძე,ლეთოდიანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]