სოფელი ორ ნაწილად, ქვედა და ზედა უსახელოდ იყოფა. მოსახლეობის უმეტესობა მისდევს მესიმინდეობას, მეცხოველეობას, მევენახეობას და მებოსტნეობას. მოჰყავთ რამდენიმე სახის ბოსტნეული, მათგან აღსანიშნავია პრასი, რომლის სამშობლოდ ითვლებიან ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები. სოფელში ყველაზე გავრცელებული გვარებია: პაპიძე, ცერცვაძე, სამხარაძე, ტეფნაძე, კუსიანი და წერეთელი. აქ არის ორი ეკლესია: მთავარანგელოზის ეკლესია ქვედა უსახელოში (ფაქტობრივად ნანგრევებად ქცეული), რომელიც წარმოადგენს ერთავიან ბაზილიკას, და წითელი ეკლესია ზედა უსახელოში, რომელიც აღადგინეს 2015-2016 წლებში. სოფელში მდებარეობს ორი საჯარო სკოლა, რომლებიც ქვედა და ზედა უსახელოებზეა გადანაწილებული. სოფლისთვის დამახასიათებელია ზემო იმერეთის მთიანი ნაწილის კლიმატი: ზამთარში უხვი თოვლი, ხოლო ზაფხულში შუადღეს სითბო, საღამოს კი სიგრილე.[2]