ნაკაშიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაკაშიძეები
გერბი
პერიოდი XVII საუკუნე
ტიტული თავადი
წარმოშობის ადგილი გურია
ქვეშევრდომობა

ოსმალეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია

გურიის სამთავრო გურიის სამთავრო

ნაკაშიძეები — ქართული გვარი.

ნაკაშიძეების თავადური საგვარეულო შუა გურიაში ცხოვრობდა. გადმოცემით, თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და ნაკაიძეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. ნაკაშიძეებს, როგორც გურიის ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილი თავდგირიძეების, შარვაშიძეების, ბერეჟიანების, ბერიძეების, კვერღელიძეების გვერდით.

ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იყო წარჩინებული თავადი, რომელსაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩი იხსენიებს. მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. მათ ააგეს გურიანთის ციხის ღვთისმშობლის ეკლესია, მოახატვინეს ფრესკებით და ოქროთი დაფერეს ამავე ეკლესიაში დაცული წმინდა გიორგის ხატი. გურანთის ციხე იყო მათი საზაფხულო, ხოლო ვაშნარის ციხე — საზამთრო რეზიდენცია. ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: გურიანთა, ვაშნარი, ციხისფერდი, ჭანიეთური, გამოღმა ბაილეთი, ახალსოფელი, მაკვანეთი, ასევე მამულები ჩოჩხათში, ზედუბანში, ლანჩხუთში, გოგორეთში, ასკანაში, ხარაულში, ოქროსქედში, დვაბზუში, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში. ნაკაშიძეებს გურიელების კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები დიმიტრი ბაქრაძეს უნახავს გურიანთის ციხის ეკლესიაში 1873 წელს.[1]სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო მამია III გურიელის დესპანი სტამბოლში, დაუდო სათავე კალიგრაფოსთა სკოლას ციხისფერდის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1788-92 წლებში სიმონ III გურიელმა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან. XIX საუკუნეების ბოლოს ნაკაშიძეების რეზიდენცია იყო სოფელი ზედუბანი. ამ სოფელში შემორჩენილია ნაკაშიძის გამოქვაბული, რომელსაც თავადი მიხეილ ნაკაშიძე ღვინის მარნად იყენებდა. ნაკაშიძეები იყვნენ საქართველოში ჩაის გაშენების ერთ-ერთი პიონერები. მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ზედუბანში გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა და უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе". მის ბიძაშვილ ერმილე ნაკაშიძეს ჩაი გაშენებული ჰქონდა მაკვანეთში გააშენა და შინაური ხერხებით ამზადებდა ჩაი „ერმილიტას“. ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობდა ასევე გურიაში პირველ სრულყოფილ ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკას ოზურგეთში, ზვანში, 1914 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია, ო. (1981). „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“. თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 165-176. 
  • თავბერიძე, ილია (2010). „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“. თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, გვ. 110. ISBN 978-9941-9120-7-8. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987