შინაარსზე გადასვლა

შარლოტა ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა ბრიტანელი
ვიურტემბერგის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 დეკემბერი, 1797
მმართ. დასასრული: 30 ოქტომბერი, 1816
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ეკატერინე პავლეს ასული
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1766
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 5 ოქტომბერი, 1828, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ლუდვიგსბურგი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე
სრული სახელი: შარლოტა ავგუსტა მატილდა
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია: ანგლიკანიზმი

შარლოტა ბრიტანელი (ინგლ. Charlotte of Great Britain, გერმ. Charlotte von Großbritannien; დ. 29 სექტემბერი, 1766, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 5 ოქტომბერი, 1828, ლუდვიგსბურგი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. ვიურტემბერგის დედოფალი 1797-1816 წლებში როგორც ფრიდრიხ I-ის მეუღლე.

პრინცესა შარლოტა დედასთან ერთად 1776 წელს.

შარლოტა დაიბადა 1766 წლის 29 სექტემბერს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის მეოთხე შვილი და პირველი ქალიშვილი. როგორც მეფის უფროს ასულს, მას „სამეფო პრინცესის“ (ინგლ. Royal Princess) წოდება მიენიჭა.

1797 წლის 18 მაისს, წმინდა ჯეიმზის სახელობის სასახლის სამლოცველოში შედგა შარლოტასა და ვიურტემბერგის კრონპრინც ფრიდრიხის ქორწინება. ეს ქორწინება მიმართული იყო ბრიტანეთ-გერმანიის ალიანსის შექმნისაკენ გაძლიერებული საფრანგეთის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ჰანოვერის გვარის ქალები მთელს ევროპაში იყვნენ ცნობილნი იმით, რომ ბავშვებს ძალიან მარტივად აჩენდნენ, რაც ვიურტემბერგელებს აწყობდათ, თუმცა შარლოტამ 1798 წლის დასაწყისში მხოლოდ ერთი მკვდარი გოგონა გააჩინა, ამის შემდეგ კი აღარ დაორსულებულა.

მიუხედავად ქმრის ბოროტი ხასიათისა, შარლოტა და ფრიდრიხი ერთმანეთს ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან მათ თავიდანვე აღაფრთოვანეს ერთმანეთი. როგორც განათლებული, მორწმუნე და გულთბილი ქალი, დედოფალი შარლოტა არასოდეს ინტერესდებოდა პოლიტიკით და მხოლოდ ოჯახურ საქმეებზე იყო გადართული. თავად შარლოტა უშვილო დარჩა, მაგრამ ფრიდრიხის შვილებზე ნამდვილი დედასავით ზრუნავდა. [1] უპირველეს ყოვლისა, შარლოტას მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის გერ კატარინა ვიურტემბერგელთან, რომელიც მოგვიანებით ნაპოლეონ ბონაპარტის ძმას, ჟერომს მიათხოვეს და ვესტფალიის დედოფალი გახდა.

დედოფალი შარლოტა

როდესაც 1800 წელს ფრანგულმა ჯარებმა ვიურტემბერგი დაიკავეს, ფრიდრიხი და შარლოტა ერლანგინში გაიქცნენ. მომდევნო წელს ფრიდრიხმა ნაპოლეონთან მოლაპარაკებები დაიწყო, რასაც 1803 წელს ვიურტემბერგის ფრანგების მხარეს გადასვლა მოჰყვა. დახმარების საპასუხოდ ნაპოლეონმა ვიურტემბერს ვრცელი გერმანული მიწები აჩუქა და 1806 წელს იგი სამეფოდ გადააკეთა. ამავე წელს, ვიურტემბერგი გამოვიდა საღვთო რომის იმპერიიდან და გერმანიის კონფედერაციაში შევიდა, რომელსაც ისევ ნაპოლეონი მართავდა. რადგან ვიურტემბერგმა უღალატა ბრიტანეთს და ფრანგების მხარეს გადავიდა, შარლოტას დედამ, დედოფალმა შარლოტამ თავის ქალიშვილს ბრიტანული ტიტულები ჩამოართვა და ინგლისური პენსიაც მოუხსნა. 1812 წელს, რუსეთის კამპანიაში გაწეული დიდი დანაკარგების გამო, 1813 წელს ფრიდრიხი ისევ ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების მხარეს გადავიდა. 1815 წელს მან მნიშვნელოვნად ისარგებლა ნაპოლეონის დაცემით და ვენის კონგრესზე თავი საბოლოოდ გამოაცხადა ვიურტემბერგის მეფედ.

დედოფალი შარლოტა საკმაოდ აქტიური იყო ხელოვნებაში. იგი ხშირად ხატავდა და ქარგავდა ავეჯის გადასაფარებლებს, რომლებიც დღემდე ინახება ლუდვიგსბურგის ეროვნულ მუზეუმში. ის ფაქტი, რომ მისი ზოგიერთი ნამუშევარი ბრიტანეთშიც ინახება, მიუთითებს იმაზე, რომ იგი თავის ნაქარგებს მამას ინგლისშიც უგზავნიდა.

1816 წელს შარლოტა დაქვრივდა, ტახტი კი მისმა გერმა დაიკავა. ფრიდრიხი ლუდვიგსბურგში დაკრძალეს, რის გამოც შარლოტამ დატოვა შტუტგარტის სამეფო კარი და ლუდვიგსბურგის სასახლეში გადავიდა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო ქმართან. 1819 წელს შარლოტამ თავისი ძმისწული, პრინცესა ვიქტორია მონათლა, რომელიც შემდგომში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი ვიქტორია გახდა. 1827 წელს იგი გათხოვების შემდეგ პირველად ჩავიდა ლონდონში, სადაც ძირითადად კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად ჩავიდა. 1828 წლის 5 ოქტომბერს, ლუდვიგსბურგში დაბრუნებული 62 წლის შარლოტა გარდაიცვალა. იგი იქვე, მისი ქმრის გვერდით დაკრძალეს.

  • Sabine Thomsen: Die Württembergischen Königinnen. Silberburg-Verlag, Tübingen 2006, ISBN 3-87407-714-4, S. 8–65.
  • Otto Schanzenbach: Königin Mathilde von Württemberg und die Ludwigsburger. Ludwigsburg 1897.
  • Hansmartin Decker-Hauff: Frauen im Hause Württemberg. Leinfelden-Echterdingen 1997. S. 199–208.
  • Hans Dieter Flach: Charlotte Auguste Mathilde (1766–1828), Kronprinzessin von Gross-Britannien und Königin von Württemberg – Hausmalerin auf Ludwigsburger Porzellan. In: Keramos, Heft 205, Juli 2009, S. 37–60.
  • Flora Fraser: Princesses – The six daughters of George III. Bloomsbury Publishing, London 2012, ISBN 978-1-4088-3253-0.
  • Eberhard Fritz: „Ich kann es kaum erwarten, bis wir nach Ludwigsburg gehen“. Schloss und Gärten in den Briefen der Charlotte Mathilde von Württemberg an ihren Vater König Georg III. von England. In: Ludwigsburger Geschichtsblätter 71 (2017). S. 87–122.
  1. ფრიდრიხს შარლოტამდე ცოლად ჰყავდა მისი მამიდაშვილი, ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, რომლისგანაც ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი დარჩა.