შინაარსზე გადასვლა

სოფია ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ბრიტანელი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 3 ნოემბერი, 1777
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 27 მაისი, 1848, (70 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია ანგლიკანიზმი

სოფია ბრიტანელი (ინგლ. Sophia of Great Britain; დ. 3 ნოემბერი, 1777, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 27 მაისი, 1848, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. დიდი ბრიტანეთის ორი მეფის: ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის და, დედოფალ ვიქტორიას მამიდა. თავისი მამის რეგენტი 1818-1820 წლებში.

სოფია დაიბადა 1777 წლის 3 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელის მეთორმეტე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. თავისი დების მსგავსად, პრინცესა სოფიაც საზოგადოებისაგან იზოლირებულად იზრდებოდა და იღებდა განათლებას. ამის გამო, მან მთელი თავისი ბავშვობა მხოლოდ და-ძმებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ერთად გაატარა. ამ გზით მეფე-დედოფალი თავიანთი ქალიშვილების „სწორად აღზრდას“ ცდილობდნენ.

პრინცესა სოფია 1797 წელს.

ახალგაზრდობაში სოფია ყველაზე ახლოს მამასთან იყო, რომელსაც თავისი ქალიშვილები ვაჟებზე უფრო მეტად უყვარდა. ამის პარალელურად, ის და მისი დები გამუდმებით მკაცრი დედის შიშში იყვნენ. მართალია პრინცესებმა კარგი განათლება მიიღეს, თუმცა საკმაოდ მკაცრად აღიზარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ჯორჯი თავისი ქალიშვილების გათხოვებას არ აპირებდა, როდესაც შესაბამის ასაკს მიაღწიეს იგი მაინც ეცადა მათთვის შესაფერისი ქმრები ეპოვნა. თუმცა, ამ პერიოდში მეფე ჯორჯი ჭკუიდან შეიშალა, რასაც დედოფალ შარლოტას სურვილი — სიბერეში ქალიშვილებთან ერთად ეცხოვრა — დაემატა, რის გამოც მათ საქმროების ძებნა შეწყვიტეს. ამის გამო მეფე ჯორჯისა და დედოფალ შარლოტას ექვსი ქალიშვილიდან მხოლოდ სამი იყო გათხოვილი. შედეგად, სოფია და მისი დები: ავგუსტა და ამელია გაუთხოვრები დარჩნენ და მთელი ცხოვრება დედასთან გაატარეს, რის გამოც ბრიტანელები ამ პრინცესებს „მონაზვნებს“ უწოდებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს გათხოვილა, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით პრინცესა სოფია 1800 წელს მამის მცველის, თომას გართისაგან დაფეხმძიმდა და უკანონო ვაჟი გააჩინა, რომელიც გაჩენისთანავე მოსწყვიტეს დედას და გაურკვეველ ადგილას გააგზავნეს. წყაროების მიხედვით სოფიას თომასთან რომანი ჰქონდა, მაგრამ სამეფო კარმა „სირცხვილის ჩამოსარეცხად“ განაცხადა, რომ ბავშვი გაუპატიურების ნაყოფი იყო, რის გამოც თომასი თანამდებობიდან მოხსნეს და ქვეყნიდან გააძევეს.

1818 წელს სოფიას დედა, დედოფალი შარლოტა გარდაიცვალა, რომელიც თითქმის მთელი 20 წლის განმავლობაში იყო შეშლილი მეფე ჯორჯის რეგენტი. ამის გამო მეფეს რეგენტად მისი „რჩეული“ ქალიშვილი, ანუ პრინცესა სოფია დაუნიშნეს. იგი მამის ნაცვლად ქვეყანას თითქმის ორ წელიწადს მართავდა.

1820 წელს ჯორჯ III გარდაიცვალა, რითაც დასრულდა სოფიას რეგენტობა და ტახზე მისი ძმა, ჯორჯ IV ადის, რომელსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დასთან. ამის გამო სოფიამ დატოვა ბუკინგემი და დარჩენილი ცხოვრება კენსინგტონის სასახლეში გაატარა თავის პატარა, ობოლ ძმისწულ ვიქტორიასთან ერთად. 1837 წელს სოფია დაესწრო ვიქტორიას კორონაციას, ხოლო 1840 წელს მის ქორწინებას პრინც ალბერტზე. მიუხედავად ვიქტორიას ტახტზე ასვლისა, სოფია სამეფო კარზე აღარ დაბრუნებულა და 1848 წლის 27 მაისს გარდაიცვალა კენსინგტონის სასახლეში, ლონდონში, 70 წლის ასაკში.

  • Beatty, Michael A. (2003). The English Royal Family of America, From Jamestown to the American Revolution. McFarland & Company. ISBN 0-7864-1558-4.
  • Black, Jeremy (2006). George III: America's Last King. Yale University Press. ISBN 0-300-11732-9.
  • Fraser, Flora (2004). Princesses: The Six Daughters of George III. London: John Murray. ISBN 0-7195-6109-4.
  • Gill, Gillian (2009). We Two: Victoria and Albert: Rulers, Partners, Rivals. New York: Ballatine Books. ISBN 978-0-345-52001-2.
  • Hall, Matthew (1858). The Royal Princesses of England: From the Reign of George the First. London: G. Routledge & Co. ISBN 1-146-51884-6.
  • Hibbert, Christopher (2000). George III: A Personal History. Basic Books. ISBN 0-465-02724-5.
  • Shaw, Karl (2001). Royal Babylon: the Alarming History of European Royalty. Three Rivers Press. ISBN 0-7679-0755-8.
  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. London: Vintage Books. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Williams, Kate (2010). Becoming Queen Victoria: The Tragic Death of Princess Charlotte and the Unexpected Rise of Britain's Greatest Monarch. Ballatine Books. ISBN 978-0-345-46195-7.