ბეატრის ბრიტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეატრის ბრიტანელი
Princess Beatrice 1886.jpg
სრული სახელი
ბეატრის მერი ვიქტორია ფეოდორა
წოდებები
ბატენბერგის პრინცესა
დაიბადა 14 აპრილი, 1857
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 26 ოქტომბერი, 1944, (87 წლის)
სასექსი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგ-გოთელები
მეუღლე(ები) ჰაინრიხი, ბატენბერგის პრინცი
(ქ. 1885 - გარდ. 1896)
შვილ(ებ)ი ალექსანდრე, კარისბრუკის მარკიზი
ვიქტორია ევგენია, ესპანეთის დედოფალი
ლეოპოლდი
მორისი, ბატენბერგის პრინცი
მამა ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
რელიგია ანგლიკანიზმი

პრინცესა ბეატრის ბრიტანელი (ინგლ. Princess Beatrice of the United Kingdom; დ. 14 აპრილი, 1857, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 26 ოქტომბერი, 1944, სასექსი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის ნაბოლარა შვილი. ბატენბერგის პრინცესა 1885-1896 წლებში როგორც პრინცი ჰაინრიხის მეუღლე. ესპანეთის დედოფალ ვიქტორია ევგენიას დედა, მეფე ხუან კარლოს I-ის დიდი ბებია და მეფე ფილიპე VI-ის დიდი-დიდი ბებია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ბეატრისი დაიბადა 1857 წლის 14 აპრილს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და მისი მეუღლის, პრინცი ალბერტის ნაბოლარა, მეცხრე შვილი და მეხუთე ქალიშვილი. იმავე წლის 16 ივნისს შედგა მისი ნათლობა, მისი ნათლიები კი იყვნენ: კენტის ჰერცოგინია ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი (ბებიამისი დედის მხრიდან), პრუსიისა და გერმანიის იმპერატრიცა ვიქტორია ბრიტანელი (მისი უფროსი და) და პრუსიისა და გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ III (მისი დის ქმარი).

როდესაც იგი ოთხი წლის იყო, 1861 წელს მამამისი, პრინცი ალბერტი გარდაიცვალა, რასაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში საკმაოდ ხანგრძლივი გლოვის პერიოდი მოჰყვა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაინრიხ ბატენბერგელი

როდესაც ბეატრისმა განათლების მიღება დაასრულა, დედოფალმა ვიქტორიამ მის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. თავიდან მის საქმროდ მოიაზრებოდა პრინცი ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი, საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ისა და იმპერატრიცა ეუხენია დე მონტიხოს ერთადერთი ვაჟი და მომავალი იმპერატორი. 1870 წელს საფრანგეთში მონარქია დაემხო და ბონაპარტებმა დედოფალ ვიქტორიასთან შეაფარეს თავი. სწორედ აქედან დაიწყო ლუი ნაპოლეონისა და ბეატრისის დაახლოვება. 1873 წელს ნაპოლეონ III გარდაიცვალა და იგი გახდა ბონაპარტების დინასტიის მეთაური. ამ ამბიდან მალევე ვიქტორიამ მათი ნიშნობის ამბავი გამოაცხადა, მაგრამ 1879 წელს ლუი ნაპოლეონი ანგლო-ზულუსურ ომში მოკლეს.

ამის შემდეგ დედოფალმა ახალი საქმროს ძებნა დაიწყო ბეატრისისთვის. ამავდროულად, ბეატრისის უფროსმა დამ, პრინცესა ალისამ წამოჭრა თავისი ქმრის, ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ის ბიძაშვილის, ბატენბერგის პრინც ჰაინრიხის კანდიდატურა. დედოფალს ეს კანდიდატურა მოეწონა და ჰაინრიხი ლონდონში დაიბარა, სადაც იგი ბეატრისს გააცნო.

1885 წლის 23 ივლისს კუნძულ უაითის რეზიდენციაში შედგა პრინცესა ბეატრისისა და პრინცი ჰაინრიხის ქორწინება. ამასთან, დედოფალი მათ ქორწინებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, თუ წყვილი უინძორში იცხოვრებდა. ეს იმიტომ, რომ ვიქტორიას ყველა შვილი დედისაგან მოშორებით ცხოვრობდა, მას კი სურდა, რომ ერთი მაინც ჰყოლოდა ახლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბეატრისის მაზლს, პრინც ლუდვიგს ცოლად ჰყავდა ბეატრისის დის, ალისას ასული, პრინცესა ვიქტორია ჰესენელი.

ბეატრისსა და ჰაინრიხს სულ ოთხი შვილი შეეძინა, აქედან სამი ვაჟი და ერთი გოგონა, რომელთაგან ყველა დიდ ბრიტანეთში დაიბადა და აღიზარდა. 1886 წლის 13 დეკემბრის სამეფო განკარგულებით დედოფალმა მათ შვილებს ბრიტანული ტიტულები უბოძა.

ბატენბერგის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქვრივებული ბეატრისი დედასთან ერთად

ქორწინების შემდეგ ბეატრისმა მიიღო მისი სამეფო უდიდებულესობა ბატენბერგის პრინცესის წოდება, რის გამოც ინგლისშიც კი იგი ბატენბერგის პრინცესის სახელით იყო ცნობილი. ხელშეკრულების თანახმად, ბეატრისი და ჰაინრიხი დედოფალ ვიქტორიასთან ერთად ცხოვრობდა უინძორსა და ბალმორიალის სასახლეებში, რის გამოც მათი ყველა შვილი სწორედ ამ ადგილებში დაიბადა. 1888 წელს დედოფალმა კუნძულ უაითის რეზიდენცია მათ აჩუქა.

მიუხედავად ბედნიერი ქორწინებისა, პრინცი ჰაინრიხი 1896 წლის თებერვალში გარდაიცვალა ანგლო-აშანტის ომში სამხედრო სამსახურისას დამართებული ცხელებისაგან. პრინცესა ბეატრისი 38 წლის ასაკში დაქვრივდა, თუმცა იგი მეორედ აღარ გათხოვილა და გახდა კუნძულ უაითისა და სხვა მამულების მმართველი.

1901 წელს გარდაიცვალა დედოფალი ვიქტორიაც, რის შემდეგაც მან დატოვა უინძორი და საცხოვრებლად ოსბორნში გადავიდა, 1914 წლიდან კი კარისბრუკის სასახლეში დასახლდა. მიუხედავად ამისა, იგი ხშირად სტუმრობდა ლონდონს, რა დროსაც კენსინგტონის სასახლეში რჩებოდა ხოლმე.

დედოფალ ვიქტორიას დღიურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ სიკვდილამდე დედოფალმა ვიქტორიამ ბეატრისს სთხოვა მისი დღიურებისათვის გადაეხედა სანამ მათ დააარქივებდნენ და გამოაქვეყნებდნენ. ვინაიდან დედოფალ ვიქტორიას უამრავი უზარმაზარი დღიური ჰქონდა, პრინცესა ბეატრისს შემდეგი ოცდაათი წელი დასჭირდა ყველა მათგანის გულდასმით გადასაკითხად. ცნობილია, რომ მანმვე ამოიღო დღიურიდან ისეთი მონაკვეთები, რომლებიც ჩირქს მოსცხებდა დედამისს, ან სამეფო ოჯახის რომელიმე წევრს. პრინცესა ბეატრისმა საკუთარი ხელით გადაწერა დღიურები, ორიგინალები კი ბუხარში დაწვა. მისი სამუშაო 1931 წელს დასრულდა, რის შემდეგაც დედოფალი ვიქტორიას განახლებული დღიურების 111 ტომი შევიდა უინძორის სამეფო ბიბლიოთეკის არქივში.

ხანში შესული პრინცესა ბეატრისი

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის ივლისში, პირველი მსოფლიო ომის პირობებში არსებული ანტიგერმანული განწყობის გამო ბეატრისის ძმისწული, მეფე ჯორჯ V იძულებული გახდა საქსენ-კობურგის და გოთას დინასტია უინძორების დინასტიად გადაეკეთებინა. ამასთან ერთად, ჯორჯმა თავისი ოჯახის ყველა წევრს ჩამოართვა გერმანული ტიტული. ამის გამო ბეატრისსაც ჩამოერთვა ბატენბერგის პრინცესის წოდება და მას უბრალოდ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინცესის წოდება დაუტოვა. მისმა ორმა ვაჟმაც ანალოგიურად, უარყვეს ბატენბერგის პრინცების წოდება და მიიღეს მონბატენების სახელი.

ამის სანაცვლოდ მის უფროს ვაჟს, ალექსანდრეს მეფე ჯორჯმა კარისბრუკის მარკიზობა მისცა, უმცროს ვაჟს, ლეოპოლდს კი მონბატენის ლორდობა. ვინაიდან მისი ერთადერთი ქალიშვილი, ვიქტორია ევგენია ამ დროს უკვე ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ცოლი იყო, სახელის შეცვლა არ დასჭირვებია და იგი სიცოცხლის ბოლომდე ბატენბერგელად იწოდებოდა.

1919 წლის იანვარში ჯორჯ V-მ ბეატრისი ბრიტანული წითელი ჯვრის პრეზიდენტად დანიშნა. სულ მალე იგი გახდა წმინდა იოანეს ორდენის, 1926 წელს კი ვიქტორიას სამეფო ორდენის კავალერი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ნაბოლარა ვაჟი, პრინცი მორისი პირველ მსოფლიო ომში მოკლეს.

პრინცესა ბეატრისი მოესწრო მეორე მსოფლიო ომის დაწყებასაც, რა დროსაც იგი, მიუხედავად ასაკისა, აქტიურად ხელმძღვანელობდა წითელ ჯვარს. იგი 1944 წლის 26 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ალექსანდრე Alexander of Battenberg, Marquess of Carisbrooke.jpg 3 ნოემბერი, 1886

უინძორი,

დიდი ბრიტანეთი

23 თებერვალი, 1960

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(73 წლის)

კარისბრუკის პირველი მარკიზი. მსახურობდა ბრიტანულ საზღვაო ძალებში. ცოლად

შეირთო ლედი აირინ დენისონი, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი.

ვიქტორია

ევგენია

Queen Victoria Eugenia of Spain.jpg 24 ოქტომბერი, 1887

ბალმორიალი,

დიდი ბრიტანეთი

15 აპრილი, 1969

ლოზანა, შვეიცარია

(81 წლის)

ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:

ალფონსო, ხაიმე, ბეატრისი, მარია კრისტინა, ხუანი და გონსალო. მისი შვილიშვილია

ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I და შვილთაშვილია მეფე ფილიპე VI. 1931 წელს

ესპანეთში მონარქია დაემხო, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა.

ლეოპოლდი Prince Leopod Mountbatten 05363v.jpg 21 მაისი, 1889

უინძორი,

დიდი ბრიტანეთი

23 აპრილი, 1922

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(32 წლის)

მსახურობდა ბრიტანეთის სამეფო არმიაში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და

უშვილო.

მორისი 1891 Maurice-04.JPG 3 ოქტომბერი, 1891

ბალმორიალი,

დიდი ბრიტანეთი

27 ოქტომბერი, 1914

ზონებეკი, ბელგია

(23 წლის)

ბატენბერგის პრინცი. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, გარდაიცვალა ქალაქ

ზონებეკის დაბომბვისას. დაკრძალულია იპრში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dennison, Matthew, The Last Princess: The Devoted Life of Queen Victoria's Youngest Daughter (Weidenfeld and Nicolson, Great Britain, 2007); ISBN 978-0-297-84794-6
  • Duff, David, The Shy Princess (Evans Brothers, Great Britain, 1958)
  • Epton, Nina, Victoria and her Daughters (Weidenfeld & Nicolson, Great Britain, 1971)
  • Jagow, Kurt, Letters of the Prince Consort 1831–1861 (John Murray, London, 1938)
  • Hibbert, Christopher, Queen Victoria in her letters and journals (Sutton Publishing Ltd, 2000); ISBN 978-0-7509-2349-1
  • Lee, Sir Sidney, King Edward VII: A Biography (Volume I) (Macmillan company, 1925)
  • Longford, Elizabeth Victoria R. I. (Weidenfeld & Nicolson, Great Britain, 1964)
  • Longford, Elizabeth (2004). "Victoria, Princess [Princess Victoria of Saxe-Coburg-Saalfeld], duchess of Kent (1786–1861)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/28273. (Subscription or UK public library membership required.)
  • Magnus, Philip, Edward the Seventh (John Murray, London, 1964)
  • Matthew, H. C. G. (2016) [2004]. "Edward VII (1841–1910) profile". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/32975. (Subscription or UK public library membership required.)
  • Noel, Gerard, Ena: Spain's English Queen (Constable, London, 1985); ISBN 978-0-09-479520-4
  • Noel, Gerard (2004). "Ena, princess of Battenberg (1887–1969)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/36656. (Subscription or UK public library membership required.)
  • Purdue, A. W. (2008) [2004]. "Beatrice, Princess [married name Princess Henry of Battenberg] (1857–1944)". Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press.