ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი (1864-1918)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელიზაბეთ ჰესენ-დარმშტადტელი
Elizaveta Federovna.gif
სრული სახელი
გერმ. ელიზაბეთ ალექსანდრა ლუიზა ალისა ფონ ჰესენ-დარმშტადტი
რუს. ელიზავეტა ფიოდორის ასული რომანოვა
წოდებები
რუსეთის დიდი მთავრის მეუღლე
დაიბადა 1 ნოემბერი, 1864
დარმშტადტი, გერმანია
გარდაიცვალა 18 ივლისი, 1918, (53 წლის)
ალაპაევსკი, რუსეთი
საგვარეულო ჰესენები (დაბადებით)
რომანოვები (ქორწინებით)
მეუღლე(ები) სერგეი ალექსანდრეს ძე
(ქ. 1884 - გარდ. 1905)
მამა ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი
დედა ალისა ბრიტანელი
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

ელიზაბეთ ალექსანდრა ლუიზა ალისა ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Elisabeth Alexandra Louise Alice von Hessen-Darmstadt), აგრეთვე ცნობილია, როგორც ელიზავეტა ფიოდორის ასული (რუს. Елизавета Фёдоровна; დ. 1 ნოემბერი, 1864, დარმშტადტი, გერმანია ― გ. 18 ივლისი, 1918, ალაპაევსკი, რუსეთი) ― გერმანელი პრინცესა, ჰესენის დიდი ჰერცოგისა და დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის, პრინცესა ალისას ასული. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ძის, დიდ მთავარ სერგეის მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდორის ასული და და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ცოლისდა. საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რევოლუციის შემდეგ ისიც სიკვდილით დასაჯეს ბოლშევიკებმა.

1981 წელს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, 1992 წელს კი მოსკოვის პატრიარქატმა მას წმინდა მარტვილ ელიზავეტა ფიოდორის ასულის სახელი მიანიჭა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთის ოჯახი, 1876 წელი

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთი დაიბადა 1864 წლის 1 ნოემბერს დარმშტადტში. იგი იყო ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილ პრინცესა ალისას ასული. დედის ძლიერი გავლენის გათვალისწინებით, ელიზაბეთის პირველი ენა ინგლისური გახდა და მხოლოდ მის შემდეგ ისწავლა მან გერმანული. უკვე 1878 წელს, დიპტერიის ეპიდემიისას ამავე დაავადებით გარდაიცვალა ჯერ მისი და, პრინცესა მარია, შემდეგ კი დედაც. ეპიდემიური ცენტრისგან დასაცავად მამამისმა დანარჩენი შვილები დედამისთან, ელიზაბეთ პრუსიელთან (ვის პატივსაცემადაც ერქვა მას სახელი) გაუშვა. უკან დაბრუნებული ელიზაბეთი ბებიასთან ვიზიტს „ყველაზე საშინელ კოშმარს“ უწოდებდა.

როდესაც წამოიზარდა მან განათლების მიღება ბონის უნივერსიტეტში გააგრძელა, რომლის დასრულების შემდეგაც ლუდვიგმა მის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. მალევე მისი ხელი ბადენის დიდმა ჰერცოგმა ფრიდრიხ II-მ ითხოვა. დედოფალ ვიქტორიას ეს კანდიდატურა მოეწონა, თუმცა სასიძო თავად ელიზაბეთმა დაიწუნა, რის გამოც ქორწინება არ შედგა. სხვა ხელისმთხოვნელთა შორის კი იყვნენ რუსეთის დიდი მთავარი კონსტანტინე კონსტანტინოვიჩი (საბერძნეთის დედოფლის ძმა) და პრინცი ფელიქს იუსუფოვი.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზავეტა და სერგეი 1884 წელს

საბოლოოდ ელიზაბეთს თავად რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნამ შესთავაზა თავის რომელიმე ძეზე: სერგეიზე ან პავლეზე ქორწინება, რამეთუ მისი უფროსი ძე, ალექსანდრე, უკვე დაქორწინებული იყო პრინცესა დაგმარ დანიელზე. კანდიდატებიდან ელიზაბეთმა არჩევანი სერგეი ალექსანდროვიჩზე შეაჩერა. მათი ქორწინება დედოფალმა ვიქტორიამაც დალოცა, რის შემდეგაც იგი მართლმადიდებლად გადაინათლა ელიზავეტა ფიოდორის ასულის სახელით.

უკვე 1884 წლის 15 ივნისს ზამთრის სასახლის სამლოცველოში ელიზავეტამ და სერგეიმ ჯვარი დაიწერეს. მათ ქორწილს ესწრებოდნენ სერგეის 16 წლის ძმისწული, დიდი მთავარი ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი და ელიზავეტას უმცროსი და, პრინცესა ალისა, რომელთაც შემდეგში ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ მის გამართლმადიდებლობასთან დაკავშირებით დიდი უკმაყოფილება გამოთქვა მისმა რძალმა, დიდმა მთავრმა მარია მეკლენბურგ-შვერინელმა და ასევე იმპერატორმა ვილჰელმ II-მ. თუმცაღა, წყვილს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ და ბოლოსელსკი-ბოლოზერსკის სასახლეში ცხოვრობდნენ.

1892 წელს სერგეის მისმა ძმამ, იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მოსკოვის გუბერნატორ-გენერლის წოდებაც მისცა. ამის შემდეგ წყვილი საცხოვრებლად კრემლინის სასახლეში გადავიდა. ზაფხულობით კი ისინი ერთად დადიოდნენ ხოლმე ილინსკოეში, რომელიც სერგეის დედამისმა დაუტოვა.

21-წლიანი ქორწინების მიუხედავად, წყვილს შვილები არ ჰყოლია. ამის ნაცვლად, ისინი სერგეის ნაადრევად დაობლებული ძმისწულების: დიმიტრი პავლოვიჩისა და მარია პავლოვნას აღმზრდელი მშობლები გახდნენ. 1894 წელს მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვოდა იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და თავისი უმცროსი დის, პრინცესა ალისას, შემდგომში უკვე იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდორის ასულის ქორწინების საქმეში.

მონაზვნად აღკვეცილი ელიზავეტა ფიოდორის ასული

დაქვრივება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წლის 17 თებერვალს კრემლში დიდი მთავარი სერგეი ალექსანდროვიჩი რუსმა სოციალისმა რევოლუციონერმა ივანე კალიაევმა მოკლა. მართალია მეუღლის მკვლელობამ ელიზავეტა შოკში ჩააგდო, თუმცა მას სიმშვიდე არასოდეს დაუკარგავს. მეტიც, მან განაცხადა კიდეც, რომ ღმერთმა ასე დასაჯა სერგეი 20,000 ებრაელის მოსკოვიდან გაძევებისა და უსახლკაროდ დატოვებისათვის.

სერგეის გარდაცვალების შემდეგ ელიზავეტას გამუდმებით ძაძები ეცვა და ვეგეტარიანელი გახდა. 1909 წელს მან მთელი თავისი სამკაულები და ძვირფასეულობა ქველმოქმედებისათვის გაყიდა, მან სერგეისაგან ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედიც კი არ დაიტოვა. ამის შემდეგ საბოლოოდ თქვა უარი საერო ცხოვრებაზე და წმინდა მართასა და წმინდა მარიამის სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა, სადაც მალევე იღუმენიაც გახდა.

საკუთარი სახსრებით ელიზავეტა ფიოდორის ასულმა მოსკოვში გახსნა საავადმყოფო, ეკლესია და აფთიაქი. იგი თავის მონაზვნებთან ერთად ასევე აქტიურად მუშაობდა მოსკოველი გლახაკებისა და ღატაკების დასახმარებლად.

პრინცესა ელიზაბეთის აკლდამა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში

1916 წელს ელიზავეტა ცარსკოე-სელოში უკანასკნელად შეხვდა თავის დას, ალექსანდრა ფიოდორის ასულს. დების შეხვედრა პირადული იყო, არავინ დასწრებია, თუმცა ცნობილია, რომ იგი ალექსანდრას ესაუბრებოდა რასპუტინის დიდ გავლენებზე, რომელსაც მასზე და საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებზე ახდენდა.

დახვრეტა და კანონიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა, რომლის შედეგითაც მონარქია დაემხო და იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. იმავე წლის ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოდიან ვლადიმერ ლენინის თაოსნობით, რომელიც ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი არისტოკრატიის მიმართ. 1918 წელს ლენინის ბრძანებით დააპატიმრეს არა მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის ყველა წევრი, არამედ მონაზვნად აღკვეცილი ელიზავეტაც კი. თავიდან ისინი პერმში, შემდეგ კი ეკატერინბურგში გადაასახლეს. გადასახლებაში ელიზავეტასთან ერთად იყვნენ დიდი მთავარი სერგეი მიხაილოვიჩი, პრინცი ივანე კონსტანტინოვიჩი, კონსტანტინე კონსტანტინოვიჩი, იგორ კონსტანტინოვიჩი და ვლადიმირ პავლოვიჩი, ასევე ელიზავეტას ქმრის მდივანი, ფიოდორ რემეზი და ელიზავეტას მონაზონი, ვარვარა იაკოვლევა. 1918 წლის 20 მაისს ყველა ეს პირი ალაპაევსკში გადაიყვანეს.

1918 წლის 17 ივლისს ცეკას ოფიცრები მივიდნენ ალაპაევსკში და მათგან მთელი ფული და პირადი ნივთები წაიღეს. მეორე დღეს კი 53 წლის ელიზავეტა ფიოდორის ასული და მისი მხლებლები დახვრიტეს. როგორც ცნობილია, დახვრეტის შემდეგ მათი ცხედრები წითელარმიელებმა ბეიჯინში, ჩინეთში გადაიტანეს, საიდანაც მხოლოდ 1921 წელს გადაასვენეს, ისიც მხოლოდ ელიზავეტას და ვარვარას ცხედრები და დაკრძალეს იერუსალიმში, მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსულ ეკლესიაში.

1981 წელს ელიზავეტა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1992 წელს კი მოსკოვის პატრიარქატმა მას წმინდა მარტვილ ელიზავეტა ფიოდორის ასულის სახელი მიანიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paleologue, Maurice. An Ambassador's Memoirs, 1922
  • Grand Duchess Marie of Russia. Education of a Princess, 1931
  • Queen Marie of Romania. The Story of My Life, 1934
  • Almedingen, E.M. An Unbroken Unity, 1964
  • Duff, David. Hessian Tapestry, 1967
  • Millar, Lubov, Grand Duchess Elizabeth of Russia, US edition, Redding, California., 1991, ISBN 1-879066-01-7
  • Mager, Hugo. Elizabeth, Grand Duchess of Russia, 1998, ISBN 0-7867-0509-4
  • Zeepvat, Charlotte. Romanov Autumn, 2000, ISBN 5-8276-0034-2
  • Belyakova, Zoia. The Romanovs: the Way It Was, 2000, ISBN 5-8276-0034-2
  • Warwick, Christopher Ella: Princess, Saint and Martyr, 2007, ISBN 047087063X
  • Croft, Christina Most Beautiful Princess — A Novel Based on the Life of Grand Duchess Elizabeth of Russia, 2008, ISBN 0-9559853-0-7