მარია მეკლენბურგ-შვერინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია მეკლენბურგ-შვერინელი
სრული სახელი
მარია ალექსანდრინა ელიზაბეთ ელეონორა
წოდებები
რუსეთის დიდი მთავრის მეუღლე
დაიბადა 14 მაისი, 1854
ლუდვიგზლოსტი, გერმანია
გარდაიცვალა 6 სექტემბერი, 1920, (66 წლის)
კონტრექსევილი, საფრანგეთი
საგვარეულო მეკლენბურგელები
მეუღლე(ები) დიდი მთავარი ვლადიმერ ალექსანდროვიჩ რომანოვი
(ქ. 1874 - გარდ. 1909)
შვილ(ებ)ი დიდი მთავარი კირილი
დიდი მთავარი ბორისი
დიდი მთავარი ანდრეი
ელენა, საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
მამა ფრიდრიხ ფრანც II, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
დედა ავგუსტა როის ცუ კოისტრიცი
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

მარია მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Marie zu Mecklenburg-Schwerin), დაბადების სახელია მარია ალექსანდრინა ელიზაბეთ ელეონორა ცუ მეკლენბურგი (გერმ. Marie Alexandrine Elisabeth Eleonore zu Mecklenburg), აგრეთვე ცნობილია, როგორც მარია პავლოვნა (რუს. Мари́я Па́вловна; დ. 14 მაისი, 1854, ლუდვიგზლოსტი, გერმანია ― გ. 6 სექტემბერი, 1920, კონტრექსევილი, საფრანგეთი) ― მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც II-ის ქალიშვილი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძის, დიდ მთავარ ვლადიმერის მეუღლე 1874-1909 წლებში. რუსეთში იგი ცნობილი იყო „უდიდესი დიდი მთავრის“ მეტსახელით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1854 წლის 14 მაისს ლუდვიგზლოსტში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც II-ისა და მისი მეუღლის, ავგუსტა როის ცუ კოისტრიცის შუათანა შვილი და უფროსი ქალიშვილი. მისი დედმამიშვილებიდან აღსანიშნავია დიდი ჰერცოგი ფრიდრიხ ფრანც III და ასევე ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინას მეუღლე, პრინცი ჰაინრიხი.

მარია 1908 წელს გვირგვინით, რომელიც დღეისათვის ელისაბედ II-ს ეკუთვნის და ვლადიმირის ტიარით.

1874 წლის 28 აგვისტოს პრინცესა მარია დაქორწინდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას შუათანა ძეზე, დიდ მთავარ ვლადიმერ ალექსანდროვიჩ რომანოვზე. ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე მან უარყო ლუთერანობა, მართლმადიდებლობა მიიღო და მასთან ერთად მარია პავლოვნას სახელიც. ვინაიდან იგი რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის შთამომავალი იყო, მარიამ ეს სახელი სპეციალურად შეარჩია, რათა ხაზი გაესვა თავისი რუსული ფესვებისათვის.

მარია და ვლადიმერი ქორწინების შემდეგ მდინარე ნევასთან მდებარე ვლადიმირის სასახლეში დაბინავდნენ. აქ მან შემდეგ წლებში სამი ვაჟი და ერთი გოგონა გააჩინა. მოგვიანებით, როდესაც ტახტი მარიას ქმრის ძმისწულმა, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ დაიკავა, მათი სასახლე რუსი კოსმოპოლიტების თავშეყრის ადგილად იქცა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა დედაქალაქში. თავად მარიას იმპერატორ ნიკოლოზთან და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნასთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რამეთუ მათ ვაჟები არ უჩნდებოდათ, მარიას კი ტახტი თავისი შვილებისთვის უნდოდა, რომელიც მათ მართლაც დარჩებოდა იმპერატორს რომ მემკვიდრე არ გასჩენოდა ცარევიჩი ალექსეის სახით.

1909 წელს გარდაიცვალა დიდი მთავარი ვლადიმირიც, რის გამოც მარიამ მთელი ყურადღება თავის ვაჟებზე გადაიტანა. 1917-18 წლებში რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც მონარქია დაემხო, საიმპერატორო ოჯახის წევრები კი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, მარია თავის შვილებთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. იმავდროულად, ვინაიდან სხვა მემკვიდრეები ცოცხლები აღარ იყვნენ, რომანოვების დინასტიის მეთაური და ტახტის პირველი მემკვიდრე მისი უფროსი ძე, დიდი მთავარი კირილი გახდა.

ემიგრაციაში მარია და მისი შთამომავლები თავს მისი უამრავი და უძვირფასესი სამკაულების გაყიდვით ირჩენდნენ. მან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მიჰყიდა თავისი დიდი ბებიის, იმპერატრიცა ეკატერინე II-ისაგან დანატოვარი 100-კარატიანი გვირგვინი და თავად ნაპოლეონის ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინ დე ბოარნეს ნაქონი 5-კარატიანი ყელსაბამი. ეს ყველაფერი დედოფალმა მარია ტეკელმა შეიძინა, დღეისათვის კი მათ მისი შვილიშვილი, დედოფალი ელისაბედ II ფლობს და აქტიურად იყენებს.

თავად მარია 1920 წლის 6 სექტემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, ემიგრაციაში. დაკრძალულია იქვე, კონტრექსევილის წმინდა ვლადიმერისა და წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის სამლოცველოში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
კირილი 12 ოქტომბერი, 1876

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

12 ოქტომბერი, 1938

ნუილი-სურ-სენა,

საფრანგეთი

(62 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი და რომანოვების დინასტიის მეთაური 1924 წლიდან. ცოლად

შეირთო პრინცესა ვიქტორია მელიტა საქსენ-კობურგ-გოთელი, რომელთანაც შეეძინა

სამი შვილი.

ბორისი 24 ნოემბერი, 1877

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

9 ნოემბერი, 1943

პარიზი, საფრანგეთი

(65 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო ზინაიდა სერგეიევნა რაშევსკაია, მაგრამ

შვილები არ ჰყოლია.

ანდრეი 14 მაისი, 1879

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

30 ოქტომბერი, 1956

პარიზი, საფრანგეთი

(77 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო მატილდა კშესინკა, რომელთანაც შეეძინა

ერთი ვაჟი.

ელენა 29 იანვარი, 1882

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

13 მარტი, 1957

ათენი, საბერძნეთი

(75 წლის)

ცოლად გაჰყვა საბერძნეთისა და დანიის პრინც ნიკოლოზს, რომელთანაც შეეძინა სამი

ქალიშვილი: იუგოსლავიის პრინცესა ოლგა, იეტენბახის გრაფინია ელისაბედი და

კენტის ჰერცოგინია მარინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robert K. Massie, Nicholas and Alexandra, 1967, Dell Publishing Co., ISBN 0-440-16358-7
  • John Curtis Perry and Constantine Pleshakov, The Flight of the Romanovs, Basic Books, 1999, ISBN 0-465-02462-9
  • Robert K. Massie, Nicholas and Alexandra, 1967, p. 388
  • Gelardi, Julia (24 April 2012). The Romanov Women: From Spendour to Revolution from 1847-1918 (Reprint ed.). St. Martin's Griffin. pp. 175–177. ISBN 978-1250001610.