მაზჰაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამის თემები
Allah1.png
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

მაზჰაბი (არაბ. مذهب‎‎; მრ. რ. არაბ. مذاهب‎‎ მაზაჰიბ; დოქტრინა, სწავლება) — ისლამის რელიგიურ–სამართლებრივი სკოლა, მიმართულება. ისინი სხვადასხვა მეთოდოლოგიით უდგებიან მეორეხარისხოვან სამართლებრივ საკითხებს და სხვადასხვა წყაროებს იყენებენ მათ გადასაჭრელად, თუმცა ამავე დროს აღიარებენ ერთმანეთის კანონიერებას.

მაზჰაბების გავრცელების რუკა.

სუნიტური მაზჰაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნიტურ ისლამში არის ცხრა მაზჰაბი – ჰანაფი, მალიქი, შაფი'ი, ჰანბალი, ზაჰირი, ავზა'ი, ლაისი, საური და ჯარირი. მათგან ბოლო ოთხის მეთოდოლოგია დღეს აღარ გამოიყენება.

ჰანაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანაფის მაზჰაბის ფუძემდებელი და ეპონიმია აბუ ჰანიფა. მაზჰაბის მეთოდოლოგია ეფუძნება შემდეგ წყაროებს:

  • ყურანი
  • სუნნა, ამასთან ჰანაფი მაზჰაბი არ ანსხვავებს ჰადისებს სანდოობის გრადაციის მიხედვით.
  • იჯმა'ი – საერთო შეთანხმება მუსლიმებს შორის.
  • ასარი – მაცნე მუჰამმადის თანამიმდევრის გამონათქვამი ან შეხედულება.
  • ყიასი – ანალოგიური მსჯელობა, როცა შეიძლება სამართლებრივი საკითხიდან პარალელის გავლება ზემოთ მოყვანილი წყაროებიდან რომელიმეზე ან უკვე გადაწყვეტილ სამართლებრივ საკითხზე.
  • ისთიჰსანი – მდგომარეობა როცა გადაწყვეტილებას სარგებლობის მიხედვით იღებენ, თუნდაც ეს ყიასს ეწინააღმდეგებოდეს.
  • 'ადათი – გადაწყვეტილების მიღება ტრადიციული სამართლით, თუ ის არ ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ წყაროებს.

მაზჰაბის საფუძვლები აბუ ჰანიფადან ზეპირადაა გადმოცემული, რომლის კოდიფიკაცია მისმა მოწაფეებმა, აბუ იუსუფ ია'ყუბ იბნ იბრაჰიმ ალ–ქუფიმ და 'აბუ აბდულლაჰ მუჰამმად იბნ ალ–ჰასან აშ–შაიბანიმ მოახდინეს. აბუ იუსუფი ჰარუნ არ–რაშიდმა სახალიფოს მთავარ ყადიდ დანიშნა, რამაც ასევე ხელი შეუწყო ამ მაზჰაბის გავრცელებას, ხოლო მოგვიანებით ოსმალეთისა და დიდ მოგოლთა იმპერიებში ეს მაზჰაბი სახელმწიფო სამართლის დონეზე იქნა აყვანილი. გავრცელებულია თურქეთში, სირიაში, ერაყში, ქვემო ეგვიპტეში, შუა აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტზე.[1]

მალიქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალიქის მაზჰაბის ფუძემდებელი და ეპონიმია მალიქ იბნ ანასი, ძირითადი სამართლებრივი წყაროები:

  • ყურანი
  • სუნნა – მაზჰაბი თუმცა ასხვავებს ჰადისებს სანდოობის გრადაციის მიხედვით, ასევე სუნნად მიიჩნევს მედინურ 'ადათებს.
  • ასარი
  • ყიასი
  • ისთისლაჰი – თუ რომელიმე სამართლებრივი საკითხი ზემოთმოცემული წყაროებით ვერ გადაწყდება, მაშინ იმ გადაწყვეტას უნდა მიეცეს უპირატესობა, რაც უფრო მეტი სარგებლობის მომტანია.
  • სადდ აზ–ზარაი – ცოდვისკენ მიმავალი გზა. ქმედება, რომლის ამკრძალავი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ცოდვის მომტანია, ასეთი ქმედებებიც ცოდვის ტოლფასია ამ მაზჰაბის მიხედვით.

მალიქის მოწაფეებმა მაზჰაბის სწავლება მთელ სახალიფოში გაავრცელეს, მაგრამ განსაკუთრებით მან გავრცელება ანდალუსიასა და ჩრდილო აფრიკაში ჰპოვა. დღესაც ჩრდილო აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი მისდევს ამ მაზჰაბს.[2]

შაფი'ი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაფი'ის მაზჰაბის ფუძემდებელი და ეპონიმია მუჰამმად იბნ იდრის აშ–შაფი'ი. ეს მაზჰაბი შემდეგ წყაროებს ეფუძნება:

  • ყურანი
  • სუნნა – მკაცრი სანდოობის გრადაციის ქვეშ.
  • იჯმა'ი
  • ასარი
  • ყიასი

შაფი'ი ღაზაში დაიბადა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები ეგვიპტეში გაატარა. მან დატოვა ორი წიგნი სამართლებრივი საკითხების შესახებ, რომლებიც მისი მაზჰაბის საფუძველია. ეგვიპტეში მას საკმაოდ ბევრი მომხრეები ჰყავდა და მათი პოზიცია მაშინაც კი არ შესუსტებულა, როდესაც ეგვიპტის სათავეში ში'იტი–ისმა'ილიტი ფატიმიდები დინასტია მოვიდა. მამლუქთა მიერ ფატიმიდების დამხობის შემდეგ მამლუქი სულტნები მფარველობდნენ შაფი'ი მაზჰაბს, რამაც მისი ფართო გავრცელება გამოიწვია, დღევანდელი ირანიც სეფიანთა მიერ ში'იზმის გავრცელებამდე შაფი'იტური იყო. დღეს შაფი'ი მაზჰაბი გავრცელებულია ქურთებს შორის, ზემო ეგვიპტეში, იემენში, აღმოსავლეთ აფრიკაში, ბრუნეიში, მალაიზიასა და ინდონეზიაში.[3]

ჰანბალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანბალის მაზჰაბის ეპონიმია აჰმად იბნ ჰანბალი. იგი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰადისებსა და მათ გრადაციას, რაც ასახულია კიდეც მაზჰაბის მეთოდოლოგიაზე, რომლის ძირითადი წყაროებია:

  • ყურანი
  • სუნნა
  • იჯმა'ი – მხოლოდ პირველი თაობის მუსლიმებს შორის. შემდგომ იჯმა'ი ფიზიკურად შეუძლებლად მიაჩნდა იმამ აჰმადსა და ჰანბალიტებს.
  • მურსალი ჰადისი – ჰადისი, რომელიც რომელიც ნაკარნახევია სანდო თაბი'ის (ადამიანი, რომელსაც ცოცხლად არ უნახავს მუჰამმადი ﷺ მაგრამ შეხვედრია მის თანამიმდევრებს).
  • ყიასი
  • ისთისჰაბი – ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტილება ნებისმიერი ადამიანის მიერ დროებითია და თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს რაიმე მტკიცებულება ყურანიდან, სუნნიდან ან პირველი თაობის მუსლიმების იჯმა'დან, მაშინ ეს გადაწყვეტილება ახალი მტკიცებულების შესაბამისად უნდა შეიცვალოს.

მაზჰაბს საფუძველი ჩაეყარა იმამ აჰმადის ნაშრომებიდან, მათ შორის მისი ჰადისთა კრებულიდან მუსნადი. იმამ აჰმადის გარდაცვალების შემდეგ მისი მოსწავლეები, მათ შორის მისი ვაჟები სალიჰი და 'აბდულლაჰი, ასევე ჰანბალ იბნ ისჰაყი, აბუ ბაქრ ალ–მარუზი, იბნ ჰანი, აბუ დავუდ ას–საჯისთანი, აბუ ზურ'ა არ–რაზი, 'აბდულ–ვაჰჰაბ ალ–ვარრაყი, მუჰამმად ათ–თირმიზი და სხვები, მოგზაურობდნენ სახალიფოს ტერიტორიაზე და თან ავრცელებდნენ იმამ აჰმადის მასა'ილს, ანუ რელიგიურ პასუხებს თეოლოგიურ, სამართლებრივ და ყოფით საკითხებზე.

სახალიფო მფარველობდა ჰანბალიტებს ი'თიზალის იდეის დამარცხების შემდეგ. დღეს ჰანბალი მაზჰაბი გავრცელებულია ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულზე.[4]

ზაჰირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაჰირის მაზჰაბის ფუძემდებელია დავუდ იბნ ხალაფ ალ-ისფაჰანი, ხოლო მისი სახელი მომდინარეობს სიტყვიდან ზაჰირ (არაბ. ظاهر‎‎; ხილული, ცხადი). მაზჰაბის მეთოდოლოგია ყოველგვარ ორაზროვნებას უარყოფს, მისი წყაროებია:

  • ყურანი
  • სუნნა
  • იჯმა'ი – პირველი თაობის მუსლიმებს შორის.

სხვა ყველანაირ სამართლებრივ წყაროს ეს მაზჰაბი უარყოფს და მათ შორის ყიასსაც. ამ მაზჰაბის წარმომადგენელი იყო იბნ ჰაზმ ალ-ანდალუსი. მაზჰაბს ინდივიდუალური მიმდევრები ჰყავდა და ჰყავს, მაგრამ მასობრივ გავრცელებას მან ვერ მიაღწია.[5]

ისტორიული მაზჰაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად არსებობდა კიდევ ოთხი მაზჰაბი, რომელთა მეთოდოლოგიას დღეს მიმდევრები აღარ ჰყავს. ესენია:

  • ავზა'ი (არაბ. الأوزاعي‎‎) მისი დამფუძნებელი და ეპონიმია 'აბდურ-რაჰმან ალ-ავზა'ი,[6] რომელიც ჰიჯრის მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა დღევანდელი სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე. მისმა მაზჰაბმა დაახლოებით ორი საუკუნე გასტანა, მამლუქთა სახელმწიფოს მმართველობის პერიოდში სირიაში შაფი'ი მაზჰაბი გავრცელდა.
  • ლაისი (არაბ. الليثي‎‎) მისი დამფუძნებელი და ეპონიმია ალ-ლაის იბნ სა'დი,[7] ის ჰიჯრის პირველ–მეორე საუკუნეებში მოღვაწეობდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. იგი ისლამური სამართლის კარგი მცოდნე ყოფილა, მაგრამ მის მოწაფეებს მისი მეთოდოლოგიის კოდიფიკაცია არ მოუხდენიათ და მისი მაზჰაბიც შაფი'იტურმა მაზჰაბმა ჩაანაცვლა.
  • საური (არაბ. الثوري‎‎) მისი დამფუძნებელი და ეპონიმია სუფიან ას-საური.[8] იგი ერაყის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა, რამდენიმე ნაშრომიც დატოვა, მაგრამ მას უთანხმოება ჰქონდა ხალიფა ალ–მაჰდი ბი ლ–ლაჰთან, რის გამოც სიცოცხლის ბოლო წლები ვერ ქადაგებდა. ამიტომაც მისი მიმდევრების რიცხვი მცირე აღმოჩნდა და თანდათან სხვა მაზჰაბებმა ჩაანაცვლეს.
  • ჯარირი (არაბ. الجريري‎‎) მისი დამფუძნებელი და ეპონიმია მუჰამმად იბნ ჯარირ ატ–ტაბარი.[9] ატ–ტაბარი ერაყის ტერიტორიაზე მოღვაწეობდა. იგი ჰანბალი მაზჰაბს იგი არ თვლიდა ისლამური სამართლის მაზჰაბად, ხოლო აჰმად იბნ ჰანბალს უბრალოდ ჰადისების მკვლევრად მიიჩნევდა, ამ უკანასკნელს კი უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა. ამის გამო მან ვერ მოახერხა ხალხში თავისი მაზჰაბის გავრცელება.

სხვა მაზჰაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიურ–სამართლებრივი სკოლები სუნიტური ისლამის მიღმაც არსებობს. ესენია:

  • ზაიდი (არაბ. الزيدي‎‎) – ეს მაზჰაბი ში'იტ–ზაიდიტებს შორისაა გავრცელებული ჩრდილოეთ იემენში. ის ეფუძნება თავად ზაიდ იბნ 'ალის სწავლებებს, რომლებიც მის წიგნში, მაჯმუ' ალ–ფიყჰ (არაბ. مجموع الفقه‎‎) გადმოცემული. ის ახლოს დგას სუნიტურ ისლამურ სამართალთან და განსაკუთრებით ჰანაფი მაზჰაბთან. მათ სუნიტურ ისლამთან ასევე მეორეხარისხოვან საკითხებში აქვთ განსხვავებები, გარდა იმამატისა. ზაიდიტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადის ზაიდ იბნ 'ალის შთამომავლებზე.[10]
  • ჯა'ფარი (არაბ. الجعفري‎‎) - ეს მაზჰაბი ში'იტ–იმამიტებს შორისაა გავრცელებული ირანში, სამხრეთ ერაყში, ცენტრალურ ავღანეთსა და ინდოეთის სუბკონტინენტზე. ში'იტები მის ფუძემდებლად და ეპონიმად იმამ ჯა'ფარ ას-სადიყს მიიჩნევენ,[11] თუმცა მაზჰაბის რეალური ფუძემდებელია ჯა'ფარ იბნ ალ-ჰუსაინ ალ-ყუმმი (გარდ. ჰიჯრით 340/951 წ.),[12] რომელმაც პირველად შეადგინა სამართლებრივი მეთოდოლოგიის წიგნი შიიტური გადმოცემების საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის წყაროებია – ყურანი, სუნნა (შიიტური გადმოცემები), იჯმა'ი და ლოგიკა. განსხვავებული წყაროებისა და მიდგომების გამო ჯა'ფარი მაზჰაბი მრავალ საკითხში განსხვავდება სუნიტური ისლამიდან, მათ შორის მთავარ, მრწამსთან დაკავშირებულ საკითხებშიც.
  • იბადი (არაბ. الاباضي‎‎) – ხარიჯიტების ზომიერი ფრთა, მათი სამართალი ეფუძნება ყურანსა და ჰადისებს, რომელიც ხარიჯიტმა მუჰადდისმა, არ–რაბი' იბნ ჰაბიბ ალ–ფარაჰიდიმ შეკრიბა. ისინი, ისევე როგორც ჯა'ფარიტები, გარდა მეორეხარისხოვანი საკითხებისა, მრწამსთან დაკავშირებულ საკითხებშიც წინააღმდეგობაში მოდიან სუნიტებთან. ეს მაზჰაბი გავრცელებულია ომანში, არის იბადიტების დასახლებები ლიბიაში, ტუნისსა და ალჟირში.[13]

სხვა ისლამურ მიმდინარეობებსა და სექტებს, როგორებისაა ნუსაირია, 'ალავია, ისმა'ილია, აჰმადია და ა.შ., თუმცა მათი მიმდევრების რიცხვი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, კოდიფიცირებული სამართლის სისტემა არ გააჩნიათ.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ханафитский мазхаб Али-заде, Айдын Ариф оглы; 2007.
  2. Маликитский мазхаб Али-заде, Айдын Ариф оглы; 2007.
  3. Шафиитский мазхаб Али-заде, Айдын Ариф оглы; 2007.
  4. Ханбалитский мазхаб Али-заде, Айдын Ариф оглы; 2007.
  5. Захиритский мазхаб Али-заде, Айдын Ариф оглы; 2007.
  6. الأوزاعي
  7. الليث بن سعد
  8. سفيان
  9. محمد بن جرير
  10. Zaydiyyah
  11. Jafari: Shii Legal Thought and Jurisprudence
  12. The Myth of a "Ja’fari" Madhhab
  13. IBADI ISLAM: AN INTRODUCTION
  14. THE AMMAN MESSAGE