ადათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადათი (არაბ. عادة ჩვეულება) — ჩვეულებრივი, შარიათისაგან განსხვავებული დაუწერელი კანონ-სამართალი ისლამის აღმსარებელ ხალხებში. მომდინარეობს გვაროვნული წესწყობილებიდან. აწესრიგებს საზოგადოების ცხოვრების მრავალ მხარეს (სათემო მართვა-გამგებლობა, საოჯახო ურთიერთობანი, სასისხლო კონფლიქტები და ა. შ.). ადათი დაუწერელი ნორმაა, რომელმაც სავალდებულო ძალა მოიპოვა ხანგრძლივი და მრავალგზისი გამოყენების შედეგად. იგი ვიწრო ადგილობრივი მნიშვნელობისაა (ზოგჯერ სოფლების მიხედვითაც კი განსხვავდება). ადათი იცვლებოდა საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ძირითადად თემისა და ადათური სასამართლოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე.

ისლამის ხანაში ადათი დაუპირისპირდა შარიათს. როგორც არაბული კულტურის ნაწილმა, გავლენა მოახდინა ისლამის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, თუმცა კი მუსლიმანური სამართლის ოფიციალურ წყაროდ არ ითვლება. ისლამმა დაუშვა და შეიწყნარა ზოგი ადათისა, რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა შარიათს და ავსებდა მის ხარვეზებს. ზოგან, მაგალითად, კავკასიის მთიელებს შორის, ადათმა შარიათზე მეტი ავტორიტეტიც კი შეინარჩუნა. თავის მხრით, ადათმაც განიცადა შარიათის გავლენა.

ტერმინი ,,ადათი“ ქართულ მეტყველებასა და ლიტერატურაში ,,წესის“ და ,,ჩვეულების“ სინონიმად შემოვიდა. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მას კანონმდებლობაშიც ხმარობდმენ. ამგამად ქართულში „ადათისა" და „ადათობრივი სამართლის“ ნაცვლად მკვიდრდება ტერმინები ,,ჩვეულება“ და „ჩვეულებითი სამართალი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]