ჰანბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამის თემები
Allah1.png
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ჰანბალი, ჰანაბილა (არაბ. الحنابلة‎‎; ალ–ჰანაბილა ან არაბ. الفقه الحنبلي‎‎; ალ–ფიყჰ ალ–ჰანბალი) — ერთ–ერთი აჰლ ას–სუნნას რელიგიურ–სამართლებრივი სკოლებიდან. მისი მეთოდოლოგიის ფუძემდებლად ითვლება იმამი აჰმად იბნ ჰანბალი (გარდ. 241 ჰიჯრით/855 წ.).

მაზჰაბის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაზჰაბს საფუძველი ჩაეყარა იმამ აჰმადის ნაშრომებიდან, მათ შორის მისი ჰადისთა კრებულიდან მუსნადი. იმამ აჰმადის გარდაცვალების შემდეგ მისი მოსწავლეები, მათ შორის მისი ვაჟები სალიჰი და 'აბდულლაჰი, ასევე ჰანბალ იბნ ისჰაყი, აბუ ბაქრ ალ–მარუზი, იბნ ჰანი, აბუ დავუდ ას–საჯისთანი, აბუ ზურ'ა არ–რაზი, 'აბდულ–ვაჰჰაბ ალ–ვარრაყი, მუჰამმად ათ–თირმიზი და სხვები, მოგზაურობდნენ სახალიფოს ტერიტორიაზე და თან ავრცელებდნენ იმამ აჰმადის მასა'ილს, ანუ რელიგიურ პასუხებს თეოლოგიურ, სამართლებრივ და ყოფით საკითხებზე.

აბუ ბაქრ ალ–ხალლალი, რომელიც ასევე ბრვს მოგზაურობდა მუსლიმურ მხარეებში, შეხვდა იმამ აჰმადის ხუთ მოსწავლეს და მათგან შეკრიბა მასა'ილი, რომელიც აღწერა და ჩაიწერა სისტემატიზებულ სახელმძღვანელოდ. ამ კრებულს ეწოდა ალ–ჯამი' (არაბ. الجميع‎‎), რომლის ორიგინალიც ინახებოდა ბაღდადში და 1258 წელს მონღოლთა მიერ ბაღდადის გაძარცვისას განადგურდა. იბნ თაიმია თავისი მსჯელობებისას ხშირად მიმართავს ალ–ჯამი'ს მისი დაწერიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ.

აბუ ბაქრ ალ–ხალლალის ალ–ჯამი' შემდგომ დამუშავებული იქნა ბაღდადელი ჰანბალი სწავლულის ალ–ხირაყის მიერ. ახალი კრებული, რომელიც მოკლედ აღწერდა იმამ აჰმადის მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებს, მუხთასარ ალ–ხირაყის (არაბ. مختصر الخرقي‎‎) სახელითაა ცნობილი. ეს თხზულება იყო პირველი მოკლე სახელმძღვანელო ფიყჰის მაზჰაბისა. მას ასევე ახლდა ავტორის კომენტარი და განმარტებები.[1]

თეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმამი აჰმადი ცნობილი იყო მკაცრი ასარი მრწამსის მიმდევრობით. იგი უარყოფდა ფილოსოფიურ მიდგომებს ღმერთის სახელ–თვისებათა განმარტებისას და მიაჩნდა, რომ ადამიანის გონებისთვის ღმერთის გარკვეული სახელ–თვისებები მიუწვდომელია, ასე რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ეს თვისება, როგორც არსებული და არ ეცადოს მის აღწერასა და განმარტებას.

მაზჰაბის სამართლებრივი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერილობითი წყარო (არაბ. النص‎‎; ან–ნასს) – რელიგიის წერილობითი წყაროები, სახელდობრ ყურანი და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე ჰადისი.
  • გადაწყვეტილება საჰაბებიდან. თუ ცნობილი იყო კონკრეტულ საკითხზე საჰაბების შეხედულება, რომელზეც არ იყო აზრთა სხვადასხვაობა მათ შორის.
  • როცა საჰაბებს შორის ამა თუ იმ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაშინ უპირატესობა ენიჭებოდა იმას, რომელსაც მეტი საფუძველი ჰქონდა წერილობითი წყაროებიდან. თუ ეს საფუძველი თანაბარი იყო, მაშინ ორივე მოსაზრება იქნება მოხსენიებული, როგორც სრულუფლებიანი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
  • მურსალი ჰადისი (არაბ. الحديث المرسل‎‎) ეწოდება ისეთ ჰადისს, რომელიც ნაკარნახევია თაბი'ის (ადამიანი, რომელსაც ცოცხლად არ უნახავს მუჰამმადი ﷺ მაგრამ შეხვედრია საჰაბებს, ვისაც უნახავთ იგი) მიერ საჰაბას მოუხსენიებლად. ასეთი ჰადისები სუსტ (არაბ. الضعيف‎‎; ად–და'იფ) კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ სანდო (არაბ. الثقة‎‎; ას–სიყა) თაბი'ის მიერ ნაკარნახევი მურსალი ჰანბალი მაზჰაბის მიხედვით მისაღებია ადაბისა და ფიყჰის საკითხებში.
  • ანალოგიური მსჯელობა (არაბ. القياس‎‎; ალ–ყიიას) ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მსგავსი საკითხების გათვალისწინებითა და ანალოგიით.

ჰანბალი მაზჰაბი არ ცნობს საერთო შეთანხმებას (არაბ. الإجماع‎‎; ალ–იჯმა'), ანუ მუსლიმთა საერთო აზრს ამა თუ იმ საკითხზე, როგორც რელიგიურ წყაროს. ჰანაფი, მალიქი და შაფი'ი მაზჰაბების მიხედვით საერთო შეთანხმება სამართლებრივი წყაროა. იმამ აჰმადის აზრით, ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ საჰაბების პერიოდში იყო დასაშვები. შემდეგ, როდესაც ისლამში მრავალი განშტოება თუ სექტა წარმოიშვა, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხული იყო. ცნობილია იმამ აჰმადის გამონათქვამი –

ვინც იჩემებს საერთო შეთანხმებას (დღეს) ამა თუ იმ საკითხზე, ცრუობს![2]

მისი აზრით, ამგვარი შეთანხმება სრულიად შეუძლებელი იყო ისეთ ცხად და ღია საკითხებზეც, როგორიცაა ალკოჰოლის აკრძალვა, რადგან იმ პერიოდში არსებული ბატინი მიმდინარეობები და განშტოებები, რომლებიც ეზოთერულ ცოდნას იჩემებდნენ, ამ ეზოთერული ცოდნის საფუძველზე დასაშვებად თვლიდნენ ისეთ საქციელებს, რაც ისლამის მიხედვით აკრძალულია.

განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე მომენტი, რაც აშკარად გამოარჩევს ჰანბალი მაზჰაბს სხვა მაზჰაბებისგან. ამ მხრივ იგი ყველაზე ახლოს არის შაფი'ი მაზჰაბთან.

  • ვუდუ'ის მოშლა – ვუდუ'ი (არაბ. وضوء‎‎), ანუ მცირე რიტუალური განბანვა, ჰანბალი მაზჰაბის მიხედვით, გარდა ძირითადი მომშლელი ფაქტორებისა, ასევე მოიშლება საპირისპირო სქესის ადამიანის კანზე განზრახ შეხებით. მალიქი მაზჰაბის შეხედულებაც იგივენაირია, ხოლო შაფი'ი მაზჰაბის მიხედვით ვუდუ'ი მოიშლება ქალთან უნებლიე შეხებითაც კი. ჰანაფი მაზჰაბის მიხედვით ქალთან შეხება ვუდუ'ს არ მოშლის.[3]
  • ხელების დადება მკერდზე ლოცვაზე დგომისას – ჰანბალი და შაფი'ი მაზჰაბის პოზიცია იდენტურია. მალიქი მაზჰაბის მიმდევრები ლოცულობენ ჩამოშვებული ხელებით, ხოლო ჰანაფიტები ჭიპთან იდებენ ხელს.
  • ხელების აწევა (არაბ. رفع اليدين ‎‎; რაფ' ალ–იადაინ) ლოცვისას წელში მოხრამდე და შემდეგ გასწორებამდე ხელების აწევა მხრების დონემდე. შაფი'ი მაზჰაბის პოზიცია აქ იდენტურია, ხოლო მალიქიტები და ჰანაფიტები ხელს არ სწევენ. წამოდგომისას ხელის აწევის შემდეგ ჰანბალი მაზჰაბის მიხედვით დასაშვებია როგორც ხელების ისევ მკერდზე დადება, ისე ჩამოშვება, ხოლო შაფი'ი მაზჰაბის მიხედვით ხელები ჩამოშვებული უნდა იყოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგან იმამი აჰმადი ცნობილი იყო როგორც ჰადისების სწავლული (არაბ. محدث‎‎; მუჰადდის) და არა სამართლისმცოდნე (არაბ. فقيه‎‎; ფაყიჰ), ამიტომ ზოგიერთი სწავლული არ ცნობდა ჰანბალი მაზჰაბს და არ ითვალისწინებდა მათ მოსაზრებებს, როცა აგროვებდნენ სხვადასხვა მაზჰაბის სწავლულების შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად მუჰამმად იბნ ჯარირ ატ–ტაბარი, რომელიც ჯარირი მაზჰაბის ფუძემდებლად ითვლება (დღეს მისი მიმდევრები პრაქტიკულად აღარ არსებობენ) არ ახსენებდა ჰანბალიტ სწავლულებს, როცა ჩამოთვლიდა სხვადასხვა მაზჰაბის სწავლულებს. ამის პასუხად ალ–ბარბაჰარის თაოსნობით ჰანბალიტებმა რამდენიმეჯერ იერიში მიიტანეს მის სახლზე ისე, რომ სახელმწიფოს მოუწია მათი დაშოშმინება. ატ–ტაბარის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფომ უზრუნველყო მისი ჩუმად დასაფლავება საიდუმლო ადგილას, რათა ჰანბალიტების მიერ დამკრძალავ პროცესიაზე თავდასხმისა ეშინოდა.[4] ალ–ბარბაჰარის თაოსნობით ჰანბალიტები ხშირად უსწორდებოდნენ შიიტებს ბაღდადში.

ჰანბალიტები იყვნენ იბნ თაიმია და იბნ ყაიიმ ალ–ჯავზიია, რომელთა ნაშრომებმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მუჰამმად იბნ 'აბდულ–ვაჰჰაბზე, რომლის წინაპრები ასევე ჰანბალი მაზჰაბის მიმდევრები იყვნენ. სწორედ ჰანბალი მაზჰაბის მიმდევრები არიან დღევანდელი სალაფი მუსლიმების უმრავლესობა. ჰანბალი მაზჰაბი სახელმწიფო სამართლის წყაროა სა'უდის არაბეთში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://thehanbalirevival.wordpress.com/the-hanbali-madhab/
  2. ابن قيم الجوزية، إعلام الموقعين عن رب العالمين. ج. ٢، ص. ١٧٩
  3. http://islamqa.info/ar/2178
  4. Joel L. Kraemer, Humanism in the Renaissance of Islam: The Cultural Revival During the Buyid Age, pg. 61. Volume 7 of Studies in Islamic culture and history. Leiden: Brill Publishers, 1992. ISBN 9789004097360