შინაარსზე გადასვლა

საუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

საუმი (არაბ. الصوم ას–საუმ; მრავლობითში არაბ. صيام; სიიამ) — მარხვა ისლამში.

მარხვის ისლამური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამში მარხვა სერიოზულ მნიშვნელობას ატარებს და ერთ–ერთია ისლამის ხუთი ბურჯიდან. მომარხულე მუსლიმმა თავი უნდა შეიკავოს დღის განმავლობაში, გარიჟრაჟიდან (ფაჯრი) მზის ჩასვლამდე (მაღრიბი), საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ასევე ხორციელი სიამოვნების, ავი ფიქრების, ბილწსიტყვაობისა და მოწევისგან.

სავალდებულო მარხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმები, რომლებსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობთ, ვალდებული არიან იმარხულონ რამადანის თვეში. ამ ვალდებულებას მათ ყურანი აკისრებს[1]:

ვიკიციტატა
„"თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გებრძანათ მარხვა, ისევე როგორც ებრძანათ მათ, ვინც იყო თქვენამდე, რომ იქნებ შეიქნეთ თავდაჭერილნი!"“

ისლამური რწმენით, რამადანის თვე გამორჩეულია, რადგან ყურანის პირველი აიები სწორედ ამ თვეში გარდმოევლინა. და რადგანაც მთვარის წელიწადი მზის წელიწადზე 10 ან 11 დღით მოკლეა, რამადანის თვე გადაადგილდება მზის კალენდართან მიმართებაში.
ისლამის მიხედვით, როგორც ზაქათი არის ადამიანის ქონების განწმენდა, ასევე მარხვა ადამიანის სხეულის განწმენდაა. მარხვა ადამიანს თავდაჭერილს, მომთმენს ხდის და აძლევს საშუალებას, უფრო ღრმად გაიაზროს ნივთიერად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ბედი. როგორც ლოცვა, ასევე მარხვა არის კავშირი ღმერთსა და მორწმუნეს შორის, იგი ადამიანს ახსენებს იმ წყალობას, რასაც ხშირად ჩვენ ისე ვიღებთ, თითქოს გვეკუთვნოდეს, თუნდაც ეს იყოს ერთი ჭიქა ცივი წყალი ან ჭამა ჩვენი სურვილისამებრ. მუსლიმთა ორი დღესასწაულიდან ერთ-ერთი – ‘იდ ალ-ფიტრი (რამაზან ბაირამი) სწორედ რამადანის დასრულებისას აღინიშნება.[2]
ამასთან, ყურანი საშუალებას აძლევს ავადმყოფებს და მოგზაურებს, არ იმარხულონ და მოგვიანებით აანაზღაურონ გაცდენილი დღეები, ან თუ ავადმყოფობა ქრონიკულია, გაცდენილი დღეების საფასურად დააპურონ ღარიბები და უპოვრები[3]:

ვიკიციტატა
„მარხვა ნაბრძანებია განსაზღვრულ დღეებში. და მათ, ვინც სნეულია თქვენგან, ან მგზავრობა უწევს, იგივე რაოდენობის დღეებია [ასანაზღაურებელი, როცა გამოვა ამ მდგომარეობიდან]. მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს [ამ მდგომარეობიდან გამოსვლას] – უპოვრების დაპურებაა. ვინც იქმს სიკეთეს თავისი ნებით, მისთვისვეა უკეთესი. მარხვა უმჯობესია თქვენთვის, თუკი იცით!
რამადანის თვეში გარდმოევლინა ყურანი – სწორი გზის მაჩვენებლად ხალხისთვის, ცხად მტკიცებულებად და გასამიჯნად [კარგისა და ცუდის]. ვინც მოესწრება ამ თვეს, იმარხულოს! ვინც სნეულია ან მგზავრობს, იმდენივე დღე იმარხულოს სხვა დროს. ღმერთს სურს სიიოლე თქვენთვის და არა სიძნელე. მას სურს, რომ თქვენ ბოლომდე მიიყვანოთ მარხვის დღეები და ადიდოთ ღმერთი იმისთვის, რომ მან სწორ გზაზე დაგაყენათ, რათა გახდეთ მადლიერნი.“

იგივე პირობები ეხებათ ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებს, თუ არსებობს საფრთხე, რომ მარხვა მათ ფიზკურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.[4]

მარხვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პირობაა განზრახვა (ნიათი). მომარხულემ გარიჟრაჟამდე უნდა მიიღოს მარხვის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა ეს მარხვა სავალდებულოა, ასანაზღაურებელი თუ ნებაყოფლობითი[5]. ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია საკვების, სასმელისა და ცოლქმრული ურთიერთობების გარდა, ბილწსიტყვაობისა და მრისხანებისგან, ასევე ავი ფიქრებისგან თავის შეკავება, რადგან მათ შეუძლიათ ადამიანის მარხვა მიუღებლად აქციონ. გადმოცემულია მუჰამმადის ﷺ შემდეგი სიტყვები[6]:

ვიკიციტატა
„ნუ იქნებით იმათი მსგავსი, ვისაც არაფერი რჩება თავისი მარხვიდან შიმშილის გრძნობის გარდა, და არაფერი რჩება ღამის ლოცვიდან უძილობის გარდა.“

ნებაყოფლობითი მარხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა სავალდებულო მარხვისა რამადანის თვეში, ისლამში ასევე არსებობს სხვა დროს, ნებაყოფლობითი მარხვების პრაქტიკა. ის შეიძლება იყოს როგორც გაცდენილი სავალდებულო მარხვის ასანაზღაურებელი, ასევე რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღის გამოსარჩევად, მაგალითად:

მარხვა აკრძალულია 'იდ ალ-ფიტრის დღეს (რამადანის შემდგომი თვის, შავვალის პირველი დღე), 'იდ ალ-ადჰასა და მის მომდევნო სამ დღეს (ზუ ლ–ჰიჯჯას თვის მე–11, მე–12, მე–13 და მე–14 დღეები). ასევე მარხვა აკრძალულია ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დროს, მათ შორის რამადანის თვეშიც. როგორც მუსლიმი სწავლულები ხსნიან, ამ დროს ქალი ისედაც სუსტადაა და მძიმე მდგომარეობაშია, მარხვა კი ზედმეტი ტვირთი იქნებოდა მათთვის, ამიტომ მათთვის მარხვა სავალდებულო არ არის.[7]

მარხვა პოლარულ მხარეებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლარულ მხარეებში, სადაც წელიწადის გარკვეულ დროებში დღე–ღამის ცვალებადობა არ ხდება (დღემ ან ღამემ შესაძლოა გასტანოს 24 საათზე მეტი), მარხვა და ლოცვა უახლოესი იმ ადგილის მიხედვით უნდა განხორციელდეს, სადაც დღისა და ღამის გარჩევა აშკარად შესაძლებელია.[8] ამ წესს საფუძვლად უდევს გადმოცემა, რომლის თანახმადაც მუჰამმადმა ﷺ გააფრთხილა მისი მიმდევრები, რომ როცა დაჯჯალი მოვიდოდა, მისი მმართველობის პირველი დღე წლის მსგავსი იქნებოდა. მიმდევრებმა იკითხეს – ამ დღეს როგორ უნდა ვილოცოთ, რაზეც მუჰამმადმა უპასუხა – გამოითვალეთ დრო და იმის მიხედვით ილოცეთ.[9]

  1. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ბაყარა, II, აია 183.
  2. Pete seda, Islam is..., 2002, ISBN 0-9719158-0-6.
  3. ბრძენი ყურანი, სურა ალ–ბაყარა, II, აიები 184–185.
  4. حكم صيام المرضع والحامل
  5. صيام القضاء لا بد فيه من تبييت النية كالأداء
  6. محمد بن يزيد بن ماجه؛ سنن؛ كتاب الصيام، ١٧٠٧
  7. ما الحكمة من تحريم الصوم على الحائض
  8. أوقات الصلاة والصيام في الأماكن القطبية
  9. مسلم بن الحجاج النيسابوري؛ الجامع الصحيح؛ كتاب المساجد ومواضع الصلاة؛ ٦٤٨