ხარიჯიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარიჯიტები — ერთ-ერთი მუსლიმური თემის მიმდევრები არიან, რომლებიც ხალიფა უსმანისა და ალის მმართველობის ბოლოს ჩნდებიან. ხარიჯიტების მოძრაობა აღმოცენდა სახალიფოში სოციალურ წინააღმდეგობათა და ხელისუფლებისათვის პოლიტიკური ბრძოლის გამწვავების პერიოდში. 657 წელს ხალიფა ალის პოლიტიკით უკმაყოფილო მებრძოლთა ნაწილი, რომლებიც არაბი მომთაბარე ტომებისაგან შედგებოდა, გამოვიდა არაბული არისტოკრატიის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებისა და მათ მიერ მუსლიმური თემის მიწების დატაცების წინააღმდეგ, რის გამოც მათ ხარიჯიტები (ამბოხებულები) უწოდეს. 658 წელს სიფინის ბრძოლაში ალიმ დაამარცხა ხარიჯიტები, მაგრამ მათი რიგები ივსებოდა ძირითადად საზოგადოების დაბალი ფენების, როგორც არაბების, ისე გამუსლიმებული არაარაბების ხარჯზე.[1] სიფინის ბრძოლის შემდეგ ისინი ალის ებრძოდნენ მანამ, სანამ 661 წელს ის არ მოკლეს. ამის შემდეგ ხარიჯიტები ხალიფა მუავიას დაუპირისპირდნენ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოულოდნელი თავდასხმებით ცდილობდნენ მტრისთვის ზიანის მიყენებას.

ხარიჯიტები მოითხოვდნენ ყველა მუსლიმის თანასწორუფლებიანობას სოციალური მდგომარეობისა და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, ხალიფის არჩევითობის პრინციპის გატარებას. ხალიფა შეიძლებოდა გამხდარიყო ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი, თვით მონაც კი – ამიტომ ხარიჯიტობა უკიდურესად დემოკრატიულ მიმდინარეობად იქცა. ამის მიუხედავად, ხარიჯიტები ფანატიზმით და სხვა რელიგიური თემების მიმართ მწვავე დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. 684 წელს ხარიჯიტების გათიშვის შედეგად შეიქმნა რამდენიმე მიმდინარეობა: იბადიტების, აზრაკიტების, სუფრიტების და ბაიჰასიტების. ხარიჯიტები – იბადიტები ამჟამად ახლანდელ ომანში, ჩრდილოეთ აფრიკაში და არაბეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.[2]

ხარიჯიტების სახელწოდება ეფუძნება ქუფიდან ალის ყოფილი მომხრეების "გამოსვლის" ეპიზოდს. ხარიჯი (მრ. ალ-ხავაარიჯ) ნიშნავს "ამბოხებულს", "განდგომილს", "ერეტიკოსს", "გამოსულს". ხარიჯიტები იხსენიებიან სხვა სახელწოდებებითაც: ალ-მუჰაქქიმა, აშ-შურათ, ალ-მარიკუნ და სხვ. ასევე, ხარიჯიტები ეწოდებოდა ყველას, ვინც თემის კანონიერი მეთაურს წინააღმდეგ აღუდგებოდა.

განხეთქილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე VII საუკუნის მეორე ნახევარში ხარიჯიტებს შორის მოხდა განხეთქილება. შედეგად სამი მთავარი ხარიჯიტული თემი წარმოიშვა: აზრაკიტები, სუფრიტები და იბადიტები. თუმცა მათ გარდა 20-მდე სხვადასხვა ხარიჯიტული დაჯგუფება არსებობდა იმ დროისთვის. ხარიჯიტებმა ფეხი იემენში, ომანსა და ჩრდ. აფრიკაშიც მოიკიდეს და დოგმატურ საკითხებს ამუშავებდნენ, როგორიცაა სახალიფოს თეორიის ჩამოყალიბება, რწმენის განსაზღვრა და სხვ.

კამათი მუსლიმურ თემში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარიჯიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც მუსლიმურ თემში თეოლოგიური კამათი წამოიწყეს VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე. მანამდე კი რელიგიური საკითხების განსაზღვრაზე მეტად მუსლიმები სამართლითა და წეს-ჩვეულებებით იყვნენ დაინტერესებულები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ხარიჯიტებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო ცოდვა. ადრეულ ისლამში ცოდვა "დიდად" და "მცირედ" განიხილებოდა. ურწმუნოება ყველაზე მძიმე ცოდვად ითვლება. მუსლიმური თემის წარმომადგენლები კამათობდნენ იმაზე, უნდა ჩაეთვალათ თუ არა მუსლიმად "მძიმე" ცოდვის ჩამდენი ადამიანი. ხარიჯიტებს რადიკალური პოზიცია ეკავათ და თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანი სიკვდილით დასჯას იმსახურებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მუსლიმი ხალიფა პოლიტიკური და რელიგიური წინამძღოლად ითვლება, ხარიჯიტები ხალიფებისგან ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას მოითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, ომაიანები და აბასიანები უსამართლო და "ცოდვილი" მმართველები იყვნენ. ამიტომაც ხარიჯიტები თეოლოგიურ საკითხებში ყველა მუსლიმის ჩართულობასა და ხალიფას არჩევითობას ემხრობოდა. ხარიჯიზმი პირველი ისლამური მიმდინარეობა გახდა, რომელიც მუსლიმურ თემში დიალოგს უწყობდა ხელს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხარიჯიტები დასაშვებად მიიჩნევდნენ ხალიფას დამხობასა და მკვლელობასაც კი, თუ ის ისლამის პრინციპებსა და თემის ინტერესებს გადაუხვევდა.[3] მნიშვნელოვანია, რომ ხარიჯიზმი შიიტური დოქტრინისგან განსხვავებით არ აღიარებს ხალიფას უცოდველობას. [4] აღსანიშნავია ისიც, რომ "მართლმორწმუნე" ხალიფებიდან ხარიჯიტები კანონიერად აღიარებდნენ აბუ ბაქრს, უმარს, უსმანის მმართველობის 6 წელსა და ალის მმართველობას სიფინის ბრძოლამდე.

რელიგიური მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბების შემდეგ ხარიჯიტები ისლამის დოგმების დამცველებად გამოდიოდნენ და ყველა მუსლიმისგან მოითხოვდნენ რელიგიური მოვალეობების მკაცრად შესრულებას. ამის გამო მათ "ისლამის პურიტანებსაც" კი უწოდებდნენ. ხარიჯიტები ეწინააღმდეგებოდნენ ფუფუნებას, გართობას და კრძალავდნენ მუსიკას, აზარტულ თამაშებს. სხვა მუსლიმებისგან განსხვავებით არ აღიარებდნენ წმინდანთა კულტს, თუმცა ჰაჯის აღიარებდნენ. ხარიჯიტები თვლიან, რომ ყურანი ალაჰის სიტყვაა, რომელიც მკითხველმა სიტყვა-სიტყვით უნდა გაიგოს.

ხარიჯიტები თვლიდნენ, რომ "ჭეშმარიტი რწმენა" განისაზღვრება მოქმედებით და თითოული მათგანის მოვალება ხარიჯიტული პოლიტიკური და რელიგიური პრინციპების დასაცავად ბრძოლაა. ვინც ამ მოვალეობას არ ასრულებს, ითვლება "ურწმუნოდ". ამ მუსლიმური თემის ყველა წარმომადგენელი უკიდურესი ფანატიზმით გამოირჩეოდა არამხოლოდ რელიგიურ თუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც. ამგვარი რადიკალური შეხედულებების გამო ხარიჯიზმი ისლამურ სამყაროში ფართოდ ვერ გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ხარიჯიტები ფიკჰის წყაროდ მხოლოდ ყურანს მიიჩნევენ, ხოლო იჯმასა და ჰადისებს უარყოფენ.[5]

ხარიჯიტთა ძირითადი თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზრაკიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზრაკიტები ხარიჯიტების უკიდურესი სექტის მიმდევრები არიან. მისი წარმოშობა ნაფი იბნ ალ-აზრაკის უკავშირდება, რომელიც VII საუკუნის 80-იან წლებში ერაყში ომაიანთა ხალიფებისა და შიიტების წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. მათ სხვა ხარიჯიტებიც შეუერთდნენ. ნაფი მართლმორწმუნეთა ამირად გამოცხადდა. აზრაკიტებმა აიღეს რამდენიმე ქალაქი ირანში (ფარსი და ქირმანი), დახოცეს მექის მმართველის მოხელეები და 14-15 წლის განმავლობაში ხალიფას მრავალრიცხოვან ჯარებს ებრძოდნენ. აზრაკიტები ათავისუფლებდნენ მონებს და ჩაგრულთა დამცველებად გამოდიოდნენ, რის გამოც მათ სპარსელთა მხარდაჭერა მოიპოვეს. მართალია აზრაკიტების აჯანყება 698 წელს ჩაახშეს, თუმცა ისინი VIII-IX საუკუნეებშიც აგრძელებდნენ გამოსვლებს. ირანში მათი ცენტრი სისთანი იყო, საიდანაც აჯანყებებს აწყობდნენ.

აზრაკიტების დოქტრინის მიხედვით:

  • ისინი ურწმუნოებად თვლიდნენ ყველას, ვინც მათს ამბოხებებში არ მონაწილეობდა.
  • აზრაკიტები ყველა იმ ადამიანს უწყობდნენ გამოცდას (მიჰნა), რომელსაც მათთან შეერთება სურდა.
  • აზრაკიტები დასაშვებად თვლიდნენ მტრის ქალებისა და ბავშვების დახოცვასაც. ურწმუნოდ ითვლება ყველა ის მუსლიმი, რომელიც რწმენის "კეთილგონიერ დამალვას" - თაკიას აღიარებდა.
  • კერპთაყვანისმცემლები მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში
  • მოწინააღმდეგეების მიწა "ურწმუნოთა მიწაა", რომლის ყველა მაცხოვრებელი უნდა განადგურდეს, თუმცა იუდეველებისა და ქრისტიანების მიმართ შემწყნარებლობა დასაშვებია.

აზრაკიტების ამგვარმა უკიდურესმა სისასტიკემ მათი სექტის სრული განადგურება გამოწვია IX საუკუნეში.

სუფრიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუფრიტების სექტა ერაყში, ბასრაში, 683-684 წლებში ჩამოყალიბდა. თემის წარმოქმნის მიზეზი ხარიჯიტებში რელიგიურ-პოლიტიკური უთანხმოება გახდა. მისი დამაარსებელი ზიად იბნ ასფარია, თემის სახელწოდება კი მამამისის სახელს უკავშირდება. ომაიანი ხალიფა იაზიდ I-ის დროს სუფრიტები ბასრის მიდამოებში აჯანყდნენ აბუ ბილალ მირდასის მეთაურობით. 680 წელს მირდასის მკვლელობის შემდეგ სუფრიტებმა იმამად აღიარეს პოეტ-მისტიკოსი იმრან იბნ ჰიტტანი (გარდ. 703 წ.). 695 წელს სუფრიტებმა ზემო მესოპოტამიაში მოაწყეს პირველი შეიარაღებული აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა სალიჰ იბნ მუსარრიჰი. სუფრიტთა ამბოხი მრავალ პროვინციას მოედო სახალიფოში, მაგრამ 697 წელს ჩაახშეს.

სუფრიტები შეეცადნენ, სისტემატიურად გადმოეცათ თავიანთი რელიგიური შეხედულებები. მათ შუალედური მდგომარეობა ეკავათ აზრაკიტებსა და იბადიტებს შორის:

  • ურწმუნოებად არ მიიჩნევდნენ იმ სუფრიტებს, რომლებიც აჯანყებებს თავს არიდებდნენ.
  • დასაშვებად მიიჩნევდნენ სხვა მუსლიმებთან ომის დროებით შეწყვეტას.
  • ეწინააღმდეგებოდნენ მოწინააღმდეგეების ქალებისა და ბავშვების ხოცვას.
  • დასაშვებად მიაჩნდათ თაკია.

იბადიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბადიტები 'აბდ ალლაჰ იბნ იბადის (VII საუკუნის მეორე ნახევარი) მიმდევრები იყვნენ. ეს ყველაზე ზომიერი ხარიჯიტული თემი ჩამოყალიბდა 684-685 წლებში ბასრაში. აზრაკიტები გამოვიდნენ ომაიანების წინააღმდეგ, ხოლო იბადიტების ლიდერმა აჯანყებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იბადიტური თემის ჭეშმარიტი დამფუძნებელი და მოძღვრების შემქმნელი ჯაბირ იბნ ზაიდი იყო ომანიდან. VIII საუკუნიდან ბასრელი იბადიტები პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად მოღვაწეობდნენ, ხოლო მათი ხელმძღვანელები ომანში გადაასახლეს. თუმცა იბადიტური თემი ბასრაში სულიერ ცენტრად რჩებოდა. თემის ახალმა მეთაურმა აბუ 'უბაიდამ "მსოფლიო იბადიტური იმამათის" შექმნის მიზნით საკუთარი ემისრები გააგზავნა მუსლიმური სამყაროს ყველა კუთხეში. იბადიტთა პროპაგანდას დიდი წარმატება მოჰყვა და რამდენიმე წლის შემდეგ მათმა აჯანყებებმა იფეთქა, რასაც მათი იმამათების ჩამოყალიბება მოჰყვა.

განსაკუთრებულ წარმატებას იბადიტებმა ჩრდ. აფრიკაში მიაღწიეს, სადაც VIII საუკუნის 70-იან წლებში რუსთამიანთა სახელმწიფო შეიქმნა (თანამედროვე ალჟირის ტერიტორია. რუსთამიანთა ამირას უზენაესობას აღიარებდნენ მთელი აღმოსავლეთის იბადიტური თემები. შემდგომში ამ რეგიონში აღლაბიანებისა და ფატიმიანების გაბატონებამ რუსთამიანთა სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. ამის მიუხედავად იბადიტები მაინც აქტიურობდნენ. [6]

იბადიტური რელიგიურ-პოლიტიკური დოქტრინის საფუძველი იმამათის შესახებ არსებული მოძღვრებაა. ისინი დასაშვებად მიიჩნევდნენ ერთდროულად რამდენიმე იმამის არსებობას. იბადიტები თვლიან, რომ შეიხთა საბჭოს მიერ არჩეული იმამი იყო სრულუფლებიანი წინამძღოლი, მხედართმთავარი, მსაჯული და ღვთისმეტყველია. თუ ის ისლამის გზას გადაუხვევდა, შეიხთა საბჭოს მისი გადარჩევა შეეძლო.

იბადიტთა დოგმატიკაზე დიდი გავლენა მოახდინეს სუნიტურმა და მუთაზილიტურმა შეხედულებებმა. ისინი თვლიან, რომ ალაჰი განაპირობებს ადამიანთა ქცევას. აღსანიშნავია, რომ იბადიტები სხვა ხარიჯიტებისგან განსხვავებით, უარყოფდნენ პოლიტიკური ან რელიგიური მოტივებით მკვლელობას.

იბადიტური მოძრაობა ძალიან ჭრელი იყო პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით, რის გამოც ის კიდევ რამდენიმე სექტად გაიყო: ჰაფსიტები, ჰარისიტები, იაზიდიტები და ვაჰბიტები (და არა ვაჰაბიტები).

დღეს ომანის მოსახლეობის დიდ ნაწილს იბადიტები შეადგენენ. მათი მცირერიცხოვანი თემები კი ჩრდილოეთ აფრიკის სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანიკიძე, გ, & გელოვანი, ნ. (2009). ისლამი. თბილისი, საქართველო: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-102-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Higgins, Annie C. (2004). "Kharijites, Khawarij". In Martin, Richard C. Encyclopedia of Islam and the Muslim World v.1. Macmillan. p. 390.
  2. "CIA - The World Factbook". Central Intelligence Agency. June 5, 2013. Retrieved June 10, 2013.
  3. Goldhizer, Ignaz. "Muslim Studies"(Transaction Publishers, 1971) Vol.1 p.130 (Downloadable from https://www.scribd.com/doc/94082191/Goldziher-Muslim-Studies-1)
  4. Baydawi, Abdullah. "Tawali' al- Anwar min Matali' al-Anzar", circa 1300. Translated alongside other texts in the 2001 "Nature, Man and God in Medieval Islam" by Edwin Elliott Calverley and James Wilson Pollock. pp. 1001-1009
  5. Abul A'la Maududi, Khilafat-o-Malookeyat (Caliphate and kingship), (Urdu), p 214.
  6. სანიკიძე, გ., გელოვანი, ნ. (2009). ისლამი (Vol. VIII, pp. 213-219). თბილისი, საქართველო: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.