გიორგი ვარაზაშვილი
გიორგი ვარაზაშვილი | |
---|---|
გიორგი დიმიტრის ძე ვარაზაშვილი | |
მეტსახელი | კაპიტანი მონტი |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 12 მაისი, 1914 |
დაბადების ადგილი | ჯიმითი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 6 თებერვალი, 1945 (30 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კოცუოლოს ბორცვი, ტრევიზოს პროვინცია |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | საველე ქვეითი, პარტიზანი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1940–1945 |
წოდება | კაპიტანი |
ნაწილი | პარტიზანული ბრიგადა „პიავე“ |
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები | Medaglia di bronzo al valor militare – 1971 წლის 25 იანვარი |
გიორგი დიმიტრის ძე ვარაზაშვილი, კაპიტანი მონტი (იტალიურად: Giorgi Varazashvili, „MONTI“; დ. 12 მაისი, 1914, სოფ. ჯიმითი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 6 თებერვალი, 1945, კოცუოლოს ბორცვი, ტრევიზოს პროვინცია, დასაფლავებულია ჩიზონ დე ვალმარინოში, ტოვენას სასაფლაზე, იტალია) — ქართველი, ბრინჯაოს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ვარაზაშვილი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ საჩვენებლი თითის ნახევარი მოკვეთილი ჰქონდა, მაინც სულ თიხისგან ძერწავდა სხვადასხვა ფიგურებს. ექვსი წლის იყო, როცა დამ, სონა ვარაზაშვილმა თბილისში ჩაიყვანა.
სწავლობდა თბილისის შრომის მეოთხე სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან არსებულ მოსამზადებელ კურსებზე, აიღო ატესტატი და მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოჩენილი მოქანდაკის, ნიკოლოზ კანდელაკის კლასში დაიწყო სწავლა.
1940 წლის 30 ივნისს ცნობილი მოქანდაკის, პროფესორ ბორის იაკოვლევის ხელმძღვანელობით მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსული კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვა თავისი სადიპლომო ნამუშევარი „სპორტსმენი„. ამ ქანდაკების ფოტოები დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში: „ზარია ვოსტოკა“ (თბილისი) და „ვეჩერნაია მოსკვა“ (მოსკოვი).
1940 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. ჯერ 194-ე მსროლელი დივიზიის (მეთაური — გენერალი ივან ეფიმის ძე პეტროვი ) 299-ე საარტილერიო პოლკში გაანაწილეს, პირველ სასწავლო ბატარეაში.
1941 წლის 30 სექტემბერს ფაშიტური გერმანიის ჯარები გენერალურ შეტევაზე გადავიდნენ მოსკოვის მიმართულებით. 194-ე მსროლელი დივიზია გადაისროლეს ბრიანსკის მიმართულებით, სადაც გერმანულმა ნაწილებმა ფრონტის ხაზის გაარღვიეს და მოსკოვისკენ დაიძრნენ. 7 ოქტომბერს დივიზიამ კალუგის დასავლეთით, მდინარე უგრისა და ოკის შესართვათან დაიკავა თავდაცვითი ხაზი, ხოლო მომდევნო წლის იანვრის შუა რიცხვებში დივიზიამ ბრძოლით მიაღწია ქალაქ იუხნოვის მიდამოებს.
მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას 299-ე პოლკის არტილერისტები უკან იხევდნენ და დაზვერვაზე წასულ გიორგი ვარაზაშვილს და მის ორ მეგობარს თავისიანები უკვე წასული დახვდნენ. გადაწყვიტეს ღამე ერთ-ერთ სოფელში გაეთიათ და გზად მიმავლები გერმანელთა მზვერავებმა ტყვეებად აიყვანეს.
1942 წლის დასასრულს და 1943 წლის დასაწყისში გიორგი ვარაზაშვილი ბრიანსკის ოლქის, გორდეევის რაიონის სოფელ სტრუგოვა ბუდაში იშუშებდა ჭრილობას, სადაც სმოლენსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გამოიქცა. ამავე წელს გერმანელებმა კვლავ დააპატიმრეს და წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც კიდევ გაიქცა და ბრიანსკის ოლქის პარტიზანებს შეუერთდა.
ამის შემდეგ, ისევ ტყვეობამ მოუწია და მერე კი იტალიაში გადაისროლა ბედისწერამ.
პარტიზანული ბრიგადა „პიავე“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1944 წლის ივლისში, ტრევიზოს პროვინციაში პარტიზანული ბანაკიდან შინ, სოფელ მირო-ფრონტოში მიმავალმა ჯოვანო ლიესიმ თან წაიყვანა ტყეში გადაყრილი ხუთი ჩამოძენძილი ტყვე, რომელთა შორის იყო გიორგი ვარაზაშვილიც. გაქცეულებმა ხუთი დღე დაჰყვეს ლიესების სტუმართმოყვარე ოჯახში. ამასობაში ჯოვანი ლიესი მოელაპარაკა კათოლიკური პარტიზანული ბრიგადის „პიავეს“ ერთ-ერთი პაზმის უფროსს, ფარეზს, რომ საბჭოთა ტყვეები რაზმში მიეღო.
გიორგი ვარაზაშვილს პარტიზანული სახელი „მონტი„ დაარქვეს და რაკი დიდად გაბედული და საზრიანი მეომარი იყო, მალე „კაპიტან მონტის„ სახელითაც მონათლეს.
ამ დროს კაპიტანი მონტი დაუახლოვდა პარტიზანების მეკავშირეს, ჯოვანი ლიესის დას, პაოლას, რომლისგანაც შემდეგ შვილიც შეეძინა, ჯორჯო, რომელიც იწერება „ძამბონიდ“ (გიორგი ვარაზაშვილის სიკვდილის შემდეგ, პაოლა ცოლად გაჰყვა რენატო ძამბონის, რომელიც აგრეთვე პარტიზანი იყო და ჩინო მოსკატელის რაზმში იბრძოდა. სწორედ მისი გვარი მისცა პაოლამ გიორგი ვარაზაშვილის შვილს).
1945 წლის 6 თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლის თებერვალში ტრევიზოს პროვინციის მთაში დიდი თოვლი მოვიდა. გერმანელ ფაშისტებთან შეტაკების შემდეგ „პიავეს“ პარტიზანები მთაში ისვენებდნენ. საჭირო იყო სხვაგან გადასვლა, რაკი მტერმა მათ სამყოფელს მიაგნო, შეიძლებოდა, გზები შეეკრა და ადვილად გაენადგურებინა მთელი ბრიგადა.
კაპიტანი მონტი და ბარბა (ჯოვანი მორანდინი), რომლებიც პაოლას დედის, ბერნარდინას საჯინიბოში იმალებოდნენ, 5 თებერვლის ადრიან დილას დაზვერვაზე წავიდნენ. მათთან ერთად იყო ჯუზეპე კასტელი.
ბერნარდინამ თანამებრძოლებთან ერთად ადრიანად მიმავალი კაპიტანი მონტი რომ დაინახა, შეეკითხა, უიარაღოდ სად მიდიხარო. იმან ქამარში გაკეთებული ორი ხელყუმბარა აჩვენა და უპასუხა, — თუ გამიჭირდა, ერთი იმათთვის იქნება და ერთიც ჩემთვისო. მზვერავები დიდი სიფრთხილით მიდიოდნენ თოვლიან გზაზე, მაგრამ ისინი მაინც შენიშნა ერთმა ფაშისტმა ქალმა და თავისიანებს შეატყობინა. ფაშისტებმა თოლზე დარჩენილი ნაფეხურების მიხედვით მიაგნეს პატიზანების კვალს და უკან გაჰყვნენ.
კაპიტანმა მონტიმ და მისმა თანამგზავრებმა შენიშნეს შავხალათიანები, ისინი ბევრნი იყვნენ და შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მტერს განერიდნენ, სხვა გზით წავიდნენ. ფაშისტები კვლავ უკან მიჰყვნენ. უკვე ახლოს მისდევდნენ, მაგრამ იარაღს არ ხმარობდნენ, მზვერავების ცოცხლად ხელში ჩაგდება უნდოდათ, რომ მთელი ბრიგადისთვის მიეგნოთ.
ლტოლვილებს ფრიალო კლდემ შეუშალა ხელი წინსვლაში და სწორედ ამ კლდის წინ, რიფრონტოლის გორაზე გათამაშდა ტრაგედია: მამაცმა პარტიზანებმა მეგობრების გაცემას სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს, თითო ხელყუმბარა მტერს ესროლეს, მეორე კი მკერდზე აიფეთქეს.
ბრინჯაოს მედალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წლის 25 იანვარს იტალიის პრეზიდენტის, ჯუზეპე სარაგატის ხელმოწერილი დეკრეტით გიორგი ვარაზაშვილს, კაპიტან მონტის მიენიჭა Medaglia di bronzo al valor militare – ბრინჯაოს მედალი მხედრული მამაცობისათვის.
„ვარაზაშვილი“ იტალიურად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი ვარაზაშვილის სახელისა და გვარი იტალიელებმა ამ ფორმითაც ჩაიწერეს: Giorgio VORAZOSCYILIY „MONTI“ და საფლავის ქვაზე სულ სხვანაირად: VORAZOSCVILJ GIORGIO „MONTI“.
გიორგი ვარაზაშვილის მართებული ფორმა იტალიურად იქნებოდა: Giorgi Varazashvili.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 165.
- ლარისა ხუბულური-ტატიშვილი — „კაპიტანი მონტი“, თბ., განათლება, 1979.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ვარაზაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- 6 FEBBRAIO 1945 დაარქივებული 2012-12-08 საიტზე Wayback Machine. (იტალიურად)
- Giorgio VORAZOSCYILIY „MONTI“ (Boccia: An Historical Link Italy Australia By Cesare Romano Stefanato)