ევროპის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის უნივერსიტეტი (მრავალმნიშვნელოვანი).
შპს ევროპის უნივერსიტეტი[1]
უნივერსიტეტის-ფასადი-(1).jpg
დევიზი განათლება ქმნის მომავალს
დაფუძნდა 21 იანვარი, 2011
ტიპი კერძო
რექტორი ნინო ტალიაშვილი
პრორექტორები თამარ ზარგინავა
სოფიო ხუნდაძე
პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი
მისამართი დ. გურამიშვილის გამზ. №76
დ. სარაჯიშვილის ქ. №17[1]
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი (+995 32) 2 000 171
კამპუსი ირინა ენუქიძის №5
მეტსახელი EU
https://eu.edu.ge

ევროპის უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში. უნივერსიტეტი 2011 წელს ლაშა კანდელაკიშვილმა დააარსა. 2022 წლისთვის 4 ფაკულტეტი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინისა და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია ნინო ტალიაშვილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 იანვრის №1 გადაწყვეტილებით დაწესებულებამ 5 წლის ვადით სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. 2012 წლისათვის უნივერსიტეტი 3 საგანმანათლებლო პროგრამას: საექთნო საქმის საბაკალავრო, ფარმაციის საბაკალავრო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებდა. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 246 სტუდენტით იყო განსაზღვრული.

2013 წლის ბოლოს უნივერსიტეტმა ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია მოიპოვა, ხოლო 2014–2017 წლებში — სხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უცხოელი სტუდენტების ყველაზე დიდი წილი მოდის.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 18 იანვრის №5 გადაწყვეტილებით ევროპის უნივერსიტეტმა 5 წლის ვადით, 2021 წლამდე, კვლავ მოიპოვა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2016 წლის 13 დეკემბრის №30 გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა 1500 სტუდენტით განისაზღვრა, 2019 წლის 26 ივლისის №28 გადაწყვეტილებით ― 3000 სტუდენტით, ხოლო 2021 წლის 16 ივნისს − 3500 სტუდენტით.

2019 წელს უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ დაამტკიცა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელშიც 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა და სამწლიანი სამოქმედო გეგმებია შემუშავებული.[2]

2021 წლის 29 ოქტომბრიდან ევროპის უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.[3]

4 ფაკულტეტების ფარგლებში უნივერსიტეტი 14 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რომელიც მოიცავს უმაღლესი განათლების ორი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და მასწავლებლის მომზადების ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამებს.

ევროპის უნივერსიტეტი ორ სასწავლო კორპუსსა და საერთო საცხოვრებელს ფლობს. უნივერსიტეტს აქვს რექტორის მიერ დამტკიცებული ლოგო, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი.[1]

2022 წელს ევროპის უნივერსიტეტი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი გახდა. ცენტრს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეწოდა. ჰოსპიტალს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ზარგინავა უხელმძღვანელებს.[4][5][6][7]

სასწავლო პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საგანმანათლებლო პროგრამები ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე ხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტია,[8] რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ფაკულტეტი ყოველწლიურად საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს მასპინძლობს. ფაკულტეტზე ოთხი საბაკალავრო (ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმატიკის, ტურიზმის ადმინისტრირებისა და ფინანსებისა და საბანკო საქმის) და ერთი სამაგისტრო პროგრამა (მენეჯმენტი) ხორციელდება. 2016 წელს ფაკულტეტის ბაზაზე გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია ნინო გადილია.

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი[9] 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ფაკულტეტზე 3 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (სამართალი, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები) და მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია მარიამ ბოჭორიშვილი.

მედიცინის ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიცინის ფაკულტეტი[10] 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ფაკულტეტზე ხორციელდება დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები. მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ნათია ჯოჯუა.

ფაკულტეტს თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს 60-მდე კლინიკასა და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო უნივერსიტეტებთან აქვს გაფორმებული. 2020 წლიდან გამოიცემა სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი „Biomedical and Core Clinical Research Practice“. ფაკულტეტს აქვს სიმულაციის ცენტრი, ხოლო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე მედიცინის კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი[11] 2019 წელს შეიქმნა. 2021 წლისთვის ფაკულტეტზე არცერთი საგანმანათლებლო პროგრამა არ ხორციელდება. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანია ვაჟა ქვაჭრელიშვილი.

ორგანიზაცია და მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაფუძნებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნივერსიტეტის რექტორი ლაშა კანდელაკიშვილი იყო. 2019 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილია. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ვიცე-რექტორის მოვალეობას თამარ ზარგინავა ასრულებს, ხოლო ხარისხის განვითარების მიმართულებით ― სოფიო ხუნდაძე.

უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოა ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო, რომელსაც რექტორი თავმჯდომარეობს.[12]

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის ლოგო

ევროპის უნივერსიტეტში 4 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებშიც საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალები გამოიცემა.

სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან სამართლის ინსტიუტი ჩამოყალიბდა. ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალია „საქართველო და მსოფლიო“, რომელშიც სამართლის თემატიკის სამეცნიერო სტატიები იბეჭდება. ჟურნალში სტატიები ქართულ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე ქვეყნდება ინგლისური რეზიუმეს სავალდებულო თანხლებით.[13]

სამართლის ინსტიტუტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს: „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ (2015) [14], „სისხლის სამართლის მეცნიერების თანამედროვე ტენდენციები“ (2016)[14], „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები“ (2018,[15] 2019[16]) და „მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.[17]

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი 2016 წელს დაარსდა. ინსტიტუტი ევროპის უნივესიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს „გლობალიზაცია და ბიზნესი“, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიზნესის, ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინოვაციური და ტექნიკური პროცესების აქტუალურ საკითხებს.[18] ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა შემდეგ კონფერენციებს: „ევროპული ინტეგრაცია და საქართველო“[19](2016), „ცოდნის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში“[20] (2017), „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“ (2018,[21] 2020), „ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედების თანამედროვე გამოწვევები“ (2019), „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“ (2020).

მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი 2020 წელს დაარსდა „ს.ს. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე, რომელსაც პროფესორი ზაზა ავალიანი ხელმძღვანელობს. კვლევით ინსტიტუში 4 მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალს „Biomedical and Core Clinical Research Practice“.

აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმთან ერთად გამოცემს სამეცნიერო-კვლევით ჟურნალს „არქეოლოგია“.

უნივერსიტეტში შექნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც რექტორის წინაშეა პასუხისმგებელი და მიზნად ისახავს სამუზეუმო ექსპონატების მოძიებას. შეძენას, დაცვასა და შენახვას, რესტავრაციას, კონსერვაციას, გამოფენასა და პოპულარიზაციას.[1] უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია ბიბლიოთეკა, რომლის ფონდის კატალოგი ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში, Openbiblio, არის ასახული. ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის უფროსია ალექსანდრე ნონეშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტი 23 სახელმწიფოს 50 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.

ქვეყანა უნივერსიტეტი ქვეყანა უნივერსიტეტი
უკრაინის დროშა უკრაინა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ლატვიის დროშა ლატვია ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
რუმინეთის დროშა რუმინეთი იტალიის დროშა იტალია
ჩინეთის დროშა ჩინეთი ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
პორტუგალიის დროშა პორტუგალია
  • პორტოს ბიზნეს სკოლა
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი აშშ-ის დროშა აშშ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ავსტრიის დროშა ავსტრია
  • ბურგენლენდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
ხორვატიის დროშა ხორვატია
  • PAR საუნივერსიტეტო კოლეჯი
ისრაელის დროშა ისრაელი
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
  • კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
თურქეთის დროშა თურქეთი ბელარუსის დროშა ბელარუსი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი

საერთაშორისო ასოციაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორისაა:

  • ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია
  • ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (მედიცინის ფაკულტეტი)[22]
  • ევროპის სტომატოლოგიური განათლების ასოციაცია (მედიცინის ფაკულტეტი)[23]
  • პროგრამირების ასოციაცია[24]

საერთაშორისო პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს ევროპის უნივერსიტეტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების ორგზის გამარჯვებული გახდა. დაფინანსდა უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ჟან მონეს პროექტი „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში“ და მოდული „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დმეოკრატიზაციის ინსტრუმენტი“.

სტუდენტური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2016 წელს ჩამოყალიბდა. სტუდენტების ინიციატივით, 2015 წელს ქორეოგრაფიული ანსამბლი შეიქმნა. 2018 წელს ჩამოყალიბდა ფრენბურთის გოგონათა გუნდი, ხოლო 2019 წელს კალათბურთის გოგონათა გუნდი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შპს ევროპის უნივერსიტეტის დებულება. 2020. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  2. ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო. შპს ევროპის უნივერსიტეტის 2019 – 2025 წლების სტრატეგიიის დოკუმენტი. 3 იანვარი, 2019. ოქმი 1. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  3. European University Association. EUA Welcomes 19 new members. 15 November 2021. წვდომის თარიღი: 18 მარტი, 2021.
  4. Georgian News Agency. (28 აპრილი, 2022). „ევროპის უნივერსიტეტი“ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მფლობელი გახდა. ghn.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  5. ევროპის უნივერსიტეტი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორი გახდა. (2022). eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  6. European University Becomes Partner of Tbilisi-based Jo Ann Medical Centre. (April 29, 2022). Agenda.ge. Retrieved 15 May, 2022.]]
  7. ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სტატუსი მიიღო. (28 აპრილი, 2022). jandacva.ge. წვდომის თარიღი: 15 მაისი, 2022.
  8. შპს ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №55. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  9. შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №54. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  10. შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №53. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  11. შპს ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №56. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  12. შპს ევროპის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს დებულება. 12 მარტი, 2020. ბრძანება №57. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  13. სამართალი და მსოფლიო. სამართლის ინსტიტუტის პერიოდული გამოცემის ოფიციალური ვებგვერდი.
  14. 14.0 14.1 5 წელი ერთად. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2020. eu.edu.ge. გვ. 68-75. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  15. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2018 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2018. eu.edu.ge. გვ. 7. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  16. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2019 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2019. eu.edu.ge. გვ. 12. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  17. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2021 წლის ანგარიში. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 2019. eu.edu.ge. გვ. 6. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  18. გლობალიზაცია და ბიზნესი. ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი.
  19. საერთაშორისო სამეცნიერ-პრაქტიკული კონფერენცია: ევროპული ინტეგრაცია და საქართველო. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2016. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  20. ცოდნის ეკონომიკის აქტუალური პრობლემები გლობალიზაციის პირობებში. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2017. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  21. აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. ევროპის უნივერსიტეტი. თბილისი. 2018. eu.edu.ge. წვდომის თარიღი: 27 თებერვალი, 2022.
  22. The Asociation of Medical Schools in Europe. Members and Membership. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  23. Association for Dental Education in Europe. Members Directory: Georgia. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.
  24. Association for Computing Machinery. Participating Institutions. წვდომის თარიღი: 21 თებერვალი, 2022.