ანატოლი კალგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანატოლი კალგინი (რუს. Кальгин Анатолий Николаевич; დ. 20 აპრილი, 1875, ვლადიკავკაზი — გ. 20 მარტი, 1943, თბილისი) — რუსი ინჟინერი, არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი. არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა პიატიგორსკში. 1901-1905 წლებში ცხოვრობდა ბაქოში. 1905-1907 წლებში ასწავლიდა სტროგანოვის სასწავლებელში - მოსკოვში. 1907 წელს თბილისში გადმოვიდა.

მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით ექსპედიციებში. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან და მოყვარულ ფოტოგრაფ ედუარდ ლიოზენთან ერთად, მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში არტაანის, ოლთისიისა და ყაღიზმანის ოლქებში. მან გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, კინეპოსის ეკლესიები, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლის დიდი ტაძარი და სხვა. მთავარი იმ წელს გაზომილ ტაძართა შორის — ბანას ცნობილი ტაძარი იყო, მანამდის სქემატურად გაზომილი სიმონ კლდიაშვილის მიერ. ა. კალგინმა შეადგინა ბანას რეკონსტრუქციის საკუთარი ვარიანტიც.

1917 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან, ლადო გუდიაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან და ილია ზდანევიჩთან ერთად, მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში ტაო-კლარჯეთში.

1913-1916 წლებში მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკისთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის შენობის პროექტი შექმნა და განახორციელა. 1920 წლის 13 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „ძველი ხუროთ-მოძღვრების ძეგლების შეკეთება დაცვისთვის - 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რომელშიც გიორგი ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი და ანატოლ კალგინი შევიდნენ.

მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ, შემდეგ, კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, ასევე, მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები. 1920 წელს ეროვნული მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად ნ. სევეროვი და ანატოლი კალგინი მიიწვიეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა. 1922-1930 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1927 წელს ააგო ზემო ავჭალის ჰესი კ. ლეონტიევთან და მ. მაჭავარიანთან ერთად. 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ასწავლიდა.

გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 213.
  • ბერიძე ვ. „თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1017 წლები“, ტ. 2, თბ., 1963, გვ. 171