ევტიქი (ალექსანდრიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევტიქი ალექსანდრიელი (ბერძ. Πατριάρχης Ευτύχιος, არაბ. سعيد بن البطريق‎‎ — საიდ იბნ-ბატრიკ («პატრიკიოსის ძე»)) (დ. 10 სექტემბერი, 876 — გ. 11 მაისი, 940) — ალექსანდრიის პატრიარქი 933—940 წლებში. ავტორი სამედიცინო, საღვთისმტეყველო და ისტორიული თხზულებებისა. ევტიქის თხზულებები გამოცემულია Patrologia Graeca-ს 111-ე ტომში.

ევტიქი დაიბადა ქალაქ ფუსტატში, სახელი გაითქვა, როგორც ექიმმა და ისტორიკოსმა. წერდა არაბულ ენაზე. 933 წელს არჩეულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად, ცნობილია თავისი ბრძოლით კოპტი–იაკობიტების წინააღმდეგ.[1]

შემორჩენილია ევტიქის წიგნები მედიცინაში, ქრისტიანული მარხვების, აღდგომისა და დღესასწაულების შესახებ მსჯელობები, საუბარი ქრისტიანსა და ურწმუნოს შორის (ე. ი. მართლმადიდებელსა და იაკობიტებს შორის). ყველაზე მეტად ცნობილია მისი მოკლე საზოგადო ისტორია (სამყაროს შექმნიდან 937 წლამდე), რომელსაც იცნობენ სახელით – «ნაზმ-ალ-ჯავაჰირი». ეს ისტორიული ქრონიკა შეიცავს ბევრ ფასეულ ცნობას აღმოსავლეთის და, კერძოდ, ალექსანდრიის შესახებ.

ევტიქის დროს მოხდა საპატრიარქო ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია. ევტიქიმ მისცა ბიბლიოთეკას ის სახე, რომელიც მას დღეს აქვს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]