ანიანი (ალექსანდრიის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკოზ მახარებლის მიერ ანიაის მონათვლა, ტულიო ლომბარდოს რელიეფი, 1481

ანიანი (ბერძნ. Ανιανός; გ. 82/ 86) — ალექსანდრიის ეპისკოპოსი (68-82/86 წ.), მოციქულ მარკოზის მოწაფე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთადერთი წყარო, რომელიც მასზე მოგვითხრობს, აპოკრიფია. ევსები კესარიელი მის სახელს მხოლოდ მოიხსენიებს თავის „ეკლესიის ისტორიაში“[1].

გადმოცემით, ხელობით მეწაღე ანიანი ალექსანდრიაში იყო პირველი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. როდესაც მოციქულ მარკოზს ნავიდან გადმოუდგამს ნაბიჯი ალექსანდრიის გამომშრალ მიწაზე, სანდალი გაფუჭებია და შესაკეთებლად ანიანთან მიუტანია. სანდლის კეთების დროს მეწაღეს ხელში სადგისი შეერჭო და ტკივილისგან შეჰყვირა. ამის დანახვაზე მოციქულმა თიხითა და ნერწყვით ხელი შეუხვია. სასწაულებრივად ანიანის ხელი მომენტალურად შეხორცდა. სასწაულით გაოცებულმა მეწაღემ მოციქული შინ მიიპატიჟა, ხოლო ქადაგების მოსმენის შემდეგ კი მთელმა მისმა სახლეულმა ქრისტიანობა მიიღო[2].

ანიანმა ისეთი ღვთისმოსაობა გაომამჟღავნა, რომ წმინდა მარკოზმა ეპისკოპოსად დაასხა ხელი და თავის მემკვიდრედ დატოვა. მარკოზის წამებით აღსრულების შემდეგ (დაახლ. 62 წელი) ანიანი ალექსანდრიის ეკლესიას სათავეში უდგება და ინარჩუნებს ამ პოზიციას 17 წლის განმავლობაში. მთელ ამ პერიოდში ქრისტიანთა რაოდენობა იზრდება ალექსანდრიაში და ანიანიც მრავალ მღვდელმსახურსა და დიაკვანს აკურთხებს ეკლესიის გაზრდილი მრევლის საჭიროებიდან გამომდინარე.

სავარაუდებელია, რომ ანიანი გარდაიცვალა 82 და 86 წლებს შორის. მისი მემკვიდრე ეპისკოპოსის კათედრაზე გახდა ავილი. ანიანის წმინდა ნაწილები ინახება ვენეციაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eusebius, Church History http://www.newadvent.org/fathers/2501.htm
  2. Аниан // Православная энциклопедия