ძევერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძევერის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის ცენტრში და თარიღდება IX-X საუკუნეებით. მოგვიანებით შეუკეთებიათ: აუმაღლებიათ იატაკი, ლავგარდნისათვის დაუმატებიათ აგურის რამდენიმე რიგი.

ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,2 მ), ნაგებია მომცრო რიყის ქვით, კუთხეები, სარკმლები, შესასვლელები, პილასტრები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი - ღვინისფერი ტუფის მოზრდილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ორივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით განიერი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია ერთი საფეხურით. ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტერით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთის კედელთან გამოყოფილია კუთხის პილასტრები. პილასტრები და აფსიდის მხრები დამთავრებულია თარო-იმპოსტით, რომელსაც ეყრდნობა ნატეხი ქვით გამოყვანილი კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის თავსართი შედგენილია ქვაში ჩაკეტილი გადანაკეცის მქონე ორი წვრილი ხაზისგან. თავსართის თაღის წვეროში ჩასმულ მედალიონში ამოკვეთილია ტოლმკლავებიანი ჯვარი. მის ორივე მხარეს როზეტებიანი მედალიონებია. სამხრეთ ფასადის ორივე სარკმლის თავსართზე გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვრები. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით (შემორჩენილია გრძივ კედლებზე). სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით. სახურავზე, დასავლეთით დაშენებულია აგურის ოთხთაღიანი სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.